ამბები

17:51 | 19.01.2012 | ნანახია 3206 - ჯერ

“ბორჯღალოსანთა” თავკაცები თბილისში მოდიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების თავკაცი, ახალზელანდიელი სპეციალისტი მილტონ ჰეიგი და მისი თანაშემწე კრის გიბსი, თბილისის გზას დაადგნენ. 20 იანვარს, თბილისის დროით 17:35 წუთზე, “თურქეთის ავიახაზების” რეისის თვითმფრინავი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება და “ბორჯღალოსანთა” მწვრთნელებიც პირველად ჩაისუნთქავენ საქართველოს.
მწვრთნელები უახლოეს დღეებში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მინისტრს, ლადო ვარძელაშვილს შეხვდებიან და ოფიციალურად გაფორმდება 2-წლიანი ხელშეკრულება, დამატებით კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. მთავარი მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი მთელი წლის განმავლობაში საქართველოში იქნება, მარტში კი, თბილისში მისი ოჯახის წევრებიც ჩამოვლენ. შერკინების მწვრთნელი კრის გიბსი წლეულს საქართველოში შვიდ თვეს დაჰყოფს, ახალზელანდიურ “ვაიკატოსთან” კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კი, 2013 წლიდან საქართველოში მინიმუმ ერთ წელს იმუშავებს.
მწვრთნელები ევროპის ერთ თასის სამზადისს 30 იანვრიდან შეუდგებიან და უახლოეს დღეებში სანაკრებო შემადგენლობასაც ოფიციალურად დაასახელებენ. სია ჯერ არ ხმაურდება, თუმცა, ფრანგულმა კლუბმა “მონპელიემ” თავის ოფიციალურ საიტზე უკვე განათავსა ინფორმაცია, რომ ნაკრებში გამოძახებულნი არიან 2011 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე და პირველხაზე მიხეილ ნარიაშვილი. ნარიაშვილს “მონპელიეს” ძირითად გუნდში ახლახანს ჰქონდა დებიუტი “ჰაინეკენის თასზე”, მალე კი, მისი დებიუტი “ბორჯღალოსანთა” რიგებშიც შედგება.
საქართველოს ნაკრებს პირველი თამაში 4 თებერვალს, უკრაინასთან დნეპროპეტროვსკში ელის, შემდეგი შეხვედრა - მადრიდში, ესპანელი “ლომების” წინააღმდეგ გაიმართება. პორტუგალიელებს თბილისი 25 თებერვალს უმასპინძლებს, გასვლითი მატჩი რუმინელებთან 10 მარტს, ბუქარესტში გამართება, ხოლოდ ევროპის ერთა თასის ბოლო შეხვედრა თბილისში, 17 მარტს, რუსეთის წინააღმდეგ შედგება.
მილტონ ჰეიგი და კრის გიბსი, ნაკრების გარდა, სარაგბო აკადემიაშიც იმუშავებენ, სადაც სწავლება სრულიად ახლებური სისტემით წარიმართება. სპეციალისტები კონსულტირებას გაუწევენ როგორც ახალგაზრდულ ნაკრებებს, ასევე ქართული კლუბების მწვრთნელებს და საქართველოში იმ ქვეყნის ცოდნას მოიტანენ, რომლის მკვიდრნი, შეიძლება ითქვას, რაგბით სუნთქავენ. კონტრაქტის თანახმად, ყოველი წლის ბოლოს მოხდება გაწეული მუშაობის შეფასება. სწორედ ამ შეფასებაზე იქნება დამოკიდებული კონტრაქტის შემდგომი გახანგრძლივება.
ჰეიგი, რომლის ხელფასიც თვეში 9 ათასი დოლარი იქნება, იმედოვნებს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მისი დამრიგებლობის პირველ 12 თვეში იტალიისა და შოტლანდიის დონეზე აიყვანს.
“ვფიქრობ, ქართველი ბიჭები ამას ადვილად შეძლებენ. მსოფლიო თასის დროს მათ მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს შოტლანდიას, არგენტინას და თვით ინგლისსაც კი. საქართველოს ნაკრები საკმაოდ ძლიერია შერკინებაში. დაცვის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, ვფიქრობ, სწრაფად მოვახერხებთ. მაგრამ, ჩემი აზრით, უმთავრესი სამუშაო შეტევაში გვექნება. მსოფლიოზე ბიჭებმა მხოლოდ სამი ლელო დადეს, არადა, სივრცე რომ დაენახათ, გაცილებით მეტ ქულას მოიპოვებდნენ” - ამბობს ჰეიგი 4 იანვარს “საუთლენდ ტაიმსთან” ინტერვიუში.
ახალზელანდიელი სპეციალისტები ძალზე კმაყოფილი არიან საერთაშორისო დონეზე მუშაობის შესაძლებლობით: “ნაკრების მომზადება მსოფლიო თასისთვის ნებისმიერი მწვრთნელის კარიერის კულმინაციაა. საამისოდ, ჩვენ საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა გავიაროთ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, ამას იოლად შევძლებთ“ - დაამატა ჰეიგმა.
შეგახსენებთ, რომ ზელანდიელებთან ერთად, საქართველოს ნაკრებში ორი ქართველი სპეციალისტი - ილია მაისურაძე და ილია ზედგინიძე იმუშავებენ. ჰეიგს კონსულტაციას ცნობილი მორაგბე, ტანა უმაგაც გაუწევს.
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.138033