საფრანგეთის მორაგბეთა რანგით მესამე, ნახევრადპროფესიულ ლიგა “ფედერალ 1”-ში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატთა უმრავლესობა თამაშობს, IX ტურის მატჩებში ორმა ქართველმა ლეგიონერმა, შოთა საყვარელიძემ და ირაკლი მაჩხანელმა ლელოები დადეს, მერაბ კვირიკაშვილმა კი, ოთხი ჯარიმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ აგერ უკვე მესამე თამაშია, ფლანგელი მაჩხანელი მოედანს ულელოოდ არ ტოვებს.
“ფედერალ 1” ოთხ რეგიონალურ დივიზიონადაა დაყოფილი. თითოეულ ჯგუფში ათი გუნდი თამაშობს და მათგან ოთხ-ოთხი საუკეთესო, Pro D2-ში აღზევებისთვის ბრძოლას ფლეი ოფებში აგრძელებს, ორი ფინალისტი კი, ქვეყნის რანგით მეორე დივიზიონში თამაშის უფლებას იღებს. ისიც უნდა ითქვას, რომ უამინდობის გამო, “ფედერალ 1”-ის რამდენიმე შეხვედრა გადაიდო და ყველა ქართველ თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია.
პირველი ჯგუფის ლიდერმა, დავით ბოლღაშვილის “ლილმა”, უახლოეს მდევარს, შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას და არჩილ კობაურის “მასის” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 6:3 იმარჯვა. გუნდებმა მატჩის მე-10 წუთამდე გაცვალეს ჯარიმები, მასპინძლებმა კი, გამარჯვების მომტანი ჯარიმა 61-ე წუთზე გაიტანეს. მათ რიგებში ბოლღაშვილს არ უთამაშია. განაცხადში არ იყო კობაურიც, აშვეთია და სუთიაშვილი კი, ძირითად შემადგენლობაში მოხვდნენ. მესამეხაზელი სუთიაშვილი მწვრთნელმა 50-ე, ხოლო პირველხაზელი აშვეთია მე-60 წუთზე შეცვალა. “ლილს” 37 ქულა აქვს, “მასი” კი, 29 ქულით მეორე პოზიციას ინარჩუნებს.
გიორგი მჭედლიშვილის “დიჟონმა”, საკუთარ მოედანზე “სტრასბურგს” 31:13 სძლია. პირველი ნახევარი სტუმრებმა 10:7 მოიგეს, 46-ე წუთისთვის კი, “დიჟონი” სულ რაღაც ქულით, 14:13 იგებდა. მასპინძლებმა ამის მერე მოიპოვეს გადამწყვეტი უპირატესობა, ქართველი ლეგიონერი კი, თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო. “დიჟონს” 23 ქულა დაუგრიოვდა და მეექვსეა.
ავთანდილ კოპალიანისა და შოთა საყვარელიძის “ორლეანმა”, უქულო და უიმედო აუტსაიდერი, რევაზ გიგაურის, დიმიტრი ხოჭოლავას და ნიკოლოზ გიორგაძის “ბულონი” 55:3 გაანადგურა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში ორივე ქართველმა ითამაშა, კოპალიანი მწვრთნელმა პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა, ხოლო მესამეხაზელი საყვარელიძე 54-ე წუთზე, თუმცა, მანამდე, 23-ე წუთზე, მან გუნდის მე-3 ლელო გაიტანა და გუნდი 15:0 დააწინაურა. სულ “ორლეანმა” 9 ლელო გაიტანა და 13 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა. “ბულონის” ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა გიგაურმა, გიორგაძემ 30-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელი შეცვალა, ხოლო ხოჭოლავა განაცხადში არ იყო.
მესამეადგილოსანს, ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დადუნაშვილის “მონლუსონს”, შოთა მელიქიძის “მაკონისთვის” უნდა ემასპინძლა, რომელიც მე-5 ადგილზეა, მაგრამ ეს შეხვედრა უამინდობის გამო გადაიდო.
ფედერალ 1-ის II ჯგუფში ყველა შეხვედრა გაიმართა და ირაკლი მაჩხანელმა ამჯერად ლელო ირაკლი ნინიძის “რომანს” გაუტანა, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მასპინძელმა “სენტ ეტიენმა” ტაიმი 8:20 დათმეს, საათის თავზე უკვე 8:30 აგებდნენ და 66-ე წუთზე მაჩხანელმა ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ მისი გუნდი 20:33 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერები ძირითაDშემადგენლობაში იყვნენ და მაჩხანელმა სრულად ითამაშა, ნინიძე კი, შესვენებისას შეცვალეს. ამ მოგების შემდეგ, “რომანმა” 19 ქულა დააგროვა, “სენტ ეტიენს” გადაასწრო და მე-6 ადგილზეა, მას მხოლოდ ქულით ჩამორჩება მაჩხანელის გუნდი.
ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა დავით კაჭარავას და ნიკოლოზ მაღალდაძის “ნიცამ” და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუმჯობესა. ამჯერად ნიცელებმა “პოკენს” 14 ლელო გაუტანეს და 94:0 გაანადგურეს, მაგრამ ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ. “ნიცას” უკვე 16 ქულა აქვს და მე-8 საფეხურამდე აღზევდა.
გია ლაბაძის, ვახტანგ მაისურაძის და რევაზ ბელქანიას “ლა სეინიმ”, სტუმრად 9:19 წააგო “კასტანესთან”. მეორეხაზელი მაისურაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, ძირითადში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს მესამეხაზელი ლაბაძე, ხოლო პირველხაზელი ბელქანია თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო და 77-ე წუთზე გაასინბინეს. “ლე სეინი” 26 ქულით მე-3 ადგილზე დარჩა.
გიორგი კუთარაშვილის “შატორენარმა”, საკუთარ მოედანზე 26:8 სძლია თენგიზ გელანტიას “ნიმს”. გელანტია ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კუთარაშვილი თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო. “შატორენარი” 21 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო “ნიმი” 11 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილს იკავებს.
III ჯგუფში, მერაბ კვირიკაშვილის გარჯამ ვერც ამჯერად უშველა “სენ ჟუნიენს”. საქართველოს ნაკრების დამრტყმელმა, წინა შეხვედრის მსგავსად ახლაც ოთხი ჯარიმა გაიტანა, მაგრამ მისი, გიორგი ჩხაიძის და გიორგი ოზგებაშვილის გუნდი, საკუთარ მოედანზე “ვანთან” 12:16 დამარცხდა. “სენ ჟუნიენს” 14 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.
IV ჯგუფში, დიმა ბასილაიას და გიორგი ნემსაძის “ვალანს დაჟენს”, სტუმრად უნდა ეთამაშა “მოლეონთან”, მაგრამ ეს შეხვედრა გადაიდო. ჩვენებურთა გუნდი 24 ქულით მეოთხე ადგილზეა. ახლა ფედერალ 1-ში საშობაო არდადეგებია და ჩემპიონატი 15 იანვრიდან განახლდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია