ამბები

12:10 | 27.01.2012 | ნანახია 3046 - ჯერ

ზირაქაშვილმა და კოლელიშვილმა “კლერმონთან” ახალი კონტრაქტები გააფორმეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრებმა, პირველხაზელმა დავით ზირაქაშვილმა და მესამეხაზელმა ვიტო კოლელიშვილმა საფრანგეთის გრანდ “კლერმონთან” ახალი კონტრაქტები გააფორმეს და იქ მინიმუმ ორ-ორი წლით დარჩებიან.
“კლერმონმა” წამყვან მორაგბეებთან კონტრაქტების გახანგრძლივების ესტაფეტა ცოტა ხნის წინ დაიწყო და ჯერი ქართველ მორაგბეებზეც მიდგა. 27 წლის ზირაქაშვილს, რომელსაც მაჯა აქვს მოტეხილი და მკურნალობს, კლუბმა გარჯა დაუფასა და ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, შეთანხმების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ამ ფაქტმა კლუბის დირექტორი ჟან-მარკ ლერმე ძლიერ გაახარა.
“კონტრაქტების გახანგრძლივება კლუბისთვის დიდი მოვლენაა. დათო ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო “კლერმონისთვის”. ის ჩვენი ოჯახის წევრია და მოხარული ვარ, რომ მისი აქ ყოფნის უწყვეტობა კიდევ რამდენიმე წლით გაგრძელდება. ჩვენი პოლიტიკა ასეთია - წამყვანი მორაგბეები უნდა შევინარჩუნოთ. ზირაქაშვილთან კონტრაქტის გახანგრძლივება ამის დასტურია. ბედნიერი ვარ, რომ ის მომავალშიც დაიცავს ჩვენი გუნდის ღირსებას. ვიცი, რომ “კლერმონთან” კონტრაქტის გახანგრძლივებით დათოც ბედნიერია” - თქვა ლერმემ.
27 წლის ზირაქაშვილი “კლერმონში” 2004 წლიდან თამაშობს და Top 14-ში ჩატარებულ 137 შეხვედრაში 13 ლელო გაიტანა. გარდა ამისა, ქართველ ბურჯს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირ “ჰაინეკენის თასზე” 26, ხოლო “ჩელენჯ ქაფზე” ექვსი (ერთი ლელო) მატჩი დაუგროვდა. ეროვნულ გუნდში ზირაქაშვილის დებიუტი 2004 წელს, ურუგვაის ნაკრებთან შედგა. მას შემდეგ მან “ბორჯღალოსანთა” კვართი 31 თამაშში მოირგო და 7 ლელო მიითვალა. დათოს ორ მსოფლიო თასზე აქვს ნათამაშები, ერთხელ მსოფლიოს ნაკრებში ითამაშა, ერთხელ იყო საფრანგეთის ჩემპიონი, 2010 წელს კი, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.
ძირითადი შემადგენლობის დაბევების შემდეგ, ჯერი ახალგაზრდა მორაგბეებზე მიდგა, მათ შორის 22 წლის ვიტო კოლელიშვილზე, რომელიც ორი წელია “კლერმონის” “ესპუარებში” (დუბლშემადგენლობა) წარმატებით თამაშობს. ახლა მან კლუბთან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა და უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში ძირითად გუნდშიც გამოჩნდება. “კლერმონის” სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა საფრანგეთში და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ბოლო წლებში იქიდან პირველ გუნდში რვა მორაგბე დაწინაურდა.
კოლელიშვილმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და იქ მინიმუმ 2014 წლამდე დარჩება. მხარეების სურვილის შემთხვევაში, შეთანხმებაში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.
“ვიტოსთან, რომელმაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 2011 წლის მსოფლიო თასზე ითამაშა, პროფესიული კონტრაქტი პირველად გავაფორმეთ და ამ ფაქტით ძლიერ კმაყოფილი ვარ. ის ჩვენთან საქართველოს რაგბის კავშირთან დამყარებული კონტაქტის შედეგად მოხვდა და აგერ უკვე ხელშეკრულებაც გავუფორმეთ. კოლელიშვილის სახით, ამ ურთიერთობამ პირველი წარმატება უკვე მოგვიტანა და ვიმედოვნებ, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება” - განაცხადა ლერმემ.
ეროვნულ გუნდში კოლელიშვილის დებიუტი 2008 წელს ბუქარესტში, იტალიის A ნაკრებთან 25:3 მოგებულ შეხვედრაში შედგა. 2010 წლიდან ის “ბორჯღალოსნების” უცვლელ წევრად იქცა, ნაკრების კვართი 12 თამაშში მოირგო და ერთხელ ლელოც გაიტანა.
 

ზურა ქსოვრელი



 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.102837