საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარული დივიზიონის, თოპ 14-ის XV ტურში, რაგბის ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე დიდ ინტერესს “ბრივისა” და “მონპელიეს” დაპირისპირება იწვევდა, რადგან ამ გუნდებში, ჯამში, 7 ქართველი თამაშობს. საინტერესო იყო აქვსენტი გიორგაძის დებიუტი “ტულუზას” ძირითად შემადგენლობაში. სამწუხაროდ, “გლობუსას” დებიუტი წარუმატებელი გამოდგა...
შეგახსენებთ, რომ “კასტრის” ყოფილმა მორაგბემ, მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, კარიერა ფედერალ 2-ის გუნდ “მაზამეში” განაგრძო, მაგრამ შემთხვევის წყალობით, გასული წლის მიწურულს, ყველაზე ტიტულოვან ფრანგულ კლუბ “ტულუზაში” აღმოჩნდა. ამ გუნდის ძირითადი კვაჭი, სამხრეთაფრიკელი გარი ბოთა დაშავდა და ქართველიც გუნდში “სამედიცინო ჯოკერის” სტატუსით დაიმატეს. ეს დიდი საჩუქარი იყო საშობაოდ და წინა ტურში გიორგაძემ ახალ გუნდში შეცვლაზე 30 წუთი ითამაშა. ამჯერად, გურამ კავთიძისა და ტარიელ რატინიძის “ლიონთან” მატჩში, ის უკვე ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ, შეხვედრის მე-15 წუთზე შესაცვლელი გახდა...
გასულ ტურში, “ლიონმა” მეორეადგილოსან “კლერმონს” გამარჯვება არ დაანება და ფრეს დაჯერა. ამიტომ, რეგულარული პირველობის ლიდერი მეტოქეს სრული სერიოზულობით და პატივისცემით მოეკიდა და 51:10 იმარჯვა, თანაც, პრემიალური ქულაც მიითვალა. 15500 ერთგული მაყურებლის წინაშე, მასპინძლებმა შეხვედრა მძლავრად დაიწყეს და ადრეულ ჯარიმას მალე ლელო-გარდასახვა მიაყოლეს. ლელო შერკინებაში მოპოვებულ უპირატესობას მოჰყვა, რომლის შემდეგაც ბურთი ფლანგზე ჩათამაშდა. ამასობაში, მე-15 წუთი დადგა და “გლობუსამ” ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პერიოდი მოუწევს გიორგაძეს უქმობა.
შესვენებამდე, “ლიონმა” ჯარიმა, ლელო და გარდასახვა თავადაც გაიტანა, მაგრამ “ტულუზასგან” ლელო-გარდასახვა და 2 ჯარიმა მიიღო, რის შედეგადაც ტაიმი 23:10 დასრულდა.
მე-2 ტაიმის მე-9 წუთზე, მასპინძლებმა მე-3 ლელო გაიტანეს, გადამწყვეტი უპირატესობა კი, დასკვნით ათ წუთში მოიპოვეს, როდესაც კიდევ 3 ლელო მიითვალეს და დიდი ანგარიშით იმარჯვეს.
სტუმართა რიგებში ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.
ახლა “ტულუზა” რეგულარულ პირველობას 56 ქულით ლიდერობს და მთელი 10 ქულით უსწრებს “კლერმონს”, რომელიც თავის შეხვედრას დღეს, “ტულონის” წინააღმდეგ გამართავს. “ლიონს” 20 ქულა დარჩა და რადგან “ბიარიცი” შესანიშნავ ფორმაშია, უკვე ბოლო, მე-14 ადგილზე დაეშვა, თუმცა, მეტოქეებზე ერთი შეხვედრით ნაკლები ჩაატარა და მხოლოდ 3-3 ქულით (“ბიარიცს” და “ბაიონს”) ჩამორჩება. ანუ, ამ მატჩის მოგების შემთხვევაში, გასავარდნ ზონას ასცდება.
“ბრივისა” და “მონპელიეს” შეხვედრაში, ქართველი ლეგიონერებიდან მონაწილეობა მხოლოდ გოდერძი შველიძეს არ მიუღია, მისმა გუნდმა კი, 23:9 მოიგო. “ბრივის” შემადგენლობაში, მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდნენ დავით ხინჩაგიშვილი და ვასილ კაკოვინი, ხოლო ირაკლი ნატრიაშვილი თამაშში 76-ე წუთიდან ჩაერთო. “მონპელიეს” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ჟღენტი და მამუკა გორგოძე. ჟღენტი 47-ე, გორგოძე კი, 69-ე წუთზე შეცვალეს. შეცვლაზე ითამაშა მიხეილ ნარიაშვილმა, რომელიც ბრძოლაში 74-ე წუთიდან ჩაერთო.
მატჩის დებიუტში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს. მე-9 წუთზე, შერკინების შემდეგ, თამაში კი განახლდა, მაგრამ ჟღენტი ორ მეტოქეს ეჩხუბებოდა და მცირე ხნის შემდეგ, გვერდით მსაჯთან თათბირის შედეგად, რეფერიმ ის მოედნიდან 10 წუთით დაითხოვა. ორ წუთში, რეფერიმ მის გზას კიდევ ერთი სტუმართა გუნდის მორაგბე გაუყენა, მაგრამ “მონპელიემ” გაძლო და 22-ე წუთზე ჯარიმით დაწინაურდა კიდეც. “ბრივმა” ჯარიმითვე წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ტაიმის მიწურულს, სტუმრებმა ლელო გაიტანეს, გარდასახვაც გამოიყენეს და ტაიმი 13:6 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ დასკვნით ხუთ წუთში “მონპელიეს” 2 ჯარიმა გაუცუდდა, თორემ სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა.
მე-2 ნახევარი პირველის მსგავსად დაიწყო - გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 58-ე წუთზე კი, “მონპელიემ” ბურთი კარგად გაშალა და მე-2 ლელო მიითვალა. სალელოვე შეტევის რგოლში, ერთ-ერთი პირველი მამუკა გორგოძე იყო. სწორედ მისი გადაცემის შემდეგ ჩათამაშდა ბურთი მარჯვენა ფლანგამდე - 23:9. მთელი შეხვედრის განმავლობაში, ფრანგი კომენტატორები გორგოძეზე ბევრს საუბრობდნენ. ის აქტიური იყო, თუმცა, თავისი საუკეთესო თამაში ნამდვილად არ ჩაუტარებია. სამაგიეროდ, გორგოძე აქტიური იყო თანაგუნდელების გამხნევებაში და ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ ის გუნდის ნამდვილი ლიდერია. ბოლო ათ წუთში “ბრივმა” იმძლავრა და 5-მეტრა შერკინებაში მეტოქეს რამდენჯერმე დაჯარიმება აიძულა. რეფერიმ გააფრთხილა კიდეც სტუმრები, კიდევ ერთი შემთხვევა და საჯარიმო ლელოთი დაისჯებითო, მაგრამ თავად “ბრივი” დაჯარიმდა და დამარცხდა.
ამრიგად, “მონპელიემ” თოპ 14-ის ბოლო 6 შეხვედრიდან 5 გამარჯვებით დაასრულა და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა. ის კვლავინდებურად მე-8 ადგილზეა, მაგრამ უკვე 35 ქულა აქვს და მხოლოდ ქულით ჩამორჩება “აჟენს” და “რასინგ მეტროს”.
“ბრივის” შემთხვევაში საქმე რადიკალურად განსხვავებულადაა - უკანასკნელი 5 თამაშიდან, ოთხში დამარცხდა და ერთი ფრედ დაასრულა. შედეგად, 24 ქულით, მე-11 საფეხურამდე დაეშვა და გასავარდნ ზონას მხოლოდ ერთი ქულაღა აშორებს.
ზემოთ ნახსენები, ბექა შეყლაშვილის “აჟენი”, 36 ქულით მე-7 ადგილზეა. ამ ტურში მან ერთ-ერთ აუტსაიდერს, ბოლო პერიოდში კარგად მობურთალ “ბიარიცს” უმასპინძლა და 6:15 დამარცხდა, მაგრამ ამაში ქართველს წვლილი არ მიუძღვის, რადგან ის განაცხადში არ იყო.
XV ტურში წააგო ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმაც”, რომელიც პარიზში “სტად ფრანსესთან” 21:38 დაეცა. ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს. სტუმართათვის დასაწყისი კატასტროფული გამოდგა. მე-19 წუთზე, პარიზელები უკვე 28:0-ს იგებდნენ. მერე სტუმრებმა კი იომეს, მაგრამ, ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და “კასტრი” 40 ქულით ჯერ ისევ მე-3 საფეხურზე რჩება.
ტურის ცენტრალური მატჩი დღეს გაიმართება. დავით ზირაქაშვილის “კლერმონი”, რომელიც 46 ქულით მე-2 ადგილზეა, დავით ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონს” მასპინძლობს, რომელსაც 39 ქულით მე-4 ადგილი უკავია. ზირაქაშვილი მოტეხილ მაჯას მკურნალობს და ბუნებრივია, განაცხადში ვერ იქნება. სტუმართა რიგებში სათადარიგოთა შორისაა ქუბრიაშვილი. შეხვედრა თბილისის დროით შუაღამისას, 24:00 საათზე დაიწყება.
ამის შემდეგ გუნდები ორი კვირით ევროთასებზე გადაინაცვლებენ და იქ ჯგუფურ ეტაპს მოილევენ, თოპ 14 კი, 28 იანვარს განახლდება.
სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 56 (15 თამაში), 2. კლერმონი - 46 (14 თ.), 3. კასტრი - 40 (15 თ.), 4. ტულონი - 39 (14 თ.), 5. სტად ფრანსე - 39 (15 თ.), 6. რასინგ მეტრო - 36 (15 თ.), 7. აჟენი - 36 (15 თ.), 8. მონპელიე - 35 (15 თ.), 9. ბორდო - 30 (14 თ.), 10. პერპინიანი - 27 (15 თ.), 11. ბრივი - 24 (15 თ.), 12. ბიარიცი - 23 (15 თ.), 13. ბაიონი - 23 (15 თ.), 14. ლიონი - 20 (14 თ.).
მომდევნო ტური: ლიონი - აჟენი, ტულონი - ბაიონი, კასტრი - ბიარიცი, ბორდო - კლერმონი, მონპელიე - სტად ფრანსე, ბრივი - პერპინიანი, რასინგ მეტრო - ტულუზა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია