ამბები

15:32 | 19.12.2011 | ნანახია 1745 - ჯერ

“ორიაკი” ქართველებით იგებს, “პერიგო” ისევ ვერა

საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში, ორი ისეთი გუნდია, სადაც სამ-სამი ქართველი ლეგიონერი რეგულარულად თამაშობს. XIV ტურში მათგან ხუთმა ითამაშა, ერთმა გამარჯვება მოიპოვა, მეორე კი, ქართულ დერბიში დამარცხდა.
ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის “ორიაკი” ლიგაში დარჩენისთვის უშუალო კონკურენტ “ბეზიეს” მასპინძლობდა და დაძაბულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, პირველხაზელები ასეიშვილი და ნაცარაშვილი მწვრთნელმა შესვენების შემდეგ შეცვალა, მეორეხაზელმა დათუნაშვილმა კი, სრულად ითამაშა.
“ბეზიე” 25-ე წუთზე გატანილი ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ სამ წუთში მასპინძლებმაც დაიწყეს ქულების დაგროვება და შესვენებამდე ჯერ სამი ჯარიმა გაიტანეს, ხოლო ბოლოს ლელო-გარდასახვა მიითვალეს და ტაიმი 16:3 მოიგეს. მეორე ნახევრის საწყის ათ წუთში სტუმრებმა ჯარიმით, ლელოთი და გარდასახვით სხვაობა სამ ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხეს, “ორიაკმა” კი, 56-ე წუთზე გატანილი ჯარიმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 19:13. ახლა ქართული სამეულის გუნდს 26 ქულა აქვს, მე-13 ადგილზეა და გასავარდნ ზონას (XV-XVI ადგილები) მთელი 9 ქულითა დაცილებული.
ჯგუფის აუტსაიდერი, თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის “პერიგო” მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბს” მასპინძლობდა. “პერიგო” სეზონში თავის მესამე გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ არ გაუმართლა, მინიმალური სხვაობით დამარცხდა, მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა და 14 ქულით მე-16 ადგილზეა. მასპინძლები 10 წუთის შემდეგ 6:0-ს იგებდნენ, მაგრამ შესვენებამდე ორი ჯარიმა მიიღეს - 6:6.
მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ჯერ “პერიგო” დაწინაურდა ჯარიმით, მერე სტუმრებმა ლელო გაიტანეს, რეალიზაცია გამოიყენეს და არეკნით 55-ე წუთზე 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. ათ წუთში “პერიგომ” სამი ჯარიმა გამოიყენა და ახლა ის დაწინაურდა ორი ქულით, მაგრამ ორიოდე წუთში ჯარიმა გაუშვა და კვლავ მდევრის როლში აღმოჩნდა. მასპინძლებმა ჯარიმითვე უპირატესობა 72-ე წუთზე დაიბრუნეს და სამ წუთში რეფერიმ მოწინააღმდეგის მორაგბე წითელი ბარათით გააძევა, მაგრამ მასპინძლებმა ვერ გაძლეს, ბოლო წუთზე “ტარბმა” ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო, დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა და სტუმრებმა 22:21 მოიგეს.
ახლა “ტარბს” 34 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა. რაც შეეხება მატჩის მონაწილე ქართველ ლეგიონერებს, “პერიგოს” ძირითად შემადგენლობაში იყო პირველხაზელი დადუნაშვილი, თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო ასევე პირველხაზელი მარგველაშვილი, რომელიც დასისხლიანების გამო 54-ედან 59-ე წუთამდე შეცვლილი იყო, ხოლო ზიბზიბაძე ტრავმირებულია და განაცხადში ვერ მოხვდა. “ტარბის” ძირითად შემადგენლობაში იყო და 44 წუთი ითამაშა მაგრაქველიძემ, მირცხულავა კი, განაცხადში ვერ მოხვდა.
Pრო D2-ს კვლავ გიორგი მენაბდიშვილის “გრენობლი” ლიდერობს, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში უახლოესი მდევარი “დაქსი” 18:16 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არც ამჯერად იყო, მის გუნდს კი, 47 ქულა აქვს და მდევარს 5 ქულით უსწრებს. “უაიონასთან” სტუმრად 0:26 შერცხვა დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის “პო” - განაცხადში არც ამ გუნდის ქართველები იყვნენ. “პოს” 38 ქულა აქვს, მე-4 ადგილზეა და Top 14-ის საგზურისთვის იბრძვის. კახა კობერიძის გარეშე სძლია “ალბიმ” “ბურგონს” - 41:17 და 36 ქულით მე-8 ადგილზეა. აღზევების იმედი ჯერ არც ამ გუნდს დაუკარგავს.
ახლა Pro D2-ში საშობაო შესვენებაა და გათამაშება ნაახალწლევს, 7 იანვარს განახლდება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078419