საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში, რეგულარული პირველობის პირველი წრე მიილია. ქართველი ლეგიონერების შვიდი გუნდიდან, საუკეთესო ექვსეულში ჯერ მხოლოდ სამია, თუმცა, იქ მოხვედრის არცთუ ურიგო შანსი ორ გუნდს კიდევ გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ რეგლამენტის თანახმად, რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფში მოწინავე ექვსეული აგრძელებს. საწყის ეტაპზე პირველ-მეორეადგილოსნები ისვენებენ, მე-3 მე-6-ს, ხოლო მე-4 მე-5-ს ერთმატჩიან დუელში მასპინძლობს. ნახევარფინალში მასპინძლობის უფლება უკვე რეგულარული პირველობის პირველ-მეორე ადგილებზე გასულ, დასვენებულ გუნდებს ეძლევათ. ნახევარფინალიც ერთმატჩიანია და იქ გამარჯვებული გუნდები ჩემპიონს ფინალში გამოავლენენ. ამრიგად, რეგულარული პირველობის მეექვსე ადგილზე გასულ გუნდსაც კი, ჩემპიონობის შანსი რჩება, თუმცა, ყველა ადგილს თავისი პლუსი აქვს და ბრძოლაც ბოლო ტურამდე გრძელდება.
ქართველ ლეგიონერთა გუნდებიდან, ამ ეტაპისთვის ყველაზე კარგი მდგომარეობა დავით ზირაქაშვილის “კლერმონს” აქვს. XIII ტურში ის სტუმრად დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის “ბრივს” დაუპირისპირდა. შეხვედრას 13323 მაყურებელი დაესწრო და დაძაბული ბრძოლა სტუმართა გამარჯვებით - 9:6 დასრულდა. გუნდებმა ქულები მხოლოდ ჯარიმებით აგროვეს. მე-12 წუთისთვის “კლერმონი” 6:0-ს იგებდა, ტაიმის შუაწელს “ბრივმა” ერთი ჯარიმით უპასუხა, მეორე ნახევარში სტუმრებმა უპირატესობა კვლავ ექვს ქულამდე გაზარდეს, მასპინძლებმა თავისი მეორე ჯარიმა მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გაიტანეს და წლევანდელი წეს-ჩვეულების მსგავსად, ამჯერადაც მცირე სხვაობით მარცხისთვის მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ.
“კლერმონის” განაცხადში არ ყოფილა ზირაქაშვილი, რომელმაც ორი კვირის წინ ხელი მოიტეხა და მინიმუმ ორი თვით დასვენება მოუწევს. “ბრივის” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ კაკოვინი და ნატრიაშვილი. პირველი 58-ე წუთზე ხინჩაგიშვილმა შეცვალა, ხოლო მეორემ 72-ე წუთამდე ითამაშა. “კლერმონი” 44 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ “ტულუზას” 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო “ბრივს” 23 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილის მე-10 საფეხურზეა და ექვსეულის ბოლო ადგილს 11 ქულა აშორებს.
39 ქულით მე-3 ადგილზეა დავით ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონი”, რომელმაც გურამ კავთიძის და ტარიელ რატიანიძის “ლიონი” 20:15 დაამარცხა. ორივე გუნდის განაცხადში თითო ქართველი მოხვდა და ორივე - ქუბრიაშვილი და კავთიძე - თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო. ლიონელები უდისციპლინობის გამო დაისაჯნენ. მათმა სამმა მორაგბემ 10-10 წუთი სინბინში გაატარა, თუმცა, ერთხელ, 54-ე წუთზე, მასპინძელთა მორაგბეც გააძევეს.
პირველ ტაიმში მასპინძელთა სამ ჯარიმას სტუმრებმა ორით უპასუხეს. განახლდა თუ არა შეხვედრა, “ლიონმა” ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 47-ე წუთზე ლელო გაუშვა. დარჩენილ დროში სტუმრებმა ორჯერ შეამცირეს ჩამორჩენა ორ ქულამდე, მაგრამ “ტულონმა” ორჯერვე მოახერხა საპასუხო ჯარიმის გატანა. “ლიონმა” შვიდ ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხისთვის ერთი პრემიალური ქულა მიიღო და 18 ქულით ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა.
მე-4 ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი”, რომელიც “ბაიონს” სტუმრად დაუზავდა - 16:16. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 68 წუთი ითამაშა პირველხაზელმა ფეიქრიშვილმა. მე-14 წუთისთვის “კასტრი” ჯარიმით, ლელოთი და გარდასახვით 10:0-ს იგებდა, მერე ორი ჯარიმა გაუშვა, ზედ შესვენებამდე, ერთი ჯარიმა თავადაც გაიტანა და ტაიმი 13:6 მოიგო. 57-ედან 61-ე წუთამდე, სტუმრებმა ლელო, გარდასახვა და ჯარიმა თავად მიიღეს და მდევრის როლში აღმოჩნდნენ, წონასწორობა კი, 71-ე წუთზე აღდგა. “კასტრს” 34 ქულა აქვს და მდევარს მხოლოდ ქულით უსწრებს.
ექვსეულში ადგილი დაკარგა ბექა შეყლაშვილის “აჟენმა”, რომელმაც მატჩი უშუალო კონკურენტ “რასინგ მეტროსთან” 8:26 წააგო და თავისი ადგილიც მეტოქეს დაუთმო. ქართველი პირველხაზელი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო. მისი გუნდი 27-ე წუთისთვის უკვე 0:19-ს აგებდა, ხოლო ტაიმი 3:19 დათმო. ანგარიში 67-ე წუთზე შეიცვალა, როდესაც მასპინძლებმა ლელო-გარდასახვა გაიტანეს, მაგრამ ბოლო წუთზე თავისი წილი ლელო “აჟენმაც” მიითვალა. მას ახლა 32 ქულით მე-7 ადგილი უკავია და ორი ქულით ჩამორჩება “რასინგ მეტროსა” და “სტად ფრანსეს”.
Top 14-ში ზედიზედ სამი მოგების და მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, მარცხი განიცადა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის “მონპელიემ”. შარშანდელი ფინალის გამეორების საყურებლად, ტრიბუნაზე 14 ათასი მაყურებელი შეიკრიბა და... სტუმართა აშკარა უპირატესობა იხილა. ეს უპირატესობა განსაკუთრებით საწყის წუთებში იგრძნობოდა და “ტულუზამ” ტაიმი 26:6 მოიგო. ბევრს ეცადა “მონპელიე” და სამის წილ, სამი საპასუხო ლელოც გაიტანა, მაგრამ ბოგზის ფეხს ვერაფერი მოუხერხა. მან 3 არეკნი და 5 ჯარიმა მიითვალა, ზედ ორი გარდასახვაც დააყოლა და ჩემპიონმა სტუმრად 45:25 იმარჯვა.
მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მე-14 წუთზე ის კლერს წაეჩხუბა და რეფერიმ ორივე მორაგბე გაასინბინა. მოედანზე 52-ე წუთზე გამოჩნდა გიროგი ჟღენტი. განაცხადში იყო და შეცვლაზე ითამაშა ნარიაშვილმა. “მონპელიეს” 27 ქულა აქვს, მე-8 ადგილზეა და საპლეიოფო ექვსეულს 7 ქულით ჩამორჩება. Top 14-ის მომდევნო ტურის შეხვედრები 30-31 დეკემბერსაა დანიშნული.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 47 (13 თამაში), 2. კლერმონი - 44 (13 თ.), 3. ტულონი - 39 (13 თ.), 4. კასტრი - 35 (13 თ.), 5. სტად ფრანსე - 34 (13 თ.), 6. რასინგ მეტრო - 33 (13 თ.), 7. აჟენი - 32 (13 თ.), 8. მონპელიე - 27 (13 თ.), 9. პერპინიანი - 25 (13 თ.), 10. ბრივი - 23 (13 თ.), 11. ბაიონი - 22 (13 თ.), 12. ბორდო - 21 (12 თ.), 13. ლიონი - 18 (12 თ.), 14. ბიარიცი - 15 (13 თ.).
მომდევნო ტური: ტულუზა - ბაიონი, მონპელიე - რასინგ მეტრო, კასტრი - პერპინიანი, ბორდო - სტად ფრანსე, ლიონი - კლერმონი, აჟენი - ბრივი, ბიარიცი - ტულონი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია