ამბები

14:47 | 9.01.2012 | ნანახია 2034 - ჯერ

“კლერმონთან” მარცხით “ტულონმაც” იხეირა

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის XV ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ქართველი ლეგიონერების კლუბები დაუპირისპირდნენ, მაგრამ მიზეზთა გამო მოედანზე მოედანზე მხოლოდ ერთი ჩვენებური გავიდა.
მეორეადგილოსანმა “კლერმონმა” 17629 მაყურებლის წინაშე “ტულონს” უმასპინძლა, 25:19 იმარჯვა და ამით მეორე პოზიცია შეინარჩუნა. “ტულონმა” 7-ზე ნაკლები ქულით მარცხისთვის ერთი პრემიალური ქულა მიითვალა და ეს მესამე ადგილზე აღსაზევებლად საკმარისი აღმოჩნდა. თამაში დაძაბული გამოდგა და მასპინძლებმა მეტოქის გატეხვა მხოლოდ დასკვნით მეოთხედში მოახერხეს.
დებიუტში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე “კლერმონი” ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ 23-ე წუტზე სტუმრებმა ჯარიმითვე წონასწორობა აღადგინეს და თამაშის განახლებისთანავე ლელო გაიტანეს, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოყვა. მასპინძლებს ჯარიმით ანგარიშის შემცირების პირველი მცდელობა გაუცუდდათ, მეორე დარტყმა ზუსტი იყო, ორიოდე წუთში “ტულონმა” ჯარიმით უპასუხა, ხოლო ზედ შესვენების წინ, მასპინძლებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს და ტაიმი 12:16 დათმეს.
მეორე ნახევრის შუა პერიოდში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და 65-ე წუთამდე სტუმართა 4-ქულიანი უპირატესობა შენარჩუნდა, მერე კი, “კლერმონმა” ლელო გაიტანა და წინ გაიჭრა. ამას ზუსტი რეალიზაცია მოყვა, 74-ე წუთზე კლერმონელებმა ჯარიმაც გაიტანეს და 25:19 იმარჯვეს. მასპინძელთა რიგებში არ უთამაშია დავით ზირაქაშვილს, რომელიც მოტეხილ მაჯას იშუშებს. “ტულონის” შემადგენლობაში, 47-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა დავით ქუბრიაშვილი, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას ასეთ მძიმე მატჩში დაყენება კი, მწვრთნელმა აღარ გარისკა.
ამრიგად, “კლერმონს” 50 ქულა მოუგროვდა, მე-2 ადგილზეა და ლიდერ “ტულუზას” 6 ქულით ჩამორჩება, ხოლო “ტულონი” 40 ქულით მესამეა. ახლა გუნდები ორი კვირით ევროთასებზე გადაინაცვლებენ და იქ ჯგუფურ ეტაპს მოილევენ, Top 14 კი, 28 იანვარს განახლდება.

სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 56 (15 თამაში), 2. კლერმონი - 50 (15 თ.), 3. ტულონი - 40 (15 თ.), 4. კასტრი - 40 (15 თ.), 5. სტად ფრანსე - 39 (15 თ.), 6. რასინგ მეტრო - 36 (15 თ.), 7. აჟენი - 36 (15 თ.), 8. მონპელიე - 35 (15 თ.), 9. ბორდო - 30 (14 თ.), 10. პერპინიანი - 27 (15 თ.), 11. ბრივი - 24 (15 თ.), 12. ბიარიცი - 23 (15 თ.), 13. ბაიონი - 23 (15 თ.), 14. ლიონი - 20 (14 თ.).

მომდევნო ტური: ლიონი - აჟენი, ტულონი - ბაიონი, კასტრი - ბიარიცი, ბორდო - კლერმონი, მონპელიე - სტად ფრანსე, ბრივი - პერპინიანი, რასინგ მეტრო - ტულუზა.
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081402