საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და მისმა თანაშემწემ, კრის გიბსმა, ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ, თბილისის დროით 17:45 წუთზე, საქართველოს მიწაზე ფეხი პირველად დადგეს.
მიუხედავად დამღლელი მოგზაურობისა, ისინი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს გაესაუბრნენ და საკუთარ წარმოდგენასა და მიზნებზე ისაუბრეს. ხვალ “ბორჯღალოსანთა” ახალი თავკაცები ქვეყნის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრ ლადო ვარძელაშვილს შეხვდებიან და კონტრაქტიც ოფიციალურად გაფორმდება, მერე კი, უშუალო საქმიანობას შეუდგებიან.
მილტონ ჰეიგი: “ძალიან გრძელი გზა გამოვიარეთ და ცოტა დაღლილები ვართ. ჩვენთვის დიდი პატივი და გამოწვევაა საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა. წინ საინტერესო სამუშაო გველოდება. საქართველოს ნაკრების თამაშის შესახებ, წარმოდგენა ზელანდიაში, მსოფლიო თასზე მისი გამოსვლის შემდეგ შემექმნა. თვის ბოლოდან ვარჯიშს დავიწყებთ და გუნდს უკეთ გავიცნობ. ჩემი მიზანია, რომ ნაკრების სათამაშო დონე გაიზარდოს და იმაზე უკეთ ვიბურთაოთ, ვიდრე მსოფლიო თასზე ვიბურთავეთ. ხვალ მინისტრს შევხვდებით, კონტრაქტს გავაფორმებთ და ოფიციალურად შევუდგებით ახალ სამუშაოს”.
კრის გიბსი: “ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები ძლიერი, ფეთქებადი გუნდია. განსაკუთრებით ძლიერები არიან შერკინების მოთამაშეები. ეს საქართველოს ნაკრების მთავარი, დამრტყმელი ძალაა. შევეცდებით, ჩვენი გამოცდილება მოვახმაროთ და გუნდი უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ. ჩვენთვისაც დიდი გამოცდილება იქნება ასეთ გუნდში მუშაობა”.
მილტონ ჰეიგი ზელანდიის სამხრეთ კუნძულისა და საუთლენდის პროვინციის 16 და 18 წლამდე გუნდებში თამაშობდა. 1982-88 წლებში გამოდიოდა საუთლენდის პროვინციის ნაკრებში, 1980 წელს იყო “ოლ ბლექსის” 17-წლამდელთა, ხოლო 1982 წელს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი. 1990-96 წლებში “ბეი ოვ ფლენთის” რიგებში ჩაატარა 48 მატჩი, 1992 წელს თამაშობდა ზელანდიურ კლუბებში Marist-ში და President XV-ში. ნათამაშები აქვს სამხრეთ აფრიკულ და ინგლისურ კლუბებში. ის 9 ნომრის პოზიციაზე ირჯებოდა.
რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, ის მოთამაშე მწვრთნელი იყო ედინბურგის კლუბ “პრესტონ ლიჯში”, 2000-2002 წლებში “ბეი ოვ პლენთის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, 2003-2007 წლებში კი, “ვანგანუის” მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. ამ პერიოდში ის გახდა ახალი ზელანდიის ადგილობრივი ჩემპიონატის მესამე დივიზიონის ჩემპიონი, ხოლო 2006-2007 წლების სეზონში, ასევე ადგილობრივი პირველობის ჰარტლენდის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. 2000-იან წლებში ჰეიგი ზელანდიის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში სპეციალისტ მწვრთნელად მუშაობდა. 2010-2011 წლებში იგივეს აკეთებდა 20-წლამდელთა ნაკრებში, ხოლო 2007 წელს ახალი ზელანდიის რაგბის კავშირში სპეციალისტ მწვრთნელი გახლდათ. 2006-07 წლებში ქვეყნის ბავშვთა და მოზარდთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, 2008 წელს “მაორების” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ხოლო 2009-2011 წლებში, “სტილერსის” მთავარი მწვრთნელი და რაგბის განვითარების ხელმძღვანელი.
ჰეიგი საქართველოს რაგბის კავშირთან კონტრაქტს 2+2 სისტემით გააფორმებს, საქართველოში ოჯახთან ერთად იცხოვრებს და ხელფასის სახით თვეში 9 ათას ევროს აიღებს. მილტონის მეუღლე და ორი შვილი საქართველოში მარტის თვეში ჩამოვლენ. კრის გიბსს “ვაიკატოსთან” მოქმედი კონტრაქტი ჯერ კიდევ აკავშირებს და ამის გამო, წლეულს ჩვენს ქვეყანაში შვიდ თვეს გაატარებს, მომავალი წლიდან კი, ისიც საქართველოში აპირებს ცხოვრებას. აღსანიშნავია, რომ ნაკრების გარდა, ეს სპეციალისტები აკადემიაშიც იმუშავებენ და პარალელურად, ქართველ მწვრთნელებსაც გაუწევენ კონსულტაციას.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია