ამბები

15:28 | 14.01.2012 | ნანახია 2674 - ჯერ

დაუმარცხებელ “ბრივს” პლეი ოფამდე სულ ცოტა რჩება

დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და იური ნატრიაშვილის “ბრივი” ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირ “ამლინ ჩელენჯ ქაფზე” დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს და ბოლო ტურის წინ V ჯგუფის ლიდერად რჩება.
ბოლოსწინა ტურში ბრიველებმა 3000 მაყურებლის წინაშე ბექა შეყლაშვილის “აჟენს” უმასპინძლეს და დამაჯერებელი ანგარიშით, 50:13 იმარჯვეს. მასპინძლები თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ იყვნენ, მაგრამ გადამწყვეტი უპირატესობა დასკვნით მეოთხედში მოიპოვეს, ჯამში 7 ლელო გაიტანეს და პრემიალური ქულაც მიითვალეს. საწყის წუთებში გატანილ ორ ჯარიმას “აჟენმა” 25-ე წუთამდე ასევე ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა და წონასწორობა აღადგინა, მაგრამ შესვენებამდე “ბრივმა” ორი ლელო გაიტანა, ზედ ერთი ჯარიმაც მიაყოლა და ტაიმი 19:6 მოიგო.
დაიწყო თუ არა მეორე ნახევარი, სტუმრებმა ლელო-გარდასახვით ჩამორჩენის შემცირება მოახერხეს, მაგრამ 56-ე წუთიდან მოყოლებული, “ბრივმა” 5 უპასუხო ლელო გაიტანა და 3 რეალიზაცია გამოიყენა. “ბრივის” ძირითად შემადგენლობაში იყო და 64 წუთი ითამაშა ხინჩაგიშვილმა, ნატრიაშვილი ბრძოლაში მეორე ტაიმის პირველივე წუთიდან ჩაერთო, ხოლო სტუმართა ქართველი შეყლაშვილი პირველიდან მე-60 წუთამდე გაისარჯა.
ახლა “ბრივს” 23 ქულა აქვს, პირველ ადგილზეა და 8 ქულით უსწრებს ინგლისურ “სეილს”, რომელიც თავის მატჩს დღეს, ესპანეთში “ლა ვილას” წინააღმდეგ გამართავს. ძალთა თანაფარდობის გათვალისწინებით, ინგლისელებს მეტოქის დიდი ანგარიშით დამარცხება და პრემიალური ქულის აღება არ გაუჭირდებათ, ასე რომ, ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა 19 იანვარს, ინგლისში გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულები გადიან და მათ სამი გუნდი “ჰაინეკენის თასიდან” დაემატებათ (ჯგუფში მეორე ადგილზე გასული მესამე-მეხუთე გუნდები).
დებულების თანახმად, ჯგუფში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში მოპოვებულ ქულებს ენიჭება. თუ ეს მაჩვენებელი თანაბარი აღმოჩნდა, მაშინ მეოთხედფინალში ის გუნდი გავა, ვისაც ურთიერთშეხვედრებში მეტი ლელო ექნება გატანილი, შემდეგი მაჩვენებელი კი, გატანილ-მიღებული ქულები იქნება. პირველ წრეში “ბრივმა” “სეილი” 26:18 დაამარცხა, თავად 4 ქულა აიღო (პრემიალური ვერა), მაგრამ მეტოქეც უქულოდ დატოვა (შვიდ ქულაზე მეტი სხვაობით მარცხისთვის, პრემიალური ქულა ვერც ინგლისელებმა აიღეს). ორივე გუნდმა 2-2 ლელო გაიტანა. ამრიგად, თუ 19 იანვარს ფრანგებმა იმარჯვეს, ან ფრედ ითამაშეს, ისინი მეოთხედფინალში უპრობლემოდ გადიან. “ბრივს” ამის შანსი მარცხის შემთხვევაშიც ექნება, ოღონდ, მეტოქეს 4 ლელო არ უნდა გაატანინოს, თავად 7 და ნაკლები ქულით დამარცხდეს და ერთი პრემიალური ქულა აიღოს (თუ 4 ლელოც გაიტანა და მეორე პრემიალური ქულაც მიითვალა, მთლად უკეთესი). ასეთ შემთხვევაში, ურთიერთშეხვედრებში “ბრივს” “სეილთან 5 ქულა ექნება აღებული (4 პირველ წრეში მოგებისთვის და ერთი პრემიალური ქულა ინგლისში მცირე სხვაობით მარცხისთვის), “სეილს” ოთხი (ინგლისში მოგების შემთხვევაში) და მეოთხედფინალში ქართველთა ფრანგული გუნდი გავა.
“ჩელენჯ ქაფის” დანარჩენი შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება. სწორედ ხვალ ჩატარდება ფრანგული კლუბების მეორე ქართული დერბი. II ჯგუფის ლიდერი, დავით ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონი” გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის “ლიონს” მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში ლიდერობას შეინარჩუნებს. ამ წუთისთვის ის “ნიუკასლს”, რომელიც იტალიურ “პეტრარკას” მასპინძლობს, ორი ქულით უსწრებს. მასპინძელთა განაცხადში მხოლოდ ქუბრიაშვილი მოხვდა, ის ძირითად შემადგენლობაშია, ხოლო ლიონელთა რიგებში კავთიძე სათადარიგოთა შორისაა.
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083528