საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და თბილისის “არმიას” კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე ორშაბათს საფრანგეთში ჩავა, სადაც ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბ “ტულუზაში” როგორც სამედიცინო, ასევე სპორტულ შემოწმებას გაივლის და თუ ყველაფერი კარგად იქნება, მასთან კონტრაქტს გააფორმებს.
ფრანგული რაბის ფლაგმანსა და მიმდინარე გათამაშების ლიდერს პრობლემები გასული წლის მიწურულს შეექმნა, როდესაც სამხრეთაფრიკელი გარი ბოთა დაემტვრა. “ტულუზამ” “სამედიცინო ჯოკერის” სტატუსით, გუნდში ფედერალ 2-ის “მაზამედან” საქართველოს ნაკრების ვეტერანი, “კასტრში” გამობრძმედილი, 36 წლის აქვსენტი გიორგაძე მიიწვია. მან პირველ მატჩში ნახევარი საათი შეცვლაზე ითამაშა, მეორე შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ მე-15 წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა.
სამედიცინო გამოკვლევამ ცხადყო, რომ გიორგაძეს მუხლქვეშა მყესი ჰქონდა გაწყვეტილი და სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებდა. ამიტომ, “ტულუზას” ხელმძღვანელობამ “სამედიცინო ჯოკერის” კიდევ ერთხელ დამატება ითხოვა, თანხმობაც მიიღო და არჩევანი ჯაბა ბრეგვაძეზე შეაჩერა. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ, იმედია, 24 წლის ქართველი თავს გამოიჩენს და “ტულუზაში” მხოლოდ სეზონის ბოლომდე კი არა, მას შემდეგაც დიდი ხნით დარჩება.
თუ შემოწმებამ დამაკმაყოფილებლად ჩაიარა, მაშინ ფრანგულ გრანდში ბრეგვაძის დებიუტი მომავალ შაბათს, 28 იანვარს, Top 14-ის რეგულარული პირველობოს XVI ტურში, პარიზში, “რასინგ მეტროს” წინააღმდეგ შედგება. ჯაბას სიმაღლე 180 სანტიმეტრია, წონა - 90 კილოგრამი. ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი 2008 წელს, IRB-ს ერთა თასზე სამხრეთ აფრიკის A ნაკრებთან შედგა. მას შემდეგ “ბორჯღალოსნების” კვართი 17-ჯერ მოირგო და ერთი ლელო გაიტანა, 2011 წლის მსოფლიო თასზე კი, სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია