ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის - “ჰაინეკენის თასის” მეოთხედფინალში ქართველ ლეგიონერთა 2 გუნდი ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, “ტულუზამ” და “კლერმონმა” პირველი ადგილები დაიკავეს, ხოლო დანარჩენი 2 გუნდი - “კასტრი” და “მონპელიე”, ბოლო ადგილებზე დარჩნენ.
სანამ უშუალოდ ბოლო ტურის შეხვედრების მიმოხილვაზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში 6 ჯგუფის გამარჯვებულთან ერთად, 2 საუკეთესო მეორეადგილოსანიც გავიდა, ხოლო შემდგომმა სამმა (მესამე-მეხუთე) მეორეადგილოსანმა, რანგით მე-2, “ამლინ ჩელენჯ ქაფზე” გადაინაცვლა.
I ჯგუფში, ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრს”, თუნდაც ყველაზე უარესი მე-2 ადგილის დაკავების შანსიც კი დაკარგული ჰქონდა. დასკვნით ტურში, ფრანგებმა უელსის “სკარლეტს” იმ იმედით უმასპინძლეს, რომ თავის მეორე გამარჯვებას იზეიმებდნენ, მაგრამ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ და 6500 მაყურებელი გაწბილებული დატოვეს. რადგან ეს მატჩი აღარაფერს წყვეტდა, მწვრთნელმა ძირითადი შემადგენლობის რიგ მორაგბეებს დასვენების საშუალება მისცა და მათ შორის იყო ქართველი პირველხაზელიც.
სტუმრებმა საწყის ათ წუთში ჯარიმა და ლელო გაიტანეს და 8:0 დაწინაურდნენ, მაგრამ შესვენებამდე 2 ჯარიმა გაუშვეს და ტაიმი ორქულიანი უპირატესობით მოიგეს. მე-2 ნახევრის შუაში “სკარლეტსმა” მე-2 ლელო გაიტანა და მეტად დაწინაურდა, მაგრამ 70-ე წუთზე, თავისი წილი ლელო ფრანგებმაც მიითვალეს და რეალიზაციით წონასწორობაც აღადგინეს. თითქოს შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ უელსელებმა 77-ე წუთზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, 3 ქულა აიღეს და 16:13 იმარჯვეს.
ამრიგად, “კასტრმა” “ჰაინეკენის თასზე” ექვსიდან მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო, 3 პრემიალური ქულა აიღო (ერთი 4 და მეტი ლელოს გატანისთვის და 2 მცირე სხვაობით მარცხისათვის) და 7 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა. “სკარლეტსმა”, ამ მოგების შემდეგ, მე-2 საფეხურზე კი აინაცვლა, მაგრამ მხოლოდ 15 ქულა მოაგროვა და “ჰაინეკენის თასს” დაემშვიდობა.
III ჯგუფში მოთამაშე მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის “მონპელიეს”, ბოლო ტურის წინ, მე-2 ადგილის დაკავების არცთუ ცუდი შანსი ჰქონდა, თუმცა, “ჰაინეკენის თასის” მეოთხედფინალში გამსვლელ ქულათა რაოდენობას რომ ვერ დააგროვებდა, ცხადი იყო. მთლიანობაში, ამ ტურნირის დებიუტანტმა გუნდმა, თავი არ შეირცხვენა, 2 თამაში ფრედ დაასრულა, ერთი მოიგო, ორ წაგებულ შეხვედრაში კი, პრემიალური ქულების აღება მოახერხა. პრინციპში, პირველი 2 ტურის შემდეგ, მწვრთნელს “ჰაინეკენის თასზე” უმეტესად სათადარიგო მორაგბეებით რომ არ ეთამაშა, ეგებ, მეოთხედფინალში გასვლის შანსიც ჰქონოდა, მაგრამ გალტიემ სხვაგვარად გადაწყვიტა.
დასკვნით ტურში, ფრანგები ირლანდიაში, “ჰაინეკენის თასის” მფლობელ “ლენსტერს” ეთამაშებოდნენ. პირველ წრეში, ევროპის უძლიერესი გუნდი “მონპელიესთან” ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმის წყალობით მხოლოდ ფრეს დასჯერდა, მაგრამ ამჯერად უკეთ ითამაშა, ტრიბუნაზე შეკრებილი 18500 მაყურებელი არ გააწბილა და დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვა. ქარსა და წვიმაში გამართულ შეხვედრაში, ქართველი ლეგიონერებიდან მონაწილეობა მხოლოდ ჟღენტმა და გორგოძემ მიიღეს, ორივე ძირითად შემადგენლობაში იყო, პირველი 55-ე წუთზე შეცვალეს, მეორემ კი, სრულად ითამაშა.
მატჩის დებიუტი სტუმართათვის კატასტროფული აღმოჩნდა - თხუთმეტ წუთში “ლენსტერს” 2 ლელო, ორივე გარდასახვა და ერთი ჯარიმა ჰქონდა გატანილი - 17:0. მე-20 წუთზე დაიწყო და დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა ეპიზოდი, რომელსაც მატჩის ბედის შეტრიალება შეეძლო, მაგრამ “მონპელიემ” ამით ვერ ისარგებლა და უქულოდ დარჩა. არადა, ამ 10 წუთის განმავლობაში, ფრანგები მასპინძელთა ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში ტრიალებდნენ, მარტო მამუკა გორგოძეს, ლელოს ხაზამდე მილიმეტრები სამჯერ დააკლდა, ერთხელ საქმეში ვიდეორეფერის ჩართვაც გახდა საჭირო და ირლანდიელები სინბინითაც დაისაჯნენ, მაგრამ ირლანდიელებმა კაცნაკლულებმაც გაძლეს, შესვენებამდე ერთი ჯარიმა კიდევ გაიტანეს და ტაიმი 20:0 მოიგეს.
დაიწყო მე-2 ტაიმი თუ არა, “ლენსტერმა” მე-3 ლელო გაიტანა და 25:0 დაწინაურდა. სტუმრებმა ბოლომდე იბრძოლეს, მეტოქეს ქულა აღარ ააღებინეს, თავად კი, პრესტიჟის ჯარიმა 66-ე წუთზე გაიტანეს და 3:25 დამარცხდნენ. ეს იყო თამაში, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ “ლენსტერი” “მონპელიეს” კლასით აშკარად აღემატებოდა და ფრანგთა ძალაში უპირატესობა საკმარისი არ აღმოჩნდა. და მაინც, “ჰაინეკენის თასის” მფლობელთანაც გამოჩნდა, რომ გორგოძე უმაღლესი კლასის მორაგბეა, ჟღენტი კი, ყოველდღიურად იზრდება და ევროპის უძლიერესი კლუბის პირველ ხაზსაც კი, არაფერს უთმობს.
რადგან პარალელურ შეხვედრაში “ბათმა” “გლაზგოს” აჯობა, 10-ქულიანი “მონპელიე” ბოლო, მე-4 საფეხურზე დაეშვა და ახლა იმის იმედად თუ იქნება, რომ წლევანდელ გამოცდილებას მომავალ გათამაშებაში გამოიყენებს, ოღონდ მანამდე საფრანგეთის ჩემპიონატში, ყველაზე ცოტა, საუკეთესო ექვსეულში უნდა შეაღწიოს.
ამ ჯგუფიდან, მეოთხედფინალში “ლენსტერი” გავიდა, რომელმაც ექვსიდან 5 თამაში მოიგო, ერთი კი, ქართველების “მონპელიესთან” ფრედ დაასრულა. მეორეადგილოსანმა “გლაზგომ” მხოლოდ 12 ქულა მოაგროვა და ევროთასებს მიღმა დარჩა.
IV ჯგუფში, დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” ირლანდიურ “ოლსტერს” გადამწყვეტი ბრძოლა მოუგო და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა, თუმცა, მის მიერ ძლეული მეტოქეც თან გაიყოლა. ქართველი პირველხაზელი მოტეხილ ხელს ჯერ კიდევ მკურნალობს და განაცხადში არ იყო. თამაში დაძაბული გამოდგა. პირველ ნახევარში გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს - 6:6, ორივე შემთხვევაში, წინ ჯერ მასპინძლები გადიოდნენ და სტუმრები ანგარიშს ათანაბრებდნენ.
დაიწყო მე-2 ტაიმი და ჯარიმით “ოლსტერი” დაწინაურდა, “კლერმონმა” წონასწორობა მალევე აღადგინა, 56-ე წუთზე კი, 3 ქულით წინ კვლავ ირლანდიელები გაიჭრნენ. 62-ე წუთზე, მასპინძლებმა შეხვედრის ერთადერთი, გადამწყვეტი ლელოს გატანა შეძლეს და რეალიზაციაც გამოიყენეს. მართალია 70-ე წუთზე სტუმრებმა მორიგი ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგრამ სამ წუთში თავისი ჯარიმა “კლერმონმაც” გაიტანა და 19:15 იმარჯვა. რადგან ირლანდიელებმა ერთი პრემიალური ქულა აიღეს, მათ, ფრანგთა მსგავსად, 20 ქულა დაუგროვდათ და გაირკვა, რომ ორ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდებოდნენ. “კლერმონმა” მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში ერთით მეტი გატანილი ლელოთი აჯობა და პირველი ადგილი ამის ხარჯზე დაიკავა.
VI ჯგუფში წააგო აქვსენტი გიორგაძის “ტულუზამაც”, მაგრამ რადგან მისი უშუალო კონკურენტი “ჰარლიქუინსიც” დამარცხდა, ფრანგულმა სუპერკლუბმა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება და მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა. “ტულუზა” ინგლისში “გლოსტერის” წინააღმდეგ თამაშობდა და დასკვნით ათ წუთში გატყდა. მასპინძელთა ადრეულ ლელო-გარდასახვას, მე-15 წუთამდე სტუმრებმა 2 ლელოთი უპასუხეს, ორივე რეალიზაცია გამოიყენეს, ზედ ერთი ჯარიმაც დაურთეს და 17:7 დაწინაურდნენ. 27-ე წუთზე, “გლოსტერმა” თავისი მეორე ლელო გაიტანა, რეალიზაცია გამოიყენა და ტაიმი 3 ქულით დათმო - 14:17.
მე-2 ტაიმის დასაწყისში მასპინძლები ლელო-გარდასახვით უკვე წინ გაიჭრნენ, 57-ე წუთზე კი, ჯარიმით უპირატესობა გაზარდეს. 64-ე წუთზე, ლელო-გარდასახვა ფრანგებმაც მიითვალეს და წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ 73-ეზე ჯარიმა, ხოლო ერთ წუთში ლელო-გარდასახვა მიიღეს და 24:34 დამარცხდნენ. მიუხედავად ამისა, მათ 18 ქულა ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ეყოთ და “ჰაინეკენის თასისთვის” ბრძოლას განაგრძობენ.
სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში მონაწილეობას ვერ მიიღებს გიორგაძე, რომელიც “ტულუზამ” “სამედიცინო ჯოკერის” სტატუსით დაიმატა, მაგრამ ქართველი პირველხაზელი ახალ გუნდში ჩატარებული მეორე თამაშისას დაშავდა და სეზონის ბოლომდე დაისვენებს. სამაგიეროდ, “ტულუზაში” სინჯებზე ჩადის ჯაბა ბრეგვაძე და თუ ყველაფერი კარგად დასრულდა, ამ გუნდს ქართველი პირველხაზელი ისევ ეყოლება.
ამრიგად, “კლერმონი” და “ტულუზა” მეოთხედფინალში არიან, მაგრამ იქ სტუმრის რანგში ითამაშებენ. ეს იმიტომ, რომ პირველადგილოსნებს შორის, მათ ყველაზე ცოტა ქულები დააგროვეს. ამრიგად, პლეი ოფში, 7 აპრილს, “კლერმონი” ინგლისში “სარაცინს”, ხოლო “ტულუზა” შოტლანდიაში “ედინბურგს” დაუპირისპირდება.
“ჰაინეკენის თასი”. VI ტური
I ჯგუფი
21 იანვარი
ნორთჰემპტონი - მანსტერი 36:51 (19:19)
კასტრი - სკარლეტსი 13:16 (6:8)
1. მანსტერი (ირლანდია) 6 6 0 0 163-118 25
2. სკარლეტსი (უელსი) 6 3 0 3 119-124 15
3. ნორთჰემპტონი (ინგლისი) 6 2 0 4 176-160 12
4. კასტრი (საფრანგეთი) 6 1 0 5 111-167 7
II ჯგუფი
22 იანვარი
კარდიფი - რასინგ მეტრო 36:30 (23:24)
ედინბურგი - ლონდონ აირიში 34:11 (20:6)
1. ედინბურგი (შოტლანდია) 6 5 0 1 156-138 22
2. კარდიფ ბლუზი (უელსი) 6 5 0 1 145-110 21
3. ლონდონ აირიში (ინგლისი) 6 1 0 5 116-139 9
4. რასინგ მეტრო (საფრანგეთი) 6 1 0 5 160-190 9
III ჯგუფი
21 იანვარი
ბათი - გლაზგო 23:18 (10:6)
ლენსტერი - მონპელიე 25:3 (20:0)
1. ლენსტერი (ირლანდია) 6 5 1 0 172-88 24
2. გლაზგო უორიორსი (შოტლანდია) 6 2 1 3 106-133 12
3. ბათი (ინგლისი) 6 2 0 4 122-151 11
4. მონპელიე (საფრანგეთი) 6 1 2 3 84-112 10
IV ჯგუფი
21 იანვარი
ლესტერი - აირონი 33:6 (9:6)
კლერმონი - ოლსტერი 19:15 (6:6)
1. კლერმონი (საფრანგეთი) 6 4 0 2 215-69 20
2. ოლსტერი (ირლანდია) 6 4 0 2 158-87 20
3. ლესტერ ტაიგერსი (ინგლისი) 6 4 0 2 123-117 17
4. აირონი (იტალია) 6 0 0 6 51-274 0
V ჯგუფი
22 იანვარი
ტრევიზო - სარასენსი 20:26 (17:20)
ბიარიცი - ოსპრეი 36:5 (17:0)
1. სარასენსი (ინგლისი) 6 5 0 1 145-107 22
2. ბიარიცი (საფრანგეთი) 6 3 0 3 143-105 18
3. ოსპრეი (უელსი) 6 2 1 3 142-147 13
4. ბენეტონ ტრევიზო (იტალია) 6 1 1 4 122-193 7
VI ჯგუფი
20 იანვარი
კონაჩტი - ჰარლექუინსი 9:8 (9:5)
გლოსტერი - ტულუზა 34:24 (14:17)
1. ტულუზა (საფრანგეთი) 6 4 0 2 150-105 18
2. ჰარლექუინსი (ინგლისი) 6 4 0 2 122-94 17
3. გლოსტერი (ინგლისი) 6 3 0 3 111-122 15
4. კონაჩტი (ირლანდია) 6 1 0 5 68-130 4
1/4-ფინალები. 7 აპრილი
მანსტერი (ირლანდია) - ოლსტერი (ირლანდია)
ლენსტერი (ირლანდია) - კარდიფი (უელსი)
ედინბურგი (შოტლანდია) - ტულუზა (საფრანგეთი)
სარასენსი (ინგლისი) - კლერმონი (საფრანგეთი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია