ამბები

13:27 | 25.12.2011 | ნანახია 2276 - ჯერ

მიშალაკი ქართველთა თანაგუნდელი ხდება

დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძეს თანაგუნდელი, მიმდინარე წლის ზაფხულში საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ცხრა და ათ ნომრებზე მოთამაშე ფრედერიკ მიშალაკი გახდება.
სწორედ ამ სასიამოვნო ინფორმაციით მიულოცა “ტულონის” გულშემატკივრებს შობა კლუბის პრეზიდენტმა, მურად ბურჯელალმა.
29 წლის მიშალაკმა, რომელმაც კარიერის უდიდესი ნაწილი “ტულუზაში” გაატარა, ამჟამად კი, სამხრეთაფრიკულ “შარქსის” ღირსებას იცავს, განაცხადა, რომ 2015 წლის მსოფლიოს თასზე თამაში სურს და საამისოდ, მუდმივად უნდა იყოს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ფილიპ სენტ-ანდრეს თვალთახედვის არეში. ის ნახევარდაცვის უნივერსალია, როგორც ცხრა, ასევე, ათ ნომერზე შეუძლია თამაში და ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 54 ტესტში, გუნდს 252 ქულა შესძინა.
“ჯერჯერობით, ხელი არაფერზე მოგვიწერია, მაგრამ ზეპირ შეთანხმებას მივაღწიეთ და მიშალაკი ჩვენთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მას ხიბლავს უილკინსონთან და გიტოსთან ერთად თამაშის შესაძლებლობა. ვფიქრობ, ზაფხულიდან ის “ტულონის” მორაგბე გახდება”, - თქვა ბურჯელალმა.
რადგან მიშალაკს სამხრეთაფრიკელებთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, ის მიმდინარე სეზონში ტულონელებს ვერ დაეხმარება და კლუბის პრეზიდენტის განცხადებით, სამწლიანი კონტრაქტი მოქმედებას 2012 წლის 1 ივლისიდან დაიწყებს.
ამ სიახლით გახარებულია საფრანგეთის ნაკრების ყოფილი და “ტულონის” ამჟამინდელი თავკაცი, ბერნარდ ლაპორტი: “ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა. ჩვენ მიშალაკთან მოლაპარაკებას დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვაწარმოებდით. მას ჩვენი ნახევარდაცვის გაძლიერება შეუძლია. მისი ასაკი და გამოცდილება წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება”.
შეთანხმებაში იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მიშალაკს კონტრაქტის კიდევ 2 წლით გახანგრძლივება შეეძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შესაძლოა ამ გუნდში 2016 წლამდე დარჩეს.

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081057