ამბები

11:36 | 30.12.2011 | ნანახია 6258 - ჯერ

გორგოძემ სახელი დაიბრუნა, დანარჩენი ხამაშურიძეს შეხვდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “მონპელიეს” მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ ქვეყნის წლის საუკეთესო მორაგბის სახელი ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაიბრუნა.
2008 და 2009 წლების საქართველოს საუკეთესო მოთამაშემ, შარშან ეს ტიტული დავით ზირაქაშვილს დაუთმო, წელს კი, “გორგოძილა” მწვრთნელების, ჟურნალისტების და სპეციალისტების რჩეული გახდა. ერთი დღით ადრე, ის სპორტის სამინისტრომ წლის საუკეთესო სპორტსმენადაც დაასახელა. გორგოძე საფრანგეთშია, მის გუნდს 31 დეკემბერს თამაში უწევს და ამის გამო, ის საქართველოში არ იყო. სპეციალური სიგელი ნაკრების მენეჯერმა ვასილ აბაშიძემ ჩაიბარა. მასვე გადაეცა საუკეთესო მორაგბისთვის “ბაზის ბანკისგან” დაწესებული 5 ათას ლარიანი პლასტიკური ბარათი. მამუკას სპეციალური პრიზი, წმინდა გიორგის გამოსახულებიანი ჯვარი გადასცა ვეტერანმა მორაგბემ ლევან ვასაძემ.
“წელს დავინახეთ, რომ რაგბი საქართველოში სპორტის განსაკუთრებული სახეობაა. მწამს, ასე იქნება მომავალშიც. ის, რომ გორგოძე ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენიც გახდა, მთელი სარაგბო ოჯახის გამარჯვებაა” - თქვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე გია გალდავამ.
წლის შემაჯამებელი ღონისძიება წელს მეხუთედ ჩატარდა და ის საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გია ნიჟარაძემ გახსნა.
“მიხარია, რომ ძველი წლის გაცილების და ახალი წლის შეხვედრის ტრადიციას ვაგრძელებთ. 2011 წელი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული იყო, რადგან ამით დასრულდა კიდევ ერთი ოთხწლიანი ციკლი. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე თამაშით კიდევ ერთხელ მისცა ქართველ ხალხს ღირსების განცდა. იქ თამაშით დავიმსახურეთ ის, რომ 2013 წლიდან, რაგბის საერთაშორისო საბჭო ელიტარულ სარაგბო ქვეყნებთან გაგვათანაბრებს. რაგბის განსაკუთრებულობა ისაა, რომ ერთი მთლიანი ოჯახივით ვართ. შეიძლება იყოს რაღაც კონფლიქტი, მაგრამ ჯამში მაინც მეგობრებად ვრჩებით და მნიშვნელოვანია, ეს ერთობა შევინარჩუნოთ.
წელს ჩატარდა ერთ-ერთი საუკეთესო შიდა ჩემპიონატი და ამაზე ფინალური მატჩებიც მეტყველებს. პირადად მე, ასეთი ფინალი არ მახსოვს. თასის ფინალშიც კი, სადაც ლიდერი უმაღლესი ლიგიდან გავარდნილ გუნდს ეთამაშებოდა, გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთამდე არ იყო ცნობილი. საინტერესოდ წარიმართა პირველი ლიგის და ჭაბუკთა ლიგების ჩემპიონატები. წარმატებულად ითამაშეს ახალგაზრდულმა ნაკრებებმა. მადლობა სახელმწიფოს 4-წლიანი პროგრამისთვის და “ქართუს”, რომელიც მოედნების მოწესრიგებაში გვეხმარება. იმედია, ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. მადლობა ჩვენს სპონსორებს - “ნატახტარს”, “ლიბერთი ბანკს” და “არქიმედეს გლობალ ჯორჯიას”, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქართულ რაგბის უანგაროდ ეხმარება. წარმატებებს მოაქვს ვალდებულებებიც, ჩვენ უკვე სხვა განზომილებაში ვართ და უფრო მეტი მოგვეთხოვება. ქართულ რაგბის, ჩვენს ოჯახს გაუმარჯოს!” - განაცხადა ნიჟარაძემ შესავალ სიტყვაში.  
მერე დადგა დაჯილდოების დრო და უწინარესად, ქვეყნის ბრინჯაოს პრიზიორი თბილისის “ლოკომოტივი” დაჯილდოვდა. გუნდის მთავარ მწვრთნელ თემურ ბენდიაშვილს, რომელიც საავადმყოფოშია, ნიჟარაძემ მალე გამოჯანმრთელება უსურვა. ამას მოჰყვა ქუთაისის “აიას” ვერცხლის მედლებით დაჯილდოება - “მადლობა ბესო ხამაშურიძეს, გია გორგასლიძეს და “კავკასუს ონლაინს”, რომელიც ამ ტრადიციული გუნდის აღორძინებაში დაგვეხმარა” - თქვა ნიჟარაძემ, მერე კი, დაჯილდოვდა სამ ფრონტზე - ქვეყნის ჩემპიონატში, თასზე და 7-კაცაში წარმატებულად მებრძოლი “არმია”.
ამას მოჰყვა ტრადიციული, საქართველოს ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების დასახელება და ის ასე გამოიყურება: 15. ბესიკ ხამაშურიძე (აია), 14. გიორგი შკინინი (არმია), 13. სანდრო თოდუა (ლელო), 12. ირაკლი ჩხიკვაძე (აია), 11. ალექსანდრე ტუჩაშვილი (არმია), 10. ლაშა ხმალაძე (ლელო), 9. ბიძინა სამხარაძე (არმია), 8. გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი) და ბესიკ უდესიანი (არმია), 7. გიორგი კალმახელიძე (არმია), 6. გიორგი თხილაიშვილი (არმია), 5. დავით ჩიტიძე (ლოკომოტივი), 4. ხვიჩა ბუჯიაშვილი (არმია), 3. გიორგი ვეფხვაძე (ლოკომოტივი) და ტარიელ ჩხიკვაძე (აია), 2. ბექა მეკოკიშვილი (არმია), 1. ზურაბ ჟვანია (აია).
ამრიგად, სიმბოლურ ნაკრებში 8 მორაგბე მოხვდა ქვეყნის ჩემპიონ “არმიადან”, 4 ვერცხლისმედალოსან ქუთაისის “აიადან”, 3 მესამეადგილოსან “ლოკომოტივიდან” და ორი “ლელოდან”. ორ-ორ პოზიციაზე ხმები თანაბრად გაიყო და ამის გამო, სიმბოლურ ნაკრებში ჯამში 17 მორაგბე მოხვდა. გარდა ამისა, შკინინი გახდა 7-კაცა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე, ხოლო ტუჩაშვილი 7-კაცას საუკეთესო ბომბარდირი. წელს გაჩნდა ახალი ნომინაცია - “თავდადებულები” და ის მორაგბეები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც მთელი ჩემპიონატი შეუცვლელად ჩაამთავრეს. ესენი არიან უილიამ კაიფაჯიანი (არმაზი), დავით კიკნაძე (არმაზი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), სულიკო დავითაშვილი (აკადემია), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), უჩა აღაშვილი (ხარები) და ილია გოგიაშვილი (ხარები).
საქართველოს საუკეთესო მელელოვისთვის განკუთვნილი პრიზი და მუსიკალური ცენტრი, “აიას” მოთამაშე მწვრთნელ ბესიკ ხამაშურიძეს ერგო, რომელმაც მეტოქეები ჯამში 13-ჯერ დაალელოვა. მუსიკალური ცენტრი მიიღო ჩემპიონატის ბომბარდირმა, “არმაზის” კაპიტანმა დავით კიკნაძემაც, რომელმაც გუნდს 195 ქულა შესძინა.
ამის შემდეგ იმ ვეტერანთა დრო დადგა, რომელთაც მრგვალი თარიღი - 70, 60 და 50 წელი შეუსრულდათ. მათ მოყვნენ 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები, რომლებმაც ევროპულ ასპარეზზე წარმატებულად ითამაშეს. საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად “აიას” დამრიგებელი ბესიკ ხამაშურიძე დასახელდა და “არქიმედეს გლობალ ჯორჯიასგან” ციფრული ვიდეოკამერა გადაეცა. ის ასევე დაასახელეს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ და “კავკასუს ონლაინისგან” პლაზმური ტელევიზორი მიიღო. ამდენი საჩუქრის მიღების შემდეგ, ხამაშურიძემ ორგანიზატორებს “უსაყვედურა”, ამდენი რაღაც სად უნდა წავიღო და ერთი სახლიც მჭირდებაო.
ბოლოს იყო საქართველოს საუკეთესო მორაგბე და რაღა თქმა უნდა - მამუკა გორგოძე!

ზურა ქსოვრელი      




 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.28119