ამბები

14:35 | 24.01.2012 | ნანახია 1493 - ჯერ

წარმატებული მე-17 Pro D2-ში

წარმატებული აღმოჩნდა საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის XVII ტური ქართველი ლეგიონერების კლუბებისთვის. ექვსიდან ხუთმა გუნდმა გამარჯვება იზეიმა, ის ერთი დამარცხებულიც პრემიალურ ქულას დასჯერდა და რაც მთავარია, გასავარდნი ზონის სიახლოვეს მყოფმა “პერიგომ” და “ორიაკმა” კონკურენტების მარცხითაც ისარგებლეს.
ზემოთ ნახსენები ორი გუნდი ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე მეტად საინტერესოა, რადგან იქ სამ-სამი ჩვენებური ირიცხება და უმეტეს შემთხვევაში, რეგულარულად თამაშობენ. სანამ უშუალოდ ტურის მიმოხილვაზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ Pro  D2-ის გამარჯვებული Top 14-ის საგზურს პირდაპირ იღებს, მეორე საგზურისთვის მეორე-მეხუთეადგილოსნები პლეი ოფში იბრძვიან, ხოლო ორი ბოლოადგილოსანი მომავალ სეზონს რანგით დაბალ, ნახევრად პროფესიულ ფედერალ 1-ში იწყებს.
როგორც იქნა, გამარჯვება იზეიმა თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის “პერიგომ”. ამ გუნდს ზედიზედ ხუთი თამაში ჰქონდა წაგებული, ახლა 17 მატჩში მესამე გამარჯვება იზეიმა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია. პერიგოელთა მეტოქე ხელწამოსაკრავი სულაც არ იყო, რადგან “ლა როშელი” ცხრილის ზედა ნაწილში იმყოფება და Top 14-ში ასასვლელი პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის. მასპინძელთა განაცხადში არ იყო ეროვნული გუნდის შუამარბი, ტრავმირებული ზიბზიბაძე, სამაგიეროდ, პირველხაზელები დადუნაშვილი და მაგრაქველიძე მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა - პირველმა 72, ხოლო მეორემ 42 წუთი ითამაშა.
“პერიგომ” ანგარიში მე-5 წუთზე ლელოთი გახსნა და რეალიზაციაც გამოიყენა. ტაიმის შუაწელს სტუმრებმა ჯარიმით უპასუხეს, მაგრამ შესვენებამდე მასპინძლებმა სამი ჯარიმა გაიტანეს და შესვენებაზე 13 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 16:3. განახლდა თუ არა თამაში, გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე მასპინძლებმა ერთიც გაიტანეს და 57-ე წუთისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს (22:6). დასკვნითი მეოთხედი უხვქულიანი გამოდგა. 10 წუთით უმცირესობაში დარჩენილ მასპინძლებს “ლა როშელმა” 62-ე წუთზე საჯარიმო ლელო გაუტანა, რეალიზაციაც მიაყოლა და მატჩის გადარჩენის იმედი გაიჩინა, მაგრამ “პერიგომ” ჯერ ჯარიმით, მერე კი ლელო-გარდასახვით სტუმართა იმედები ქარს გაატანა და 73-ე წუთზე ანგარიში 32:13 გახადა. სტუმრებმა პრემიალური ქულის მისაღებად გაიბრძოლეს და 77-ე წუთზე თავისი მეორე ლელო გაიტანეს, გარდასახვა ამჯერადაც გამოიყენეს, თუმცა, მეტი ვეღარ მოახერხეს და “პერიგომ” 32:20 იმარჯვა.
“პერიგომ” 19 ქულა დააგროვა და რადგან მისი უშუალო კონკურენტი “ბეზიე” დამარცხდა, მას ერთი ქულით გადაასწრო და მე-15 საფეხურზე აღზევდა. “ბეზიეს” კახა კობერიძეს “ალბიმ” სძლია, რომელიც თავის მხრივ პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის. მასპინძელთა რიგებში ქართველი ლეგიონერი არ გამოჩენილა, მისმა თანაგუნდელებმა ტაიმი 10:6, ხოლო თამაში 34:6 მოიგეს. “ალბიმ” პრემიალური ქულაც აიღო, ჯამში 47 დააგროვა, “პერპინიანის” ძლეულ “ლა როშელს” ერთი ქულით გადაასწრო და მე-5 საფეხურზე აღზევდა.
ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის “ორიაკმა” თავისსა და “პერპინიანის” კონკურენტ “ნარბონს” 18:3 სძლია. მეორეხაზელი დათუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა, პირველხაზელი ნაცარაშვილი მოედანზე 61-ე წუთიდან გამოჩნდა, ხოლო ასეიშვილი განაცხადში არ იყო. ამ თამაშის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სტუმრებმა ანგარიში ჯარიმით გახსნეს, მასპინძლებმა ათ წუთში ორით უპასუხეს, მე-18 წუთზე ანგარიში 6:3 გახდა და ტაიმიც ასე დასრულდა. 58-ე წუთზე “ორიაკმა” უპირატესობა არეკნით გაზარდა, დასკვნით 15 წუთში კი, მეტოქე სამჯერ აიძულა, წესები დაერღვია და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. მე-13 ადგილზე მყოფმა “ორიაკმა” უკვე 30 ქულა დააგროვა და “ნარბონს” 10 ქულით უსწრებს.
Pro D2-ს კვლავინდებურად გიორგი მენაბდიშვილის “გრენობლი” ლიდერობს, რომელმაც ესპანეთის სახელით მობურთალი დავით გურგენიძეს “კარკასონი” სტუმრად 43:16 დასცა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო. მისი გუნდისთვის თამაში კატასტროფულად დაიწყო - მე-17 წუთზე 13:0, ხოლო 23-ეზე 16:3-ს აგებდა, მაგრამ მერე სრულ უპირატესობას დაეუფლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. “გრენობლს” 60 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს 8 ქულით უსწრებს.
დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის “პომ” “ბურგონი” 26:10 დაამარცხა, მაგრამ ქართველ ლეგიონერებს არც ამ მატჩში მიუღიათ მონაწილეობა. პირველი ნახევრის 6:3 მოგების შემდეგ, მასპინძლებმა გაილაღეს და 66-ე წუთისთვის უკვე 26:3-ს იგებდნენ, ბოლო წუთზე კი, მეტოქეს სხვაობის შემცირების საშუალება მისცეს. “პოს” 51 ქულა აქვს და “მონ დე მარსანთან” ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.
ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან მხოლოდ მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი” დამარცხდა. განაცხადში მხოლოდ მაგრაქველიძე იყო და 52-ე წუთიდან ითამაშა. პირველ ტაიმში, მასპინძელი “უაიონას” ორ ჯარიმას, სტუმრებმა სამით უპასუხეს, მეორე ნახევარში კი, “ტარბმა” ლელო გაუშვა, რეალიზაციაც ზუსტი იყო და 9:13 დამარცხდა. ქართველთა გუნდმა ერთი პრემიალური ქულა აიღო, ჯამში 40 დაუგროვდა და “ექს ენ პროვანსთან” ერთად მეცხრე-მეათე ადგილებს იყოფს.
Pro D2-ის მომდევნო ტურის შეხვედრები 28-29 იანვარს გაიმართება და იმედია, ის ქართული კლუბებისთვის კვლავ წარმატებული იქნება.

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078036