ვიდრე საქართველო და დანარჩენი მსოფლიო ახალი წლის შესახვედრად ემზადებოდა, საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარული ლიგის, Top 14-ის გუნდებმა რეგულარული პირველობის XIV ტურის შეხვედრები მოილიეს.
ეს ტური იმით იყო ღირსშესანიშნავი, რომ ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონსა და მიმდინარე გათამაშების ლიდერ “ტულუზაში” აქვსენტი გიორგაძის დებიუტი შედგა, რომელმაც ამ კლუბთან კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გააფორმა. ტულუზელებმა 19 ათასი გულშემატკივრის წინაშე “ბაიონს” უმასპინძლეს და 35 წლის ქართველი პირველხაზელი ბრძოლაში 50-ე წუთიდან ჩაერთო. გასავარდნი ზონის სიახლოვეს მყოფმა “ბაიონმა” მაგრად იბრძოლა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, რომელიც 12:15 დათმო. მეორე ნახევარში “ტულუზამ” გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება შეძლო და ჯამში 30:15 იმარჯვა, მაგრამ ლელოს გატანა ვერ მოახერხა (8 ჯარიმა, 2 არეკნი). ახლა “ტულუზას” 51 ქულა მოუგროვდა და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.
“გლობუსას” სადებიუტო ნახევარი საათი დადებითად შეფასდა. მან ოთხიდან სამი აუტი კარგად მოაწოდა, გუნდის სათამაშო სქემას ბრწყინვალედ შეერწყა, თუმცა, თამაშის დახვეწაზე ზრუნვას კიდევ აპირებს.
“ძალიან გახარებული ვარ, ამ შეხვედრაში მონაწილეობა რომ მივიღე და ვიმედოვნებ, მომავალშიც ხშირად მომიწევს მოედანზე გასვლა და ასევე კარგად ვითამაშებ. დღეს ნაღდად კარგი შეგრძნება მქონდა, თუმცა, თამაშის დახვეწაზე ახლაც ძალიან ბევრს ვმუშაობ. ძალიან ბევრს ვმუშაობდი, მანამდეც და “ტულუზაში” მოსვლის შემდეგაც, მაგრამ თამაშის და აუტების სისტემა ჯერ კიდევ ასათვისებელი მაქვს”, - თქვა გიორგაძემ ნამატჩევს.
“ტულუზას” უახლოესმა მდევარმა, დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის “ლიონის” სტუმრად დამარცხება ვერ მოახერხა. ზირაქაშვილი ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის და ბუნებრივია, განაცხადში არ იყო. მასპინძელთა რიგებში განაცხადში მხოლოდ კავთიძე მოხვდა, რომელიც თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო, მაგრამ 78-ე წუთზე დაშავდა და მატჩის ჩამთავრება ვეღარ მოახერხა. მასპინძლები ადრეული ჯარიმით დაწინაურდნენ და ტაიმი 3:0 მოიგეს. მეორე ნახევრის დასაწყისში “კლერმონმა” ჯარიმითვე ჯერ წონასწორობა აღადგინა, ხოლო მერე დავიდ სკრელამ არეკნით წინ გაიყვანა. საპასუხო ჯარიმა “ლიონმა” 63-ე წუთზე გაიტანა და მატჩი 6:6 დასრულდა. “კლერმონს” 46 ქულა აქვს და ლიდერს 5 ქულით ჩამორჩება. “ლიონს” 20 ქულა მოუგროვდა, ჯერ კვლავ მე-13 ადგილზეა და აუტსაიდერ “ბიარიცს” მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს, ხოლო “ბაიონს” ორით ჩამორჩება.
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, თანაც პრემიალური ქულაც აიღო ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა”, რომელმაც “პერპინიანს” სამი ლელო გაუტანა და 33:6 დაამარცხა. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში შედგა. “კასტრის” ორ ჯარიმას სტუმრებმაც ორი ჯარიმით უპასუხეს, მაგრამ 34-ე წუთზე ლელო-გარდასახვაც გაუშვეს - 13:6. თამაშის დასკვნითი 10 წუთი სრულად მასპინძლების იყო. მათ ჯერ ჯარიმებით გაზარდეს უპირატესობა, დასკვნით მერე კი, როდესაც მეტოქე კაცნაკლული დარჩა, ორი ლელო მიითვალეს და პრემიალური ქულაც აიღეს (საფრანგეთში გუნდი პრემიალურ ქულას იღებს 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის, ასევე, მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანისთვის). ფეიქრიშვილის გუნდს 40 ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილამდე აღზევდა.
ეს იმიტომ, რომ მარცხი განიცადა დავით ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონმა”, რომელსაც სტუმრად აუტსაიდერმა “ბიარიცმა” 25:6 სძლია. ახალგაზრდა ქართველები - მიქაუტაძე და ჩილაჩავა ახალ წელს თბილისში შეხვდნენ და რაღა თქმა უნდა, განაცხადშიც არ იყვნენ. ქუბრიაშვილმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 58-ე წუთზე შეცვალეს. “ბიარიცმა” ტაიმი 19:0 მოიგო, მეორე ნახევარში კი, გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს. “ტულონს” 39 ქულა დარჩა და მე-4 საფეხურამდე დაქვეითდა.
დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის “ბრივის” ძლევით, ექვსეულში დაბრუნდა ბექა შეყლაშვილის “აჟენი”. ქართველ ლეგიონერთაგან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სტუმართა გუნდის პირველხაზელი ხინჩაგიშვილი იყო, რომელიც 43-ე წუთზე კაკოვინმა შეცვალა. ნატრიაშვილი თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო შეყლაშვილი განაცხადში არ იყო. “ბრივმა” ტრადიციულად კარგი დაცვა ითამაშა, მაგრამ შეტევაში ისევ უჭირს. თამაშს 8462 მაყურებელი დაესწრო და მათ 5 ყვითელი ბარათი (ორი - “აჟენის”, სამი - “ბრივის”) და 8 ჯარიმა იხილეს. სტუმრებმა ტაიმი 6:3 მოიგეს, მე-60 წუთისთვის ანგარიში 6:6 იყო, მაგრამ დასკვნით მეოთხედში “აჟენმა” მეტოქეს უფრო ხშირად დაჯარიმება აიძულა. ახლა აჟენელებს 36 ქულა აქვთ და მე-5 ადგილზე არიან, ხოლო “ბრივი” 24 ქულით მე-11 საფეხურამდე დაეშვა.
ერთ-ერთ კონკურენტთან კარგი თამაში აჩვენა და ექვსეულს მიუახლოვდა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის “მონპელიე”. ქართველთა გუნდი “რასინგ მეტროს” დაუხვდა და 29:14 იმარჯვა. ის ახლოს იყო პრემიალური ქულის აღებასთან, რადგან მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანა, მაგრამ თავად მეორე ლელო 79-ე წუთზე გაუშვა და მხოლოდ 4 ქულად დასჯერდა. ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა გორგოძემ, ძირითად შემადგენლობაში იყო 55-ე წუთზე შეცვალეს ჟღენტი, ნარიაშვილი ბრძოლაში 75-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო შველიძე განაცხადში ვერ მოხვდა.
შეხვედრის პირველი ლელო “რასინგ მეტრომ” გაიტანა და რეალიზაციაც გამოიყენა, რაზეც მასპინძლებმა ჯერ ჯარიმით, მერე ლელოთი უპასუხეს და ტაიმი 8:7 მოიგეს. მეორე ტაიმი “მონპელიემ” უფრო ძლიერად ჩაატარა და სამი ლელო გაიტანა, მაგრამ ბოლოს ერთი თავადაც მიიღო და თამაში 29:14 მოიგო. ახლა “მონპელიეს” 31 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა, თუმცა, მეექვსე-მეშვიდე ადგილებზე მყოფ “სტად ფრანსეს” და “რასინგ მეტროს” სულ რაღაც 3-3 ქულით ჩამორჩება. Top 14-ის მომდევნო ტურის შეხვედრები 6-8 იანვარს გაიმართება.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 51 (14 თამაში), 2. კლერმონი - 46 (14 თ.), 3. კასტრი - 40 (14 თ.), 4. ტულონი - 39 (14 თ.), 5. აჟენი - 36 (14 თ.), 6. სტად ფრანსე - 34 (14 თ.), 7. რასინგ მეტრო - 34 (14 თ.), 8. მონპელიე - 31 (14 თ.), 9. ბორდო - 26 (13 თ.), 10. პერპინიანი - 25 (14 თ.), 11. ბრივი - 24 (14 თ.), 12. ბაიონი - 22 (14 თ.), 13. ლიონი - 20 (13 თ.), 14. ბიარიცი - 19 (14 თ.).
მომდევნო ტური: აჟენი - ბიარიცი, ბაიონი - ბორდო, სტად ფრანსე - კასტრი, ტულუზა - ლიონი, ბრივი - მონპელიე, პერპინიანი - რასინგ მეტრო, კლერმონი - ტულონი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია