საქართველოს რაგბის კავშირს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კვლავ გიორგი ნიჟარაძე უხელმძღვანელებს. “ქორთიარდ მარიოტში” გამართულ ყრილობაზე მისი კანდიდატურა ერთადერთი იყო და ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი.
როგორც წესი, ოთხ წელიწადში ერთხელ, ქართული რაგბის სამსახურში მყოფი პირები იკრიბებიან და მომდევნო ოთხი წლის ვადით ახალ (ან ძველ) პრეზიდენტს ირჩევენ. ასე იყო ამჯერადაც, ოღონდ, არჩევნებამდე ნიჟარაძემ განვლილ ოთხ წელიწადზე ისაუბრა და შეკრებილ საზოგადოებას ის საქმეები გააცნო, რომლის შესრულებაც სრკ-მ განვლილ ციკლში მოახერხა.
“როდესაც ადამიანს უჩნდება ფიქრი, რომ ყველაფერი მისით იწყება, აი, იქ უშვებს ყველაზე დიდ შეცდომას. ამიტომ, მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ბიძინა გეგიძეს და მის გუნდს, რომლებმაც ურთულეს სიტუაციაში მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება მოახერხეს, მერაბ ანთიძეს და მის გუნდს, რომლებმაც ფუნდამენტი შეგვიქმნეს. ახლა ჩვენ ვართ, მაგრამ ჩვენი წასვლის დროც მოვა და მომავალ თაობას უნდა დავახვედროთ მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რათა მათ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეძლონ”, - თქვა შესავალში ნიჟარაძემ.
ამის შემდეგ სრკ-ს პრეზიდენტმა გასული, ოთხწლიანი ციკლის პრიორიტეტებზე და მიღწევებზე ისაუბრა. ვინც ქართულ რაგბის თვალს ადევნებდა, მისთვის ცხადზე ცხადია, რომ წარმატებები უდიდესი იყო, მაგრამ მოკლედ კიდევ ერთხელ გადავხედოთ: 2008 წელს რეგისტრირებული იყო 2600 მორაგბე, ახლა მათი რაოდენობა ოფიციალურად 5289 არის, არაოფიციალურად კი, 6 ათასზე მეტია; კლუბების რაოდენობა 24-დან 52-მდე გაიზარდა; მოედნების - 2-დან 10-ამდე, მსაჯების - 16-დან 29-მდე. 2003-2007 წლებში ქართული რაგბის განვითარებისთვის დაიხარჯა დაახლოებით 1673000 ლარი, განვლილ ოთხ წელიწადში კი, 33 მილიონი ლარი! და მაინც, ნიჟარაძე ამბობს, რომ ეს საკმარისი არაა და ძნელია, არ დაეთანხმო. მაგალითისთვის, სრკ-ს პრეზიდენტს ინგლისის რაგბის კავშირის ფინანსური ანგარიში მოყავს, რომლის ბიუჯეტიც წელიწადში 350 მილიონი ლარის ექვივალენტია.
განვლილ პერიოდში გაუმჯობესდა ქართული კლუბების ფინანსური მდგომარეობა, რაც დიდწილად სახელმწიფო პროგრამის და მის მიერ დაწესებული საპრიზო ფონდის დამსახურებაა. სასიხარულოა, რომ სახელმწიფო პროგრამა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც გაგრძელდება და ახლა ჯერი კერძო ინვესტორებზეა, რომელთა გარეშეც არაფერი გამოვა. სასიხარულოა ისიც, რომ მომავალი წლიდან საქართველოს რაგბის კავშირის დაფინანსებას რაგბის საერთაშორისო საბჭოც (IRB) გაზრდის. IRB-მ საქართველო II დონის სარაგბო ქვეყნებში უკვე გააწევრიანა და დაფინანსება გაუზარდა, 2013 წლიდან კი, საქართველო ელიტარულ, პირველი დონის ქვეყნებს გაუტოლდება და დაფინანსებაც შესაბამისად გაეზრდება. დაფინანსებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ შეიცვლება საქართველოს ნაკრებისა და ქართული რაგბისადმი მიდგომა და”ბორჯღალოსნებს” ძლიერ მეტოქეებთან ტესტ-მატჩების გამართვის შესაძლებლობა მიეცემათ.
“დაახლოებით 2-თვიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, მთავრობა ფინანსურ დახმარებაზე დავითანხმეთ და ეს შედეგზეც აისახა. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს რაგბის კავშირი ერთადერთი კავშირია მსოფლიოში, რომელიც კლუბების ფინანსურ მდგომარეობაზე ზრუნავს. ეს პროგრამა მომდევნო ოთხწლიანი ციკლის განმავლობაშიც გაგრძელდება, მაგრამ აუცილებელია კერძო სექტორის ჩართვა, თორემ მარტო სახელმწიფოს დახმარებით ის შედეგები არ გვექნება, რაც ყველას გვსურს”, - განმარტა ნიჟარაძემ.
სასიხარულოა, რომ გაგრძელდება ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამაც, რომელსაც სრულად საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” ახორციელებს. ბიძინა ივანიშვილის კომპანია, სრკ-სთვის სახელმწიფოსგან გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე, კეთილმოწყობილ სტადიონებსა და ბაზებს აშენებს. პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, შეთანხმება ძალაში რჩება და “ქართუს” ბაზების მშენებლობაში ხელი არ შეეშლება, ეს კი, წარმატების აუცილებელი წინაპირობაა. “ქართუს” მეცადინეობით უკვე აშენდა “შევარდენისა” და “ავჭალის” კომპლექსები თბილისში და კიდევ რამდენიმე მოედანი რეგიონებში. იგივე კომპანია კიდევ აშენებს სტადიონებს რეგიონებში და სამომავლო მშენებლობებიც უკვე დაგეგმილია. კომპლექსები არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ თბილისშიც იგეგმება და როგორც კი სახელმწიფო რაგბის კავშირს დაპირებულ მიწის ნაკვეთებს გადასცემს, “ქართუ” მის კეთილმოწყობას დაიწყებს.
წარმატებულად შეფასდა განვლილ ოთხ წელიწადში ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების გამოსვლა. აღსანიშნავია, რომ ოთხი წლის წინ საქართველოს სულ ოთხი ნაკრები ყავდა, ახლა კი, მათი რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა. ნიჟარაძემ საქართველოს A ნაკრების მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელიც სამი წლის წინ დაარსდა და რომელსაც მარტში დიდ ბრიტანეთში ტურნე ექნება, სადაც სამ შეხვედრას გამართავს.
ამის შემდეგ ახალი პრეზიდენტის არჩევნების დრო დადგა. ხმის მიცემის უფლების მქონე 30 სუბიექტიდან სხდომას 28 ესწრებოდა. რადგან კანდიდატი მხოლოდ ერთი იყო, ფარული კენჭისყრის გამართვა საჭირო აღარ გახდა და გიორგი ნიჟარაძის კანდიდატურას, რომელიც 25-მა კლუბმა წარადგინა, ყველა სუბიექტმა ერთხმად დაუჭირა მხარი. “ქართული რაგბის პოტენციალის მწამს და მსურს, ის უფრო მაღალ საფეხურზე ვიხილო. თუ დანაპირებს ვერ შევასრულებ, მზად ვარ, ადგილი სხვას დავუთმო. წინ დიდი სამუშაო გველის”, - გვითხრა კიდევ 4 წლით არჩეულმა ახალმა ძველმა პრეზიდენტმა.
ამას მოყვა გამგეობის წევრების არჩევა, რომელთა რაოდენობაც ამიერიდან 9-დან 13-მდე გაიზრდება. ძველი წევრები ადგილს ინარჩუნებენ და მათ კიდევ 4 დაემატა, რომელთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონიცაა. გამგეობის წევრებს ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც 2012 წლის ბიუჯეტის დრო დადგა. ამ წუთისთვის ბიუჯეტი ორ მილიონ ლარს ცოტათი აღემატება, თუმცა, დასახარჯად გაწერილი თანხა დაახლოებით 640 ათასით აღემატება უკვე გაწერილ ხარჯებს და რაგბის კავშირს კერძო სექტორის დახმარებით მოუწევს ამ დეფიციტის შევსება. ხარჯებში გაწერილი არაა IRB-ს საჩუქარი - 330 ათასი ლარის ღირებულების თანამედროვე ხელოვნურსაფარიანი მოედანი, რომელიც წლეულს ქუთაისში დაიგება. 2012 წლის ბიუჯეტიც ერთხმად დამტკიცდა.
ამით პირველი ნაწილი დამთავრდა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ახალ მწვრთნელებთან, მილტონ ჰეიგთან და კრის გიბსთან კონტრაქტების ოფიციალურად გაფორმების დრო დადგა. ხელმოწერის შემდეგ ჰეიგმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
“მოგესალმებით ყველას და დიდ მადლობას გეტყვით ნდობისათვის. პრეზიდენტს მივულოცავ პოსტზე კიდევ ოთხი წლით არჩევას. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო უწყვეტობის კუთხით. აქ ნიჟარაძის მოწვევით ვიმყოფებით, რომელმაც ქართული რაგბისთვის უდიდესი სამუშაო გაწია. ახლა უნდა ვეცადოთ, რომ რიჩი დიქსონის მიერ დაწყებული განვითარება კიდევ უფრო განვავრცოთ, არა მხოლოდ ეროვნულ გუნდში, არამედ აკადემიაში მუშაობითაც. თქვენს გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და იმედია, 2-წლიანი შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ, აქ კიდევ ორი წლით დავრჩებით”, - თქვა ჰეიგმა.
“კმაყოფილი ვარ, რადგან საქართველოს ნაკრებს ორი გამოცდილი სპეციალისტი ჩაიბარებს. ახლა ისინი განავითარებენ იმ სამუშაოს, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. განვითარება უნდა იყოს მუდმივი და ახალ მწვრთნელებს ყველანი გვერდში უნდა დავუდგეთ. საქართველოს ნაკრები ათეულისკენ მიიწევს, მაგრამ ბოლო ნაბიჯების გადადგმა ყველაზე რთულია, იქ დარჩენა კი, ურთულესი. შემდგომი 4 წელიწადი გადამწყვეტი იქნება ქართული რაგბისთვის და ჩვენ, ქართველები, თამამად ვიღებთ ამ გამოწვევას. ყველას დიდი მადლობა მხარშიდგომისთვის და ახლა ასევე უნდა დავუდგეთ გვერდით ახალ მწვრთნელებს”, - თავის მხრივ განაცხადა “ბორჯღალოსანთა” ყოფილმა დამრიგებელმა რიჩი დიქსონმა.
მერე საქართველოს რაგბის კავშირისა და მისი სპონსორის, “ნატახტარის” სასპონსორო ხელშეკრულების გაფორმების ჯერი დადგა. შეთანხმებაზე ხელი “ნატახტარის” მარკეტინგის მენეჯერმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა და სრკ-ს პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ მოაწერეს. განახლებულ კონტრაქტში სიახლეებია: გაიზარდა სასპონსორო თანხა და სრკ-ს პარტნიორი მხოლოდ “ნატახტარი კასრის” კი არა, “ნატახტარი” იქნება.
“თანხა არ აღწევს იმ ნიშნულს, რასაც ქართული რაგბი იმსახურებს, მაგრამ მისი ოდენობა მაინც გაიზარდა. გვსურს, ქართულ რაგბის მეტად დავეხმაროდ და ამის გამო, ახლა მისი სპონსორი “ნატახტარი” იქმენა და არა მხოლოდ “ნატახტარი კასრის”, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
“მადლობა “ნატახტარს”, რომელიც თავიდანვე გვერდში გვედგა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ ოთხი წლით გაგრძელდება. ჩვენს მიერ დასახული ამოცანების შესასრულებლად ფინანსებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. “ნატახტარი” ქართული რაგბის გვერდში დგომით წმინდა ქართულ, დიდ საქმეს აკეთებს”, - დაამატა ნიჟარაძემ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია