დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინის და ირაკლი ნატრიაშვილის “ბრივმა”, “ამლინ ჩელენჯ ქაფის” ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად განვლო და პირველი გუნდი გახდა, რომელმაც მეოთხედფინალში თამაში დაიბევა.
ბოლო მატჩის წინ, ფრანგები ინგლისურ “სეილ შარქსს” სამი ქულით უსწრებდნენ და პლეი ოფში იმ შემთხვევაშიც გადიოდნენ, თუ მეტოქეს ოთხი ლელოს გატანის საშუალებას არ მისცემდნენ, მცირე სხვაობით დამარცხდებოდნენ და თავად ერთ პრემიალურ ქულას აიღებდნენ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლების საქმეში ჩართვა საჭირო აღარ გახდა. “ბრივმა” ინგლისში კარგი თამაში აჩვენა, მეტოქე ძალისმიერად დაჩაგრა, დასკვნით ხუთ წუთში კი, ათი ქულა მიითვალა და 19:9 იმარჯვა.
მიუხედავად თავსხმა წვიმისა, 11 ათასიან სტადიონზე 7 ათასი მაყურებელი იმ იმედით მივიდა, რომ “სეილი” საკუთარი მოედნის უპირატესობას გამოიყენებდა და მეტოქის ძლევით მეოთხედფინალში გავიდოდა. სტუმართა მწვრთნელმა კაკოვინი განაცხადში არ შეიყვანა, ხინჩაგიშვილი და ნატრიაშვილი კი, ძირითად შემადგენლობაში დაყენა. ორივე ქართველმა კარგად ითამაშა. ის, რომ ფრანგთა შერკინება უპირატესობას ფლობდა, დიდწილად სწორედ ჩვენებურთა დამსახურებაა. პირველ ხაზში სუსტი წერტილი მხოლოდ 3 ნომერი, ფრანგი ბაროზი იყო, რომელიც რამდენჯერმე დაჯარიმდა. ნატრიაშვილმა მოედანზე 53, ხოლო ხინჩაგიშვილმა 65 წუთი გაატარა.
საქართველოს ნაკრების წევრები შეუდარებელნი იყვნენ დაცვაში თამაშისას. როდესაც ისინი ბოჭვაზე მიდიოდნენ, იერიში იმავე წერტილში იშლებოდა, ორივე მათგანმა ბევრი იმუშავა რაქების გაწმენდისას, მოლში, ხინჩაგიშვილმა ორი კარგი გარღვევა მოაწყო და ორივე ჯერზე 10-10 მეტრით წაიწია წინ. ის, რომ ეს გარღვევები ლელოებით არ დაგვირგვინდა, “ხინჩაგას” ბრალი სულაც არაა. მეორე ეპიზოდში, მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ორიოდე მეტრში, რაქიდან გამოტანილი ბურთი ნატრიაშვილს უნდა მიეღო, მაგრამ მისი შემაგრება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, ამ დროს “სეილი” თამაშგარიდან თამაშის გამო დაჯარიმდა და “ბრივმა” 3 ქულა მაინც აიღო. ნატრიაშვილის აუტები უკეთესის სურვილს ნამდვილად იწვევდა, განსაკუთრებით მატჩის დასაწყისში, როდესაც ზედიზედ ორი აგდება გაუცუდდა, თუმცა, მთლიანობაში, მაინც ნორმალურად გამოიყურებოდა და რამდენჯერმე ფრანგებმა სწორედ დერეფნიდან შეუტიეს სახიფათოდ.
“სეილი” ადრეული ჯარიმით დაწინაურდა, რაზეც “ბრივმა” ჯარიმითვე მე-15 წუთზე უპასუხა, თუმცა, ხუთიოდე წუთში ფრანგთა 3 ნომერი ისევ დაჯარიმდა და მასპინძლები თითქმის ცენტრიდან გატანილი დარტყმით კვლავ წინ გაიჭრნენ. 25-ე წუთზე ხინჩაგიშვილმა პირველი გარღვევა მოაწყო. ის მეტოქის 22-ში შევიდა, მერე ბურთი ცენტრისკენ ჩათამაშდა და სტუმრებმა ქულის აღება არეკნით სცადეს, მაგრამ 23 მეტრიდან დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. ფრანგებმა ძალაში უპირატესობა იგრძნეს და ნახევარი საათის თავზე ჯარიმის კარში დარტყმას ბურთის აუტში გადატანა და მოლით იერიში არჩიეს, მაგრამ შეტევაში დაჯარიმდნენ და შანსი დაკარგეს.
ტაიმის მიწურულს რეფერიმ შერკინებაში “ბრივი” დააჯარიმა, ამჯერად ხინჩაგიშვილი. ეპიზოდი საკამათო იყო, მაგრამ ამას ინგლისელებისთვის ხელი არ შეუშლია და ისინი 9:6 დაწინაურდნენ, თუმცა, ერთ წუთში უკვე თავად დაჯარიმდნენ, სტუმრებმა დარტყმა ზუსტად შეასრულეს და ტაიმი 6:9 დათმეს. დაიწყო მეორე ტაიმი ნატრიაშვილის კარგად აგდებული აუტის შემდეგ, “ბრივმა” კიდევ ერთი მოლი დააყენა და დაახლოებით 20 მეტრით წინ წაიწია. “სეილმა” იერიში” ჯარიმით შეაჩერა, მაგრამ ფრანგებმა დაახლოებით 25 მეტრიდან ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ვერ გამოიყენეს.
სამაგიეროდ, მორიგი კარგი დერეფნის და მოლის შემდეგ, მას ხინჩაგიშვილი მოსწყდა, დაახლოებით 10 მეტრი გაიარა და ინგლისელთა ჩათვლის მოედანს 2-3 მეტრამდე მიუახლოვდა. რაქიდან გამოტანილი ბურთი ნატრიაშვილის უნდა მიეღო და მორიგი დარტყმა განეხორციელებინა, მაგრამ ის ხელიდან გაუცურდა. ამაში ხელი მეტოქემაც შეუშალა, რომელმაც თამაშგარიდან ითამაშა და ირაკლის კონცენტრაცია დააკარგვინა. სამაგიეროდ, სტუმრებმა ამჯერად ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და წონასწორობა აღადგინეს.
ამის შემდეგ “სეილმა” ტემპს უმატა და გარკვეული სათამაშო უპირატესობაც მოიპოვა. მათ რამდენჯერმე შეძლეს ფრანგთა ხაზის გაჭრა, მაგრამ სტუმართა თადადებული თამაშის გამო, ლელოს გატანა ვერ მოახერხეს. რაც უფრო ცოტა დრო რჩებოდა, ინგლისელებს 7-ზე მეტი ქულით მოგების ნაკლები შანსი რჩებოდათ და მათი იმედები საბოლოოდ მაშინ გადაიწურა, როდესაც ფრანგთა კაპიტანმა ალამთან ლელო გაიტანა. თამაშის დამთავრებამდე ხუთიოდე წუთი რჩებოდა, რეალიზაცია ზუსტი აღმოჩნდა და მეოთხედფინალში გამსვლელის ბედი საბოლოოდ გაირკვა, მაგრამ სტუმრებმა მიწურულს ერთი ჯარიმაც გამოიყენეს და 19:9 იმარჯვეს.
მეოთხედფინალში “ბრივს” საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში, სადაც მხოლოდ ერთი თამაში იმართება, ხუთი ჯგუფის გამარჯვებული გადის და მათ სამი გუნდი “ჰაინეკენის თასიდან” (მესამე-მეხუთე მეორეადგილოსნები) ემატება. ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული ქულების მიხედვით, ხუთი გუნდი შეადგენს ერთგვარ ცხრილს და ოთხ უკეთესს საუკეთესო მოედნის უპირატესობა ექნება. “ჩელენჯ ქაფის” დანარჩენ ჯგუფებში, ბოლო შეხვედრები დღეს, ხვალ და ზეგ გაიმართება. “ბრივს” 27 ქულა აქვს და მასზე მეტის მოგროვების შანსი მხოლოდ ერთ გუნდს, “სტად ფრანსეს” აქვს, ასე რომ, ქართველთა სამეულის გუნდი რეიტინგში პირველ-მეორე ადგილს დაიკავებს და საკუთარი მოედნის უპირატესობაც გარანტირებული ექნება.
“ჩელენჯ ქაფი”. VI ტური
V ჯგუფი
19 იანვარი
სეილი - ბრივი 9:19 (9:6)
აჟენი - ლა ვილა 62:7 (35:7)
1 | ბრივი (საფრანგეთი) | 6 | 6 | 0 | 0 | 209-79 | 27 |
2 | სეილ შარქსი (ინგლისი) | 6 | 4 | 0 | 2 | 225-96 | 20 |
3 | აჟენი (საფრანგეთი) | 6 | 2 | 0 | 4 | 168-166 | 10 |
4 | ლა ვილა (ესპანეთი) | 6 | 0 | 0 | 6 | 64-325 | 0 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია