ევროპის ერთა თასზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მეტოქის, რუსეთის ეროვნული ნაკრების მორაგბეები ვლადისლავ კორშუნოვი და ვიქტორ გრესევი, რომლებიც აქამდე “ვვა-პოდმოსკოვიეში” ირიცხებოდნენ, კარიერას ინგლისის პრემიერლიგის კლუბ “ლონდონ უოსპსში” გააგრძელებენ.
რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რუსმა მორაგბეებმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმეს. ცოტა ხნით ადრე გრესევმა განაცხადა, რომ კონტრაქტის გაფორმებას ინგლისის პირველი ლიგის კლუბ “ნოტინგემთან” აპირებდა, მაგრამ შეთანხმება არ შედგა და მერე რუსმა მორაგბემ წინადადება “ლონდონ უოსპისგან” მიიღო. რაც შეეხება “დათვების” კაპიტან კორშუნოვს, 28 წლის ჰუკერმა შეთავაზება ახლახანს მიიღო.
“ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. მივიღე წინადადება, რომელზეც უარს ვერ ვიტყოდი. უცხოური კლუბებიდან წინადადებები ადრეც მიმიღია, მაგრამ საბოლოო შეთანხმებამდე საქმე არ მიდიოდა, “ლონდონ უოსპი” კი, ისე იყო მოწადინებული, რომ ყველაფერი მოკლე ვადებში მოხდა. სამუშაო ვიზა ერთ დღეში გამიკეთეს. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ მეუღლეს რუსეთში მოუწევს დარჩენა. ის მუშაობს და ოთხი თვის გულისთვის სამსახურიდან წამოსვლას აზრი არა აქვს”, - თქვა კორშუნოვმა.
“მაქსიმუმი გავაკეთე, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული, მაგრამ “ნოტინგემში” მითხრეს, რომ ცოტა კიდევ უნდა მომეცადა. ამ დროს წინადადება “ლონდონ უოსპსისგან” მივიღე”, - განაცხადა გრესევმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისურ კლუბებში უკვე თამაშობს ორი რუსი მორაგბე - ვასილი არტიომოვი (“ნორთჰემპტონი”) და ანდრეი ოსტრიკოვი (“სეილ შარქსი”), ახლა კი, მათი რიცხვი ოთხამდე გაიზრდება. საქართველოს ნაკრებს რუსეთთან უახლოესი შეხვედრა 17 მარტს თბილისში ელის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია