ორკვირიანი საშობაო შესვენების შემდეგ, თამაშები საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-შიც განახლდა. ქართველი ლეგიონერების ექვსი კლუბიდან გამარჯვება მხოლოდ ორმა მოიპოვა, მაგრამ ამაში ჩვენებურთა დამსახურება მინიმალურიც არაა.
სატურნირო ცხრილს 52 ქულით გიორგი მენაბდიშვილის “გრენობლი” ლიდერობს, რომელმაც XV ტურში საკუთარ მოედანზე “უაიონა” 24:9 დაამარცხა და პრემიალური ქულაც მიითვალა, მაგრამ ქართველი ლეგიონერი განაცხადში ამჯერადაც არ იყო. მისი გუნდი უახლოეს მდევარს 6 ქულით უსწრებს და თუ ასე გააგრძელა, Top 14-ში უპრობლემოდ აღზევდება. შეგახსენებთ, ელიტარული ლიგის საგზურს Pro D2-ის პირდაპირ იღებს გათამაშების გამარჯვებული, მეორე-მეხუთე გუნდები კი, მეორე საგზურისთვის პლეი ოფში იბრძვიან.
მოიგო მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე კახა კობერიძის “ალბის” 22:19 სძლია. მირცხულავა და კობერიძე განაცხადში არ იყვნენ, მაგრაქველიძე კი, თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო. ამ მომენტისთვის მასპინძლები 22:9 იგებდნენ და მერე ქულის აღება ვერ მოახერხეს, სტუმრებმა კი, ჯარიმა, ლელო და გარდასახვა გაიტანეს და ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანეს. ეს სატურნირო ცხრილის მეზობელთა დავა იყო და “ტარბს” ჯამში 38 ქულა მოუგროვდა, რითაც მე-8 საფეხურამდე აღზევდა, “ალბის” კი, 37 ქულა გაუხდა და მე-9 პოზიციაზეა.
ქართველები - დავით ლოსაბერიძე და ზერო პეტრიაშვილი განაცხადში არ იყვნენ და მათმა “პომ”, რომელიც Top 14-ის საგზურისთვის იბრძვის, “ოში” 16:3 დასცა. “პო” 42 ქულით მე-4 ადგილზეა და პირველ ადგილს ალბათ ვერ შეწვდება, მაგრამ პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლა ნამდვილად შეუძლია.
დამარცხდნენ და უქულოდ დარჩნენ Pro D2-ის ყველაზე ქართული გუნდები. ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის “ორიაკმა” “ლა როშელთან” სტუმრად წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეორეხაზელი დათუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, პირველხაზელი ნაცარაშვილი მოედანზე მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გავიდა, ხოლო ასეიშვილი განაცხადში არ იყო.
30-ე წუთისთვის ანგარიში 6:6 იყო, მაგრამ სტუმრებმა ტაიმის დასკვნითი პერიოდი ცუდად ჩაატარეს და შესვენებაზე გასვლისას უკვე 6:16 აგებდნენ. მართალია, მათ 51-ე წუთზე ჯარიმა გაუშვეს, მაგრამ შემდგომი 10 წუთი წარმატებული აღმოჩნდა, ჯარიმას ლელო-გარდასახვა მოყვა და სხვაობა 3 ქულამდე დავიდა, მაგრამ დასკვნით წუთებში კვლავ მასპინძლებმა იმძლავრეს და ლელო-გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირეს. ამრიგად, “ორიაკი” უქულოდ დარჩა და 26 ქულით კვლავ მე-13 ადგილზე რჩება. ჯერჯერობით გავარდნის საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ “ნარბონმა” და “ბეზიემ” თითო ქულა აიღეს და ოდნავ მიუახლოვდნენ.
ყველაზე ცუდად საქმე თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის “პერიგოს” მისდის. ამ გუნდმა სეზონში თავისი მე-13 თამაში წააგო (2 მოგება) და 14 ქულით კვლავ ბოლო საფეხურზე რჩება. ამჯერად “პერიგო” სტუმრად “ექს-ან-პროვანსს” ეთამაშა და 8:19 დამარცხდა. სტუმრებს ერთი პრემიალური ქულის აღება შეეძლოთ. მათ ტაიმი 5:9 დათმეს, 73-ე წუთამდე კი, მხოლოდ 8:12 აგებდნენ, მაგრამ მერე ლელო გაუშვეს, რეალიზაციაც ზუსტი იყო და პრემიასაც ვერ შეწვდნენ. პირველხაზელი მარგველაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს, დადუნაშვილი ბრძოლაში 54-ე წუთიდან ჩაერთო, ზიბზიბაძე კი, ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო.
Pro D2-ის მომდევნო ტურის მატჩები 14-15 იანვარს გაიმართება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია