ამბები

16:54 | 28.12.2011 | ნანახია 6287 - ჯერ

გია ლაბაძე: “თავიდანვე მხოლოდ იმისთვის ვემზადებოდით, რომ დიდი ანგარიშით არ წაგვეგო”

ყველა სპორტსმენის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა მძიმე გადაწყვეტილების მიღება უწევს. დროს თავისი მიაქვს და ასაკის მატებასთან ერთად, ის იძულებული ხდება, საყვარელ საქმიანობას თავი დაანებოს და მოედანს დაემშვიდობოს.
ასე მოხდა საქართველოს ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილი მესამეხაზელის, 38 წლის გია ლაბაძის შემთხვევაში. ალბათ, მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, მას ნებისმიერ სიტუაციაში მოუწევდა ამის გაკეთება, თუმცა, ახალ ზელანდიაში წამსვლელთა სიაში ვერმოხვედრის გამო, ახლა გულნატკენია. მართალია, ის რაგბის ჯერ კიდევ თამაშობს - ფედერალ 1-ის “ლა სეინში”, მაგრამ ძველი შემართებით ვეღარ ვარჯიშობს. მანამდე კი, ლაბაძემ თავისი თაობის სხვა მორაგბეებთან ერთად, მთელი ეპოქა შექმნა, დამოუკიდებელი ქართული რაგბის ეპოქა, რომელსაც მათი მიმდევრები ღირსეულად აგრძელებენ.
2011 წელს, მსოფლიო თასზე ვერმოხვედრის გარდა, მას კიდევ ერთი გულისტკივილი ელოდა. დაახლოებით თვენახევრის წინ, გიას მამა, სულიკო ლაბაძე გარდაიცვალა და “მსოფლიო სპორტი” გულწრფელად იზიარებს ლაბაძეების ოჯახის მწუხარებას.
ფედერალ 1-ში ახლა საშობაო შესვენებაა და ლაბაძეც ახალ წელს თბილისში, ოჯახთან ერთად შეხვდება. მისი სახლის ჭიშკარს რომ შეხედავ, უცებ მიხვდები, იქ რაგბიზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი რომ ცხოვრობს. შესასვლელ კარზე გამოსახულია ოთხი “ბორჯღალი” და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. გიას სპორტული ოჯახი აქვს. თავად სამწვრთნელო კურსებს გადის და რაგბის გარეშე დარჩენას არ აპირებს. მისი 8 წლის ქალიშვილი ცურვასა და ჩოგბურთზე დადის. 7 წლის ვაჟი მამის კვალს მისდევს და ცურვასთან და ძიუდოსთან ერთად, საფრანგეთში სარაგბო ოსტატობას ხვეწს.
ჩვენთან საუბარში გია ლაბაძემ ის დიდი გზა გაიხსენა, რომელიც დაახლოებით 20-წლიან სარაგბო ცხოვრებას მოიცავს, თუმცა, მანამდე საახალწლო გეგმებზე დავეკითხეთ.
- რა განწყობით ელოდება გია ლაბაძე ახალ წელს?
- საახალწლოდ, უწინარესად, ჩემს მეუღლეს ველოდები. ის ახლა საფრანგეთშია, 30 დეკემბერს დაამთავრებს სამსახურს, იმავე საღამოს თბილისში გამოფრინდება და აეროპორტში დავხვდები. ახალ წელს ერთად შევხვდებით. წლეულსაც გვსურდა, ახალ წელს წყნეთში შევხვედროდით, მაგრამ, ალბათ, არ გამოგვივა და ყველანი ერთად თბილისში შევიკრიბებით. სამწუხაროდ, ამჯერად, მამაჩემი სულიკო, ჩვენთან არ იქნება, მაგრამ დედაჩემი, ჩემი მეუღლის მშობლები, ჩვენ და ბავშვები ერთად ვიქნებით.
- თქვენ ახლა 38 წლის ხართ. კარიერა დასასრულისკენ მიდის. გია ლაბაძემ ქართულ რაგბიში დიდი კვალი დატოვა. როგორ იწყებოდა ეს ყველაფერი?
- 38 წლამდე დიდი გზაა, მაგრამ ჩემთვის ამ პერიოდმა ძალიან მალე გაიარა. მეგონა, ყველაფერი გუშინ იყო, მაგრამ უკვე ამდენი დრო გავიდა და ჩემი პროფესიული რაგბიც დამთავრდა. დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო ჩემი საკლუბო კარიერის დაღმასვლა, თუმცა, ვფიქრობდი, რომ ნაკრებისთვის კიდევ შემეძლო ხეირის მოტანა. კლუბურ სისტემას ორი წლის წინათ, “ტულონიდან” წასვლის შემდეგ დავემშვიდობე...
ეს ყველაფერი ძალიან ადრე დაიწყო. 13-14 წლამდე ფეხბურთს ვთამაშობდი, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მერე ვიგრძენი, რომ ჩემი არ იყო ეს სპორტი. სხვათა შორის, ფეხბურთიდან დღემდე შემომრჩნენ მეგობრები, ერთ-ერთმა, გია ჭანტურიამ (მეკარე), დიდი ფეხბურთი ითამაშა, მეორე იყო გია მაზანაშვილი. მერე ჩემს ოჯახში გამოჩნდა ახალი ადამიანი, ჩემი სიძე და მან წამიყვანა რაგბიზე. პირველი ვარჯიში ჩატარდა ფიზკულტურის ინსტიტუტის დარბაზში. მივედით “ბურძგლასთან” - გურამ მოდებაძესთან, რომელიც უფროსებს ავარჯიშებდა და მან გადაგვამისამართა ბათუ კევლიშვილთან “ლელოში”.
მეორე დღეს, მივედი ვარჯიშზე იმავე დარბაზში და ველოდი, რომ რაღაც პრობლემები, უსიამოვნებები მექნებოდა, როგორც ახალს, მაგრამ, ბიჭები მეგობრულად შემომეხვივნენ და გამეცნენ. პირველი მოვიდა უჩა ნარიმანიძე, გამომიწოდა ხელი და გამეცნო, მას მოყვნენ დანარჩენები და კარგად ვიგრძენი თავი. აი, აქედან დაიწყო ჩემი სარაგბო ცხოვრება.
- მანამდე თუ გქონდათ წარმოდგენა, როგორი “სასტიკი” სპორტი იყო რაგბი?
- სხვათა შორის, ბავშვობაში, როდესაც ჯერ კიდევ ფეხბურთს ვთამაშობდი, რატომღაც, ყოველთვის აჩვენებდნენ ინგლისისა და საფრანგეთის სარაგბო ნაკრებების თამაშს. მაშინ დერეფანშიც კი, ბურთი სულ სხვანაირად შეყავდათ, მაგრამ მე ვიჯექი და 5-10 წუთს კი არა, მთელ თამაშს თავიდან ბოლომდე ვუყურებდი. ბევრი რამ არ მესმოდა, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვუყურებდი. მერე, როცა მეც დავიწყე რაგბიზე სიარული, მთელი გუნდი, ვისაც რამდენი შეგვეძლო, ვაგროვებდით ფულს კაპიკ-კაპიკ და ერთად ვჭამდით ხინკალს. მეორე დღესაც მთელი გუნდი ერთად წავედით საჭმელად, მესიამოვნა ეს სიტუაცია და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ჩემი იყო. თავი შინაურულად ვიგრძენი და შემიყვარდა რაგბი, ისე, როგორც უყვარდება ყველას, ვინც სპორტის ამ სახეობას ეზიარება. ასე აგორდა ეს ყველაფერი.
- მერე იყო საბჭოთა კავშირის ნაკრები...
- ბათუ კევლიშვილის ხელშეწყობით, მივიღე საბჭოთა კავშირის ასაკობრივ ნაკრებში მიწვევა. მანამდე, 3-4 წელი თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი, ვთამაშობდი. პირველი შეკრება იყო მოსკოვში. პირველ შეკრებაზე 15-მდე ქართველი ვიყავით, მერე ეს რიცხვი ათამდე შემცირდა, გვქონდა შეკრება სოხუმთან ახლოს, ეშერაში და საბოლოოდ ნაკრებში დავრჩით მე, ნიკა იურინი და ზურა კიკაჩეიშვილი. ერთი-ორი წლით უფროსების ნაკრებში მოვხვდი და ეს უკვე ბევრს ნიშნავდა. მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა ტულუზაში, სადაც პლანეტის ელიტარული სარაგბო ნაკრებების ჩემპიონატი ჩატარდა. მოვუგეთ რუმინეთს, იტალიას, წავაგეთ პლეი ოფში არგენტინასთან, რომელიც იმ წელს ჩემპიონი გახდა. ზოგ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ვიყავი, ზოგჯერ შეცვლაზე ვითამაშე და უდიდესი გამოცდილება მივიღე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დიდი საქმე გამიკეთა თემურ ბენდიაშვილმა, რომელმაც ახლანდელ “ლოკომოტივში” და მაშინდელ “ელმავალში” ამიყვანა და მოვასწარი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თამაში. მერე დავბრუნდი “ლელოში”, კევლიშვილს მაშინ უკვე დიდი გეგმები ჰქონდა, პირველი ლიგიდან ავედით უმაღლესში, მაგრამ ამის შემდეგ მალევე წავედი რუსეთში.
- რუსეთში წარმატებული კარიერა გქონდათ?
- როდესაც რუსეთში ჩავედი, რაგბის თამაშს არც ვაპირებდი, სულ სხვა გეგმები მქონდა. რაღაც პერიოდის შემდეგ, დავეკონტაქტე ჩემს ყოფილ მწვრთნელს და ვთხოვე, ჩემთვის რეკომენდაცია გაეწია მოსკოვის “ფილიში”. იქ კი დავიწყე ვარჯიში, მაგრამ რაღაც სიტუაციების გამო, პროფესიულ კონტრაქტს ვერ მიფორმებდნენ. ვვარჯიშობდი, მაგრამ ხელფასი არ მქონდა, არადა, ფინანსურად ძალიან მიჭირდა. ამასობაში თამაშმა მოგვიწია - “სლავასთან”, რომელთანაც “ფილის” მუდამ განსაკუთრებული კონკურენცია ჰქონდა. სადღაც ერთთვიანი ვარჯიშის შემდეგ, მწვრთნელმა მითხრა, რომ ვიღაც მორაგბე გვაკლდებოდა და მე შეცვლაზე უნდა ვყოფილიყავი. გახარებული მივდიოდი სტადიოზე, განაცხადში ვიყავი, მაგრამ მოსკოვში, მეტროში დავიბენი და სტადიონამდე დროულად ვერ მივაღწიე. ბოლოს, უკანასკნელი კაპიკები ამივჩხრიკე და ადგილამდე ტაქსით მივედი. გასახდელში მწვრთნელი დამხვდა და მითხრა, სად ხარ აქამდეო. როცა სიტუაციის ახსნა დავიწყე, დაამატა, დროზე გამოიცვალე, ჩვენი მესამე ხაზი არ მოვიდა და ძირითადში უნდა იყოო. ჩემს შანსს გამოვეკიდე და ყველაფერი ისე აეწყო, სათადარიგოთა სკამზე კი არა, უკვე ძირითად შემადგენლობაში მოვხვდი. არც მახსოვს, როგორ გამოვიცვალე ტანისამოსი. ბიჭებმაც ცერად შემომხედეს, არ მიცნობდნენ, პირველი თამაში უნდა ვითამაშო და თანაც დავაგვიანე, მაგრამ დაიწყო მატჩი და ძელებს შორის ლელო გავიტანე. ყველა ჩამეხუტა, კაპიტანმა მეგობრულად თავში ხელი წამომარტყა, სადებიუტო, უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ლელო გავიტანე, თანაც სისწრაფის ხარჯზე ლამის ცენტრიდან ვირბინე. კაპიტანი რომანოვი იყო გვარად. მეორე ტაიმში კიდევ ერთი ლელო გავიტანე და სულ გაგიჟდა ჩვენი გუნდის კაპიტანი, ხელში ამიყვანა და ასე დამატარებდა. მოკლედ, ამ ჩემი ლელოებით დერბი მოვიგეთ და მეორე დღეს მწვრთნელი დამელაპარაკა, დარჩი ჩვენთანო.
შეთავაზებას დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, ვარჯიშებს და თამაშებს არ ვაცდენდი, მაგრამ რადგან თავიდანვე მითხრეს, უკონტრაქტოდ, ანუ უხელფასოდ ვთამაშობდი და ეს მაინცდამაინც არ მსიამოვნებდა. მოსკოვში საარსებოდ ფული მჭირდებოდა. ერთ დღესაც მწვრთნელმა დამიძახა, ადი ბუღალტერთან ხელფასებიაო და 250 დოლარი ავიღე, რაც მაშინ, განსაკუთრებით ჩემთვის, დიდი ფული იყო. მერე გადავედი “პენზაში”. ამ პერიოდში ნიკა იურინი უკვე ნაკრების წევრი იყო, რომლის მწვრთნელი გურამ მოდებაძეც ჩემზე დაეკითხა, დადებითი დახასიათება მიიღო და 1996 წელს ეროვნულ გუნდში ჩემი დებიუტი შედგა. მახსოვს, ჩეხეთის ნაკრებს ვეთამაშეთ ჩეხეთში. რუსეთში ორჯერ გავხდი ამ ქვეყნის თასის მფლობელი და ერთხელ ვითამაშე ჩემპიონატის ფინალში.
- საფრანგეთში როგორ მოხვდით?
- 1998 წელს, მომავალი წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე, დუბლინში ვითამაშეთ ირალნდიასთან და რუმინეთთან. ორივე შეხვედრა წავაგეთ, პირველი მასპინძლებთან - 0:70 და მეორე რუმინეთთან სულ ცოტათი - 23:27. იმ პერიოდში “ბურძგლასთან” ერთად ნაკრებში უკვე მუშაობდა კლოდ სორელი და მან შემომთავაზა, საფრანგეთში ხომ არ ითამაშებდიო. მეც, რაღა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, რუსეთში თავი უკვე ამოწურული მქონდა. 1998 წლის ნოემბერში, ფედერალ 2-ის გუნდ “შამბერიში” ჩავირიცხე. ამ გუნდთან ერთად ავედი ფედერალ 1-ში, მაგრამ მალევე მივხდი, რომ ეს დონე ამოვწურე და კლოდ სორელს “ტვინი შევუჭამე”, ნორმალურ გუნდში მომაწყე-მეთქი. მანაც მირჩია, იქიდან წამოვსულიყავი და ბეზიეში გავჩერდი ილო ზედგინიძესთან, ბესიკ ხამაშურიძესთან, კოტე ჯინჭარაძესთან, ვასო კაცაძესა და ლევან ცაბაძესთან. ამ ბიჭებთან ვცხოვრობდი და ველოდებოდი ნორმალური გუნდიდან შემოთავაზებას. ვიზას უკვე ვადა გასდიოდა, როდესაც კლოდმა დაგვირეკა, მე და “ანტილოპას” (ბესიკ ხამაშურიძე) გვითხრა, მოემზადეთო, ჩაგვისვა მანქანაში და წაგვიყვანა ტულონში. იქ დაგვხვდნენ მწვრთნელები, კლუბის პრეზიდენტი, ვისაუბრეთ და ერთ კვირაში მე და “ანტიმ” კონტრაქტს ხელი მოვაწერეთ, მეორე დღეს კი, ვიზას ვადა გასდიოდა და დროებით თბილისში დავბრუნდით. ეს მოხდა 2000 წლის მაისში.
- “ტულონი” იყო თქვენი კარიერის პიკი...
- ჩემი პროფესიული დებიუტი, სწორედ აქ შედგა და იქ 2009 წლამდე ვითამაშე. ამ დროს გუნდი იყო Top 14-ში, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო, მეორე ლიგაში დააქვეითეს. იმავე წელს ასასვლელი ფინალი დავთმეთ, თუმცა 2005-ში უკვე Top 14-ში აღვზევდით. რაღაც-რაღაც მიზეზების გამო, მალევე გავვარდით, თუმცა, 2008-ში კვლავ დავბრუნდით და 2009 წელს, “ტულონთან” ერთად უმაღლესი დონის საკლუბო რაგბი ბოლოჯერ ვითამაშე. ამავე პერიოდში, ავადმყოფობამაც შემიშალა ხელი და პრინციპში, ჩემი პროფესიული საკლუბო რაგბი იმ პერიოდში დასრულდა.
- რამდენად დიდია სხვაობა Top 14-ს, Pro D22-სა და და ფედერალ 1-ს შორის, სადაც ახლა თამაშობთ?
- Top 14-ში გამოვყოფდი 7-8 გუნდს. ამის ქვევით მყოფი გუნდების დონე უახლოვდება Pro D2ის საუკეთესო ხუთეულისას. აი, ფედერალთან კი, სხვაობა უკვე ძალიან დიდია. ფედერალ 1-ის ფინალისტებს, გამოცდილი მორაგბეები თუ არ დაიმატეს, Pro D2-ში ადგილის შენარჩუნება ძალიან უჭირთ ხოლმე.
- “ლა სეინს” რა მიზანი აქვს?
- ჩვენი მიზანი ნამდვილად არაა Pro D2-ში ასვლა. ახლა ჯგუფში მე-3 ადგილზე ვართ და ოთხეულში მოხვედრა ნამდვილად გვინდა, მაგრამ იქ წარმატების შანსი ნაკლებად გვაქვს და პრინციპში, მაინცდამაინც ელიტაში თამაში არც კლუბის ხელმძღვანელობას სურს. Pro D2-ში თამაშს ფული უნდა, რაც ჩვენ არ გვაქვს და კლუბის პრეზიდენტმა თქვა კიდეც, თუ ზევით ავალთ, პირველი მე განებებთ თავს, მე იქ გუნდის შენახვის თავი არ მაქვსო.
- “ტულონში”, სადაც თქვენი სპორტული კარიერის პიკი იყო და სადაც ამჯერად სამი ქართველი თამაშობს, ისევ ახსოვხართ. კლუბის ოფიციალურ საიტზე დაიწერა - კოტე მიქაუტაძის სახით, გუნდში ახალი ლაბაძე გამოჩნდაო...
- “ტულონში” თამაშისას მინდოდა, რომ იქ ტრადიციად დარჩენილიყო და ქართველი ამ კლუბისთვის უცხო არ ყოფილიყო. ტულონელებისთვის ქართველი უცხო არაა, იქ არაერთ ქართველს უთამაშია. ახლა ქუბრიაშვილმა ამ გუნდში ძალიან გაამართლა, მერე იქ ახალგაზრდა ბიჭები ჩამოვიდნენ, ჯერ შემოწმება გაიარეს და ნელ-ნელა გუნდში ადგილს იმკვიდრებენ. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი გამარჯვებაა.
- კოტე მიქაუტაძის თამაში თუ გაქვთ ნანახი?
- კოტეს წინააღმდეგ მითამაშია კიდეც. ლა სეინი ტულონთან ახლოსაა და მის მეორე გუნდს ხშირად ვეთამაშებით. მიქაუტაძეს მეორე ხაზშიც შეუძლია თამაში და მესამეშიც. მინდა, რომ ის გია ლაბაძე კი არა, გაუმჯობესებული ლაბაძე იყოს. ამ ბიჭს აქვს საუცხოო ფიზიკური მონაცემი, კოტე კარგია ღია თამაშში და დერეფანში, მოკლედ, ყველა პირობა აქვს საიმისოდ, რომ დიდი რაგბი ითამაშოს. რაც მთავარია, მწვრთნელ ბერნარ ლაპორტს ძალიან მოწონს. ახლა კოტე უნდა დარჩეს თავის თავში, არ უნდა დანებდეს, თავში არ უნდა აუვარდეს. ეს კოტეს არ ეხება, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ. ასეთი რამ ბევრს ემართება - დაენგრევა ყველაფერი და მერე ისევ აწყობა ძალიან ჭირს. მოქაუტაძეს დიდი რაგბის თამაში შეუძლია!
- თქვენ თუ “აგვარდნიათ თავში” წარმატება?
- სხვათა შორის, არა. საკუთარ თავს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ეს ჩემი მაქსიმუმი არაა. ჩემპიონატის შემდეგ ყოველთვის ვთამაშობდი 7-კაცას, მერე საქართველოს ნაკრებისთვის ვირჯებოდი და როდის გადავიარე მაქსიმუმი, ვერც კი შევნიშნე. სადღაც 5-6 წელი ფიზიკურ პიკზე ისე ვიყავი, მაინც უფრო მეტი მინდოდა. სპორტულ ეთიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. გააჩნია, რა წესით ცხოვრობ, რას ჭამ, როგორ ისვენებ.
- თქვენი თანაგუნდელი ვახტანგ მაისურაძე, როგორც ვიცი, ზუსტად ასე ცხოვრობს...
- ეს ბიჭი დღეში ორჯერ ვარჯიშობს ძელზე, სულ რეჟიმშია, ყოველთვის ყველაფერი დაწვრილებით აქვს გაწერილი. კომბინაციები ჩამოწერილი აქვს და სულ იმეორებს, რომ რამე არ დაავიწდეს. ის ერთადერთი პროფესიონალი მორაგბეა ჩვენს გუნდში.
- თქვენ ორ მსოფლიო თასზე გაქვთ ნათამაშები, ეს კი, მორაგბისთვის უდიდესი ბედნიერებაა.
- მსოფლიო თასზე რომ მიდიხარ, იქ შენს ქვეყანას წარადგენ, მხოლოდ შენთვის არ თამაშობ. პირადი ამბიციები მეორე პლანზე გადადის. იქ ხვდება 20 საუკეთესო სარაგბო ქვეყნის 30-30 საუკეთესო მორაგბე, ანუ, შენც საუკეთესო ხარ და დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია. უდიდესი ემოციაა. პირველი თამაშის შემდეგ მივხდი, რომ ძალიან შორს ვიყავით. სარაგბო ბობოლებმა განსხვავება დაგვანახეს. არა მარტო თამაშისას. სახელგანთქმული ჯონი უილკინსონიც კი, მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე, იდგა და ხურდებოდა, კარში დარტყმებში ვარჯიშობდა. მაშინ ბევრი რამ ვისწავლეთ.
- 2007-ში ეს გამოცდილება ირლანდიის დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
- მაშინ რაღაც უნდა დაგვხმარებოდა, მაგრამ ის “რაღაც” არ ჩანდა. სულ სანტიმეტრები გვაკლდებოდა ლელოს გატანამდე. ხაზი გადავკვეთეთ, მაგრამ ბურთი ვერ დავამიწეთ.
- მერე იყო ნამიბიასთან პირველი გამარჯვება. რა სხვაობაა მსოფლიო თასზე და სხვა ტურნირზე გამარჯვებებს შორის?
- პირველი იყო და რაღაც პირველი ყოველთვის განსაკუთრებულია. ჩვენ არ ვყოფილვართ მანამდე განებივრებული ასეთ დონეზე გამარჯვებით. აქამდე სულ ერთ ადგილზე ვიყავით, ვუგებდით ჩეხეთს, ესპანეთს, რუსეთს, ეს სულ სხვა იყო.
- რომელი სანაკრებო თამაში იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
- ყველაზე მეტად დამამახსოვრდა 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე, რუმინეთთან 23:27 წაგებული მატჩი. ეს იყო ის მარცხი, რომელმაც ყველაზე მეტად დამწყვიტა გული. მაშინ რომ მოგვეგო, ახლა ოთხი წლით წინ ვიქნებოდით და ეგებ, მერე 2007-ში ირლანდიასთან, ან წელს შოტლანდიასთან მოგვეგო კიდეც. პირადად ჩემთვისაც სულ სხვანაირი იქნებოდა რაგბი. შთამბეჭდავად ჩამრჩა რუსეთთან პირველი გამარჯვება (1996 წელს 29:20).
- ამ რუსეთთან თამაშში რა ხდება ხოლმე? ყოველთვის განსაკუთრებულად თამაშობს საქართველოს ნაკრები. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, მათი მაისურები ზელანდიელებს რომ გადააცვათ, იმათაც დაამარცხებთ.
- აი, იქ ხდება ყველაფერი... სწორედ ამ დროს გახსენდება ყველა - დედა, მამა, შვილები, სამშობლო, წინაპრები, ვინც სამშობლოს შესწირა თავი... ყველაფერი ჩვენს მხარესაა. არ მინდა, ეს პოლიტიკურ ჭრილში განვიხილოთ, მაგრამ რაღაც აქედანაცაა. ვიცით, რომ მთელი საქართველო გვიყურებს, სტადიონი სავსეა და დიდიან-პატარიანად, ყველა ჩვენს გამარჯვებას ლამობს. ტრადიციად იქცა რუსეთის დამარცხება.
- არის საუბრები, რომ რუსებთან მატჩის წინ ომის ამსახველ კადრებს უყურებთ...
- არა, არა, ეს ჩვენ ყველამ ვიცით და შინაგანად გვაქვს ასეთი განწყობა. იყო პრეცედენტი, როდესაც კადრებს ვუყურეთ, მაგრამ ეს იყო ერთხელ. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ ვიცით, რომ რუსეთს უნდა მოვუგოთ.
- ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებში ერთი ტრადიცია დამკვიდრდა - ყველა თამაშის წინ, გუნდი “მამაო ჩვენოს” ამბობს.
- ეს ბოლო წლების ტრადიცია სულაც არ არის. ეს ყველაფერი 7-კაცა რაგბიდან, დუბაის ტურნირიდან დაიწყო. სამოას, ფიჯის ნაკრებები, ყოველი თამაშის წინ რიტუალს ასრულებდნენ და მაგალითი აქედან ავიღეთ. მაშინ გუნდის კაპიტანი მე ვიყავი, ბიჭები შევკრიბე, მთავარი მწვრთნელი ზაზა ლეჟავა გვერდში ამოვიყენეთ და “მამაო ჩვენო” წარმოვთქვით. ამის შემდეგ, ყველა თამაშის წინ ვლოცულობდით და მოგვიანებით, ეს ტრადიცია 15-კაცა რაგბიშიც დაინერგა.
- რამდენად გაძლიერებთ ლოცვა?
- სიმართლე გითხრათ, დუბაიში, პირველად წაკითხული ლოცვის შემდეგ, აღარც კი მახსოვს, როგორ დავრბოდი, დავფრინავდი. ის თამაში მოვიგეთ. ძალიან დიდი ძალა აქვს. ემოციებს ერთი მიმართულებით უყრი თავს და წარმოიდგინეთ, როდესაც 15 კაცის ემოცია ერთ მიმართულებას იღებს, რამხელა ძალა ხდები.
- საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ გუნდს გადასცა ხატი, რომელიც ყველგან დაგაქვთ...
- გული მწყდება, რომ თბილისში არ ვიყავი მაშინ, როდესაც ბიჭები ილია მეორეს შეხვდნენ და მისგან ხატი მიიღეს.
- მზად იყავით იმისათვის, რომ 2011 წლის მსოფლიო თასი ისე ჩაგეტარებინათ, როგორც გია ლაბაძეს ეკადრებოდა?
- ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი და პრინციპში, არც ფიზიკური პრობლემები მქონია. სპეციალურად მსოფლიო თასისთვის, ფეხზე გავიკეთე ოპერაცია, რომ მერე პრობლემა არ შემქმნოდა. დაახლოებით ორი წელი, კოჭში მქონდა გაჭედილი ძვლის ორი დიდი ნამსხვრევი და ამოვისუფთავე, რათა შეკრებისთვის, დატვირთვებისთვის მზად ვყოფილიყავი. ივნისში, რუმინეთში ამის გამო ვერ წავედი, აღდგენითი პერიოდი მქონდა. რიჩი დიქსონთან ჩამოვედი და ვუთხარი, ოპერაცია გავიკეთე და ერთ თვეში შემეძლება მაქსიმალური დატვირთვით თამაში-თქო. მზად ვიყავი, იმ ტურნირზეც წავსულიყავი, სირბილი უკვე დაწყებული მქონდა. მან მითხრა, მირჩევნია, დაისვენოო და სპეციალური პროგრამით ვარჯიში დამავალა. ჩვენი ბოლო შეხვედრა ეს იყო.
- ვინ გაგაგებინათ, რომ ზელანდიაში არ მიდიოდით?
- ივნისის დასაწყისში, რუმინეთში გუნდის მენეჯერ ვასილ აბაშიძეს დავურეკე. მისგან შევიტყე, რომ გუნდს ერთი კვირა დასვენება ექნებოდა და მერე იწყებოდა მსოფლიო თასისწინა შეკრება. ჩემი ამბავიც გავაგებინე, ყველაფერი კარგად მიდის და უკვე სრული დატვირთვით ვვარჯიშობ-მეთქი. მერე ერთი კვირით საფრანგეთში გავემგზავრე, ბავშვები მომენატრნენ. იქ დამირეკა აბაშიძემ და მითხრა, 30 კაცში არ ხარო. რა გამოდიოდა? მივხვდი, რომ არც ძირითად შემადგენლობაში ვიყავი, არც შეცვლაზე და არც შეცვლის შეცვლაზე. თავიდან ვიფიქრე, რომ რაღაც გაუგებრობა იყო, მაგრამ მერე გავათვითცნობიერე და ვასოს ვუთხარი, შეგიძლიათ, გაფართოებული სიიდანაც ამომშალოთ-თქო.
- ანუ, ეს ამბავი მძიმედ გადაიტანეთ...
- ამას ნამდვილად არ ველოდი. დაახლოებით ისეთი სიტუაცია იყო, ბოლო იმედს რომ მოგიკლავენ. რაღაც გაქვს და უცებ, გეუბნებიან, რომ ის არ გაქვს. ძალიან ძნელი იყო და გული მაგრად მეტკინა.
- ალბათ, ძნელი იყო მსოფლიო თასის ტელევიზორით ყურება...
- ყველა თამაშს ვუყურე, ისე, როგორც გულშემატკივარმა. საქართველოს ნაკრები ყველა ჩვენთაგანის გუნდია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მორაგბე თამაშობს იქ და რომელი არა.
- როგორ ფიქრობთ, შეგვეძლო ახალ ზელანდიაში უკეთესი შედეგის მიღწევა?
- მას შემდეგ, რაც მაიკლ ბრედლიმ გუნდი დატოვა, სიმართლე გითხრათ, მეტს არც ველოდი. არ მინდა, ეს ვინმემ სხვანაირად გაიგოს. რიჩი არის კარგი ადამიანი, კარგი მენეჯერი, მაგრამ თანამედროვე რაგბის სხვა რამ ჭირდება. ეს სხვა რამ ჰქონდა ბრედლის და პრინციპში, ჯონ მაგლტონს, რომლებიც გუნდში ყველაფერს ალაგებდნენ. სანამ გუნდში ვიყავი, მაიკლის წასვლის შემდეგ, ვარჯიში ძირითადად დაცვაზე მიდიოდა. ჩვენ ვიცოდით, როგორ შეგვექმნა პრობლემები მეტოქისთვის, მაგრამ ასეთ დროს უნდა გქონდეს კარგი კონტრშეტევა, რისთვისაც პრაქტიკულად არაფერი კეთდებოდა. შემდგომში ეს გამოჩნდა კიდეც - ჩვენ შევუქმენით პრობლემები იგივე შოტლანდიას, მაგრამ ვერაფერი გავაკეთეთ შეტევაში. ასეთ პირობებში თავიდანვე განწირული ვიყავით იმისთვის, რომ არ წავაგებდით თამაშებს დიდი სხვაობით, მაგრამ არ ვიყავით მზად მოსაგებად.
- ახალ მთავარ მწვრთნელზე, მარტინ ჰეიგზე თუ გსმენიათ რამე?
- პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მასზე რაღაც-რაღაცები გავიგე. თუნდაც ის, რომ ეს პიროვნება ახალზელანდიელია, ბევრ რამეზე მეტყველებს. რაგბის თამაში ინგლისიდან მოდის, მაგრამ ზელანდიელების მსგავსად, ეს სპორტი არცერთ ერს არ განუვრცია. იქ უბრალოდ ყველა რაგბით ცხოვრობს და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ჰეიგს აქვს გარკვეული მიღწევები, მის გუნდში ისეთი ცნობილი ადამიანები არიან, როგორიც თუნდაც ტანა უმაგაა, ვისთან ერთადაც ნათამაშები მაქვს და ვფიქრობ, ჩვენი მომავლისთვის მას სიკეთის მოტანა შეუძლია.
- გია ლაბაძე თუ ითამაშებს საქართველოს ნაკრებში?
- მე ნაკრებში აღარ ვითამაშებ. ეს უკვე გადაწყვეტილია.
- როდის მიიღეთ ეს მძიმე გადაწყვეტილება?
- ჩემი სანაკრებო კარიერა მაშინ დასრულდა, როდესაც მსოფლიო თასზე წამსვლელთა სიაში ვერ მოვხდი. გამოდის, “ბორჯღალოსნების” მაისურით ბოლო შეხვედრა რუმინეთთან ჩავატარე. მაშინ ფეხი მომხვდა თავში და ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დავტოვე, ამიტომ, სოჭში რუსეთის წინააღმდეგ ვერ ვითამაშე.
- ნაკრებიდან გაცილების თამაშზე თუ გიფიქრიათ?
- არ მიფიქრია. არავისთვის მოუწყვიათ გაცილება და რაღა ჩემზე დაუშვებენ გამონაკლისს? მე ნაკრებში თამაში უკვე დავამთავრე და რომც დამიძახონ, ალბათ, აღარ ვითამაშებ.
- რატომაა, რომ იგივე საფრანგეთში, უმაღლეს დონეზე, ქართველი მორკინალების და უმეტესად, პირველხაზელების გარდა, ვერავინ ხვდება? რატომ ვერ თამაშობენ იქ ჩვენი უკანახაზელები?
- აქ, საქართველოში მუშაობა გვაკლია. არ არიან კომპეტენტური მწვრთნელები ბავშვთა რაგბიში, რომლებიც პატარებს ასწავლიდნენ იმას, რაც მერე იმავე საფრანგეთში, მაღალ დონეზე სათამაშოდ გამოადგებათ. ქართველმა მწვრთნელებმა უნდა აიმაღლონ კვალიფიკაცია. დროა მივხვდეთ, რომ რაგბი მარტო დაჯახება და მეტოქის დაჩეჩქვა არაა, ესაა ფინტი, პასის სწორედ გაკეთება, სისწრაფე... სანამ ამას არ ვისწავლით, ქართველ უკანახაზელებზე მოთხოვნა არ იქნება. ამ შემთხვევაში გამოსავალი მხოლოდ ისაა, რომ პატარა ბავშვმა უცხოეთში დაიწყოს ოსტატობის დახვეწა, მაგრამ საერთო ჯამში, ეს გამოსავალი არცაა.
- ეს ის საკითხია, რომელზეც თქვენ უკვე მუშაობთ. თქვენ ხომ სარაგბო კარიერის დასრულებასთან ერთად, მწვრთნელობასაც აპირებთ...
- დიახ, მწვრთნელობა მაქვს გადაწყვეტილი. პირველი ეტაპი უკვე გავიარე. მეორე ეტაპის გავლაში ხელი შემეშალა, მამა გარდამეცვალა და გარკვეული დროით გაჩერება მომიწია. სექტემბრიდან ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, მონპელიეში, ან ექს-ენ-პროვანსში. სწავლა გრძელდება დაახლოებით 14 თვე. მერე დავიწყებ მუშაობს ჯერ ბავშვებთან და თუ მივხვდი, რომ დიდი გუნდის გაწვრთნაც შემიძლია, მაგას რა აჯობებს. აუცილებელია, იცოდე როგორც ერთი-ერთზე, ასევე გუნდთან ურთიერთობა. ამას რაგბისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ყველაფერი სწორედ ურთიერთობაზეა დამყარებული.
- საქართველოს ნაკრებში ილია ზედგინიძე დასაქმდა. თქვენ თუ გქონდათ მსგავსი შემოთავაზება?
- ჩემთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია. ილოს ნაკრებში მუშაობა ძალიან კარგი, მე ვიტყოდი, საუკეთესო ვარიანტია. ის ისეთი ენერგიული, განათლებული პიროვნებაა, რომელსაც გუნდისთვის ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია.
- წინასაახალწლოდ რამეს ხომ არ ეტყოდით ქართველ გულშემატკივარს?
- ჩემს ქართველ ხალხს დამდეგ ახალ წელს ვულოცავ. უწინარესად, ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას და თუ რაიმე სასიკეთო ცვლილებებიც იქნება, უკეთესი რაღა უნდა ვისურვოთ.
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.145344