საფრანგეთის მორაგბეთა რანგით მესამე, ნახევრადპროფესიულ ლიგა “ფედერალ 1”-ში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატთა უმრავლესობა თამაშობს, საშობაო არდადეგების შემდეგ X ტურის მატჩები გაიმართა. “ბორჯღალოსანთა” ორმა კანდიდატმა - შალვა სუთიაშვილმა და ირაკლი მაჩხანელმა ლელოები გაიტანეს, ხოლო მერაბ კვირიკაშვილი გუნდს ჯარიმით, არეკნით და ორი რეალიზაციით შეეწია.
შეგახსენებთ, “ფედერალ 1” ოთხ რეგიონალურ დივიზიონადაა დაყოფილი. თითოეულ ჯგუფში ათი გუნდი თამაშობს და მათგან ოთხ-ოთხი საუკეთესო, Pro D2-ში აღზევებისთვის ბრძოლას პლეი ოფში აგრძელებს, ორი ფინალისტი კი, ქვეყნის რანგით მეორე დივიზიონში თამაშის უფლებას იღებს.
პირველ ჯგუფში შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის “მასიმ” უიმედო აუტსაიდერს, რევაზ გიგაურის, დიმიტრი ხოჭოლავასა და ნიკოლოზ გიორგაძის “ბულონს” უმასპინძლა. მასპინძელთა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა მესამეხაზელმა სუთიაშვილმა, სასტარტოში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს პირველხაზელი კობაურიც, ხოლო აშვეთია განაცხადში ვერ მოხვდა. სტუმართა სამივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო - უკანახაზელმა, შუამარბმა გიგაურმა და მეორეხაზელმა ხოჭოლავამ სრულად იბურთავეს, პირველხაზელი გიორგაძე კი, მწვრთნელმა 52-ე წუთზე შეცვალა.
“მასიმ” გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ნახევარში მოიპოვა. თავიდან “ბულონი” ჯარიმით დაწინაურდა, რაზეც მასპინძლებმა ლელოთი უპასუხეს, მაგრამ ხუთიოდე წუთში ლელო სტუმრებმაც გაიტანეს - 5:8. “მასიმ” 31-ე წუთზე თავისი მეორე ლელო გაიტანა და წინ გაიჭრა, თანაც რეალიზაციაც გამოიყენა. 35-ე წუთზე მასპინძლები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ, თუმცა, ზედ შესვენების წინ შალვა სუთიაშვილმა იყოჩაღა და ლელოთი უპირატესობა გაზარდა - ტაიმი 19:8 დასრულდა. თამაშის განახლებისთანავე “ბულონმა” ლელო-გარდასახვით იმედი დაიბრუნა, მაგრამ მერე ოთხი ლელო ისევ “მასიმ” მიითვალა და 45:15 იმარჯვა.
10 თამაშის შემდეგ, “მასის” 34 ქულა აქვს, მე-2 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს, ხოლო “ბულონი” კვლავაც უქულოდაა და ბოლო საფეხურს იკავებს.
ჯგუფის ლიდერმა, დავით ბოლღაშვილის “ლილმა” “სტრასბურს” 18:15 აჯობა და 41 ქულით პირველობას ინარჩუნებს. განვლილ შეხვედრაში ქართველ ლეგიონერს მონაწილეობა არ მიუღია. გიორგი მჭედლიშვილის “დიჟონმა” შოთა მელიქიძის “მაკონი” 23:12 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში მეორე ტაიმი სრულად ითამაშა მჭედლიშვილმა, ხოლო მელიქიძე განაცხადში არ იყო. “დიჟონს” 27 ქულით მეოთხე ადგილი უკავია და პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს, ხოლო “მაკონი” 23 ქულით მეშვიდეა და ჯერ იმედი არც მას დაუკარგავს.
ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დადუნაშვილის “მონლუსონმა” “ნევერს” 17:15 სძლია. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 14:3 კი მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევრის საწყის 10 წუთში ორი ლელო და ერთი რეალიზაცია მიიღეს და მდევრის როლში აღმოჩნდნენ. თამაშის ბედი ბოლოსწინა წუთზე გადაწყდა, როდესაც “მონლუსონმა” არეკნი გაიტანა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. დადუნაშვილი განაცხადში არ იყო, ხოლო ყუფარაძე შეცვლაზე 53-ე წუთზე შევიდა. ამ მოგების შემდეგ, “მონლუსონს” 28 ქულა დაუგროვდა და კვლავ მე-3 ადგილზეა.
ავთანდილ კოპალიანისა და შოთა საყვარელიძის “ორლეანი” “ბობინისთან” 0:31 შერცხვა. ქართველმა ლეგიონერებმა შეცვლაზე ითამაშეს - კოპალიანი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, ხოლო საყვარელიძე - 66-ე წუთზე. მათ გუნდს 13 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.
II ჯგუფში “სენტ-ეტიენის” უკანახაზელმა, გარემარბმა ირაკლი მაჩხანელმა გატანილი ლელოთი თავი ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გამოიჩინა. “სენტ-ეტიენმა” თემურ გელანტიას “ნიმს” უმასპინძლა და 33:17 იმარჯვა, თანაც პრემიალური ქულაც მიითვალა. მაჩხანელმა, რომელიც სრულად გაისარჯა, გუნდის მეოთხე ლელო 27-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 26:10 გახადა. გელანტიამ მოედანზე 65 წუთი გაატარა. “სენტ-ეტიენი” 23 ქულით მე-6 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს, “ნიმი” კი, 11 ქულით მე-9 საფეხურზეა.
დავით კაჭარავასა და ნიკოლოზ მაღალდაძის “ნიცა” საკუთარ მოედანზე დამარცხდა “კასტანესთან”, არადა, 70-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით 22:16 დაწინაურდა და თითქოს ოთხ ქულასაც აიღებდა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ლელო გაუშვა და ზუსტი რეალიზაციის შემდეგ 22:23 დამარცხდა. კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, “ნიცა” კი, 17 ქულით მე-8 ადგილამდე დაეშვა.
გია ლაბაძის, ვახტანგ მაისურაძისა და რევაზ ბელქანიას “ლა სეინი” “მონტობანთან” სტუმრად 13:20 დამარცხდა და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა. მაისურაძე განაცხადში არ იყო, ლაბაძე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, ხოლო ბელქანიამ მოედანზე 60 წუთი გაატარა. “ლა სეინი” 27 ქულით მეოთხე ადგილზეა. სტუმრად “ბრესანთან” 21:29 დამარცხდა ირაკლი ნინიძის “რომანი”. ქართველმა პირველხაზელმა სრულად ითამაშა, მისი გუნდი კი, 19 ქულით მეშვიდეა.
გიორგი კუთარაშვილის “შატორენარმა” “პოსეენს” უმასპინძლა და მომხვდური 70:0 გაანადგურა. ქართველი პირველხაზელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 47 წუთი ითამაშა. “შატორენარს” 26 ქულა დაუგროვდა და მე-5 ადგილზეა.
III ჯგუფში მესამე გამარჯვება იზეიმა მერაბ კვირიკაშვილის, გიორგი ჩხაიძისა და გიორგი ოზგებაშვილის “სენ-ჟუნიენმა”, რომელმაც “ლავორს” 20:14 სძლია. ამ გამარჯვებაში ლომის წილი მიუძღვის საქართველოს ნაკრების მგეზავს. კვირიკაშვილმა ანგარიში მე-5 წუთზე არეკნით გახსნა, 24-ე წუთზე რეალიზაცია გამოიყენა და ანგარიში 10:7 გახადა, ხოლო 30-ეზე გატანილი რეალიზაციის შემდეგ, გუნდი 17:7 დააწინაურა და ტაიმიც ასე დასრულდა. 66-ე წუთზე მან უკვე ჯარიმიდან იხეირა და “სენ-ჟუნიენი” 20:7 წინ გაიყვანა. კვირიკაშვილმა სრულად ითამაშა. ძირითად შემადგენლობაში იყო და 8 ნომრის პოზიციაზე სრულად გაისარჯა ჩხაიძე, ხოლო ოზგებაშვილი განაცხადში ვერ მოხვდა. ქართველთა გუნდს 18 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა.
IV ჯგუფში, დიმა ბასილაიას და გიორგი ნემსაძის “ვალანს დ’აჟენმა” “ოლორონთან” სტუმრად 34:18 მოიგო და 29 ქულით მე-3 ადგილზეა. ორივე ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაში იყო. ნემსაძემ მესამე ხაზში სრულად ითამაშა, ხოლო ასევე მესამეხაზელი ბასილაია მე-60 წუთზე შეცვალეს. თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა და “ვალანს დ’აჟენი” 78-ე წუთამდე მხოლოდ ორი ქულით იგებდა, მაგრამ ბოლოში ორი ლელო გაიტანა და დიდი სხვაობით იმარჯვა, თანაც, პრემიალური ქულაც მიითვალა.
“ფედერალ 1”ის მომდევნო ტურის თამაშები 22 იანვარს გაიმართება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია