საქართველოს 2012/2013 წლების პირველობა შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპით გაიმართება. საამისოდ, განხორციელდება მთელი რიგი ცვლილებები, კერძოდ, უმაღლეს ლიგაში რვის ნაცვლად 10 გუნდი ითამაშებს.
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდები ითამაშებენ ტრადიციულად ორ წრედ, შინ და გარეთ და გამარჯვებულის ვინაობას პლეი ოფის სისტემით გაარკვევენ.
გაუქმდება მეორე ლიგა, რომელიც ორი წლის წინ შეიქმნა და სადაც გასულ სეზონში სულ ორი გუნდი თამაშობდა. იქ მოთამაშე და ახლადშექმნილი გუნდები, აღმოსავლეთ და დასავლეთ დივიზიონებად დაყოფილ პირველ ლიგაში გაერთიანდებიან. წელს ამ ლიგაში 16 გუნდი იასპარეზებს. დასავლეთ დივიზიონში გამოვლენ: ქუთაისის "ბაგრატი", ფოთის "რაინდები", ოზურგეთის "არწივები", საჩხერის "ჯრუჭი", ბათუმის "დელფინები" და სენაკის "ნოქალაქევი". აღმოსავლეთში - პატარძეულის "ვეფხვები," თბილისის "ხულიგანა", "დევები", "თიბისი", "დინამო", "ტორნადო", "ბარბაროსები", "მგლები", "სტუ" და "ივერია".
ორივე დივიზიონში გუნდები ორ წრედ ითამაშებენ. ორ-ორი საუკეთესო ოთხგუნდა ჯგუფს შექმნის, რომელშიც ასევე ორწრიანი ტურნირი ჩატარდება. ორი საუკეთესო კი უმღლესი ლიგის ორ უარესთან გადათამაშებაში შეეცდება რანგით მაღალი ლიგის საგზურის მოპოვებას.
შემოდგომა-გაზაფზულის სისტემა სექტემბრიდან ამოქმედდება და 2013 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მანამდე, წლეულს, 18 თებერვალს ე.წ. “გაზაფხულის გარდამავალი ტურნირი” აიღებს სტარტს, რომლის პირველ ეტაპზე პირველი ლიგის გუნდები იასპარეზებენ. აღმოსავლეთისა და დასავლეთის დივიზიონების გამარჯვებულები უმაღლეს ლიგას დაემატებიან.
31 მარტიდან “გაზაფხულის გარდამავალ ტურნირში” უმაღლესი ლიგის გუნდები ჩაერთვებიან. ორჯგუფა თორმეტგუნდა ტურნირი, სავარაუდოდ, 26, ან 27 მაისს დასრულდება. პირველ ჯგუფში ითამაშებენ: "არმია", "ლელო", "არმაზი", "ყოჩები", "ბათუმი XV" და დასავლეთ დივიზიონის გამარჯვებული. მეორე ჯგუფი: "აია", "ლოკომოტივი", "ხარები", "აკადემია", "ჯიქები" და აღმოსავლეთ დივიზიონის გამარჯვებული.
წლეულს, შეიცვლება ქულათა დარიცხვის სისტემაც და ის ფრანგულ მოდელზე გადაეწყობა: მოგებული გუნდი ოთხ ქულას მიიღებს, ამასთან, თუ მეტოქეს მინიმუმ სამით მეტ ლელოს გაუტანს, ერთი პრემიალური ქულა ერგება. ასევე შეუძლია პრემიალური ქულა მოიპოვოს წაგებულმა გუნდმაც, იმ შემთხვევაში, თუ შვიდი და ნაკლები ქულით დამარცხდება. ფრე 2 ქულაა. საგულისხმოა, რომ საქართველოს თასის გათამაშება უქმდება.
2012 წლის საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ორგანიზებული კაცთა, ქალთა და ჭაბუკთა შეჯიბრებების ჩატარების შესახებ დებულება განთავსდება რაგბის კავშირის საიტზე მენიუში “შიდა ასპარეზი”; ქვემენიუ “დოკუმენტები”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია