ამბები

12:29 | 16.01.2012 | ნანახია 2147 - ჯერ

“ჰაინეკენისთვის” ბრძოლას ორი შემორჩა

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰაინეკენის თასის” ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტური რჩება და მასში მონაწილე ქართველი ლეგიონერების ოთხი გუნდიდან, პლეი ოფში გასვლის შანსს ორი ინარჩუნებს. V ტურის შეხვედრებში გამარჯვება სამმა მოიპოვა, მათ შორის, “მონპელიემ” ამ ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა, მაგრამ ხელის გამოღება გვიანი აღმოჩნდა.
I ჯგუფის აუტსაიდერი, ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი”, რომელსაც პლეი ოფში გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგული ჰქონდა, ირლანდიაში “მანსტერს” 25600 ადგილობრივი გულშემატკივრის წინაშე ეთამაშა და 10:26 დამარცხდა, რის შემდეგაც ევროთასებზე დარჩენის შანსი თეორიულადაც დაკარგა. პირველხაზელი ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 56 წუთი ითამაშა. თამაშის ბედი დიდწილად რონან ოგარას კარგმა თამაშმა გადაწყვიტა, რომლისთვისაც ფრანგთა წინააღმდეგ გამართული შეხვედრა 102-ე იყო “ჰაინეკენის თასზე”. მან გუნდს 16 ქულა შესძინა და მატჩის საუკეთესო მორაგბედაც დასახელდა.
მასპინძლებმა ადრეულ ლელოს გარდასახვა, მე-15 წუთზე კი ჯარიმა მიაყოლეს. ორ წუთში ლელო-გარდასახვით ფრანგებმა ჩამორჩენა სარაგბო საზომებით მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგრამ შესვენებამდე ოგარამ ჯარიმიდან ორჯერ იხეირა და ტაიმი 16:7 მოიგო. მეორე ტაიმის საწყის ათ წუთში, გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 67-ე წუთზე”მანსტერმა” თავისი მეორე ლელო გაიტანა, ოგარას რეალიზაცია ამჯერადაც ზუსტი იყო და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა. ამრიგად, “კასტრს” 6 ქულა დარჩა და ჯგუფში ბოლო ადგილზეა, “მანსტერმა” კი, პირველი ადგილი და პლეი ოფში გასვლა უკვე გაინაღდა. შეგახსენებთ, რომ “ჰაინეკენის თასის” მერვედფინალში, ექვსი ჯგუფის პირველადგილოსანთან ერთად, ორი საუკეთესო მეორეადგილოსანიც გადის, შემდგომი სამი მეორეადგილოსანი კი, “ამლენ ჩელენჯ ქაფზე” გადაინაცვლებს.
III ჯგუფში მობურთალმა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის “მონპელიემ” “ჰაინეკენის თასზე” პირველი გამარჯვება იზეიმა. ამით მეორე ადგილზე გასვლის თეორიული შანსი შეინარჩუნა, მაგრამ ვერაფრით მოხვდება ორ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის და რანგით ყველაზე მაღალ ევროპულ საკლუბო ტურნირს აუცილებლად დაემშვიდობება. აღსანიშნავია, რომ “მონპელიეს” მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ პირველ ორ ტურში მხოლოდ 3 ქულის აღების შემდეგ (ფრე “ლენსტერთან” და მცირე სხვაობით მარცხი “ბათთან”) გადაწყვიტა, ევროთასებზე მეორე შემადგენლობით ეთამაშა, ძირითადი ბირთვი საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩებისთვის შემოენახა და ამის გამო დაისაჯა. ამ გუნდის სათადარიგოებმა მესამე შეხვედრა ისე წააგეს, რომ პრემიალური ქულა მიითვალეს, მეოთხე მატჩი კი, ფრედ დაასრულეს. არადა, ამ ორ თამაშში ძირითადი შემადგენლობით რომ ეთამაშა და გამარჯვებებისთვის მიეღწია, ახლა პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი ექნებოდა.
V ტურში “მონპელიემ” ინგლისურ “ბათს” 10106 მაყურებლის წინაშე უმასპინძლა და სათადარიგო შემადგენლობით ბოლო წამებზე მეტოქის დამარცხება მაინც მოახერხა. ამ მატჩში ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულო ის იყო, რომ “მონპელიეს” ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა ნარიაშვილმა - მოედანზე 60 წუთი გაატარა. დანარჩენი ქართველები განაცხადში არ იყვნენ. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მასპინძლები ლელო-გარდასახვით პირველივე წუთზე დაწინაურდნენ, მალე ჯარიმა გაუშვეს, ზედ შესვენების წინ კი, როდესაც მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულები დარჩნენ, ლელო თავად მიიღეს, რეალიზაციაც ზუსტი იყო და ტაიმი 7:10 დათმეს.
დაიწყო მეორე ნახევარი და ფრანგებმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ 52-ე წუთზე ლელო-გარდასახვა გაუშვეს. 66-ე წუთზე ანგარიში ისევ გათანაბრდა, თუმცა, “ბათმა” 71-ე წუთზე თავისი მესამე ლელო გაიტანა და კვლავ წინ გაიჭრა, ოღონდ, ამჯერად რეალიზაცია ვერ გამოიყენა. “მონპელიემ” გამარჯვების შანსი იყნოსა, ბოლო წუთებზე სტუმრებს დიდი შტურმი მოუწყო და ნაგუსამ ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, არგენტინელი ბუსტოს მოიანოს ზუსტი რეალიზაციის წყალობით კი, 24:22 იმარჯვა.
რადგან “მონპელიემ” მეოთხე ლელოს გატანა ვერ მოახერხა, პრემიალური ქულა ვერ აიღო, მეორე დღეს მცირე სხვაობით მარცხისთვის პრემიალური ქულა “გლაზგომ” მიიღო და ქართველთა გუნდი 10 ქულით მესამე ადგილზე ჩააჩოჩა, თავად კი, ერთით მეტი მოაგროვა. ბოლო ტურში რაც უნდა მოხდეს, “მონპელიე” III ჯგუფში მეორე ადგილს ვერ ასცდება და მაქსიმუმ 15 ქულას დააგროვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის ვერ მოხვდება, ანუ “ჰაინეკენის თასს” დაემშვიდობება. დასკვნით ტურში “მონპელიე” ირლანდიაში თასის მფლობელ “ლენსტერს” ეთამაშება, რომელსაც ჯგუფში პირველი ადგილი უკვე დაბევებული აქვს და დიდი შანსია, ამ ჯერზე მეორე შემადგენლობა ათამაშოს, მაგრამ გალტიეს “ჰაინეკენის თასი” არ ანაღვლებდა და აბა, “ჩელენჯ ქაფზე” ჯახით გუნდს როგორღა გადაღლის?!
იტალიაში, 5 ათასამდე გულშემატკივრის თვალწინ, შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა”, რომელმაც ადგილობრივ “აირონს” 82:0 გადაურბინა. ქართველი ლეგიონერი ტრავმირებულია და განაცხადში არ ყოფილა, მისმა თანაგუნდელებმა კი, მეტოქეს 12 უპასუხო ლელო გაუტანეს. ახლა “კლერმონს” 16 ქულა აქვს და სამით ჩამორჩება ირლანდიურ “ოლსტერს”, რომელსაც დასკვნით ტურში შინ დაუხვდება და თუ დაამარცხა, მეოთხედფინალის საგზურიც განაღდებული ექნება.
აქ გასათვალისწინებელია ტურნირის დებულება, რომლის თანახმად, ჯგუფში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში მოპოვებულ ქულებს ენიჭება. თუ ეს მაჩვენებელი თანაბარი აღმოჩნდა, მაშინ მეოთხედფინალში ის გუნდი გავა, ვისაც ურთიერთშეხვედრებში მეტი ლელო ექნება გატანილი, შემდეგი მაჩვენებელი კი, გატანილ-მიღებული ქულები იქნება. პირველ ტურში “კლერმონი” “ოლსტერთან” 11:16 დამარცხდა და მეტოქემ 4, თავად კი, ერთი პრემიალური ქულა აიღო. ამრიგად, თუ ფრანგებმა შვიდ ქულაზე ნაკლები სხვაობით მოიგეს, მაშინ აუცილებელია მომავალ მატჩში მეტოქეზე მეტი ლელო გაიტანონ, რადგან პირველ თამაშში გუნდებმა თითო ლელო მიითვალეს. თუ “ოლსტერმა” ოთხი და მეტი ლელო გაიტანა, “კლერმონმა” კი სამზე მეტი ვერა, მაშინ მეორე ადგილზე კი გავა, მაგრამ პლეი ოფში გასვლა II და VI ჯგუფის მატჩების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, სადაც მეორეადგილსან გუნდებს მისი დარი ქულების მოგროვების შანსი აქვთ. იმედია, საქმე იქამდე არ მივა და ტრავმამოშუშებული ზირაქაშვილი გაზაფხულზე “ჰაინეკენის თასზე” გუნდის დახმარებას შეძლებას.
VI ჯგუფს ლიდერობს აქვსენტი გიორგაძის “ტულუზა”, რომელმაც ირლანდიური “კონახტი” 24:3 დაამარცხა, თანაც ოთხი ლელოც გაიტანა და 18 ქულით პირველ ადგილზეა. მატჩში, რომელსაც საფრანგეთში 18508 მაყურებელი დაესწრო, სტუმრები ჯარიმით დაწინაურდნენ. შესვენებამდე მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს, თუმცა, ვერცერთი რეალიზაცია ვერ გამოიყენეს. მეორე ნახევრის დასაწყისში “ტულუზამ” მესამე, ხოლო 68-ე წუთზე მეოთხე, პრემიალური ქულის მომტანი ლელო გაიტანა და ორივე რეალიზაციაც გამოიყენა.
გიორგაძე “ტულუზას” წინასაახალწლოდ შეუერთდა, მაგრამ თავის მეორე შეხვედრაში ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა და რაღა თქმა უნდა, “კონახტის” წინააღმდეგ არ ითამაშა. დასკვნით ტურში მისი გუნდი ინგლისში “გლოსტერს” ეთამაშება და ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება მას პირველი ადგილის დაუკანონებს. “ჰაინეკენის თასის” ჯგუფური ეტაპის დასკვნითი თამაშები მომავალ უქმეებზე გაიმართება და მეოთხედფინალში გამსვლელთა ვინაობაც სწორედ მაშინ გაირკვევა.

“ჰაინეკენის თასი”. V ტური
I ჯგუფი
მანსტერი - კასტრი 26:10 (16:7)
სკარლეტსი - ნორთჰემპტონი 17:29 (14:6)

1. მანსტერი (ირლანდია)          5 5 0 0 112-82 20
2. ნორთჰემპტონო (ინგლისი)  5 2 0 3 140-109 12
3. სკარლეტსი (უელსი)             5 2 0 3 103-111 11
4. კასტრი (საფრანგეთი)           5 1 0 4 98-151 6

VI ტური
21 იანვარი

ნორთჰემპტონი - მანსტერი
კასტრი - სკარლეტსი

II ჯგუფი
ლონდონ აირიში - კარდიფი 15:22 (9:6)
რასინგ მეტრო - ედინბურგი 24:27 (7:14)

1. ედინბურგი (შოტლანდია)      5 4 0 1 122-127 17
2. კარდიფ ბლუზი (უელსი)        5 4 0 1 109-80 17
3. ლონდონ აირიში (ინგლისი)   5 1 0 4 105-105 9
4. რასინგ მეტრო (საფრანგეთი)   5 1 0 4 130-154 8

VI ტური
22 იანვარი

კარდიფი - რასინგ მეტრო
ედინბურგი - ლონდონ აირიში

III ჯგუფი
გლაზგო - ლინსტერი 16:23 (6:6)
მონპელიე - ბათი 24:22 (7:10)

1. ლენსტერი (ირლანდია)                   5 4 1 0 147-85 20
2. გლაზგო უორიორსი (შოტლანდია) 5 2 1 2 88-110 11
3. მონპელიე (საფრანგეთი)                 5 1 2 2 81-87 10
4. ბათი (ინგლისი)                              5 1 0 4 99-133 7

VI ტური
21 იანვარი

ბათი - გლაზგო
ლენსტერი - მონპელიე

IV ჯგუფი
აირონი - კლერმონი 0:82 (0:47)
ოლსტერი - ლესტერი 41:7 (18:7)

1. ოლსტერი (ირლანდია)            5 4 0 1 143-68 19
2. კლერმონი (საფრანგეთი)         5 3 0 2 196-54 16
3. ლესტერ ტაიგერსი (ინგლისი)  5 3 0 2 90-111 12
4. აირონი (იტალია)                      5 0 0 5 45-241 0

VI ტური
21 იანვარი

ლესტერი - აირონი
კლერმონი - ოლსტერი

V ჯგუფი
ოსპრეი - ტრევიზო 44:17 (25:10)
სარასენსი - ბიარიცი 20:16 (14:6)

1. სარასენსი (ინგლისი)             5 4 0 1 119-87 18
2. ბიარიცი (საფრანგეთი)          5 2 0 3 107-100 13
3. ოსპრეი (უელსი)                    5 2 1 2 137-111 13
4. ბენეტონ ტრევიზო (იტალია) 5 1 1 3 102-167 6

VI ტური
22 იანვარი

ტრევიზო - სარაცინი
ბიარიცი - ოსპრეი

VI ჯგუფი
ტულუზა - კონახტი 24:3 (10:3)
ჰარლიქუინსი - გლოსტერი 20:14 (10:11)

1. ტულუზა (საფრანგეთი)   5 4 0 1 126-71 18
2. ჰარლიქუინსი (ინგლისი) 5 4 0 1 114-85 16
3. გლოსტერი (ინგლისი)     5 2 0 3 77-98 10
4. კონახტი (ირლანდია)       5 0 0 5 59-122 2

VI ტური
20 იანვარი

კონახტი - ჰარლიქუინსი
გლოსტერი - ტულუზა

ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087467