ამბები

2:54 | 28.01.2012 | ნანახია 5174 - ჯერ

“მეტეორი” გაიყინა, რაგბი აღარ იქნება

ევროპის ერთა თასის მატჩი, რომელშიც 4 თებერვალს უკრაინის სარაგბო გუნდს საქართველოს ნაკრებისთვის უნდა ემასპინძლა, რთული მეტეოროლიგიური პირობების გამო გადაიდო და მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში შედგება. ეს ცნობა თავდაპირველად უკრაინის რაგბის ფედერაციის ვებგვერდზე გაჩნდა, ცოტა ხანში კი ოფიციალურად ფირა-აერ-ის საიტმაც დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებს” ერთა თასის ახალი სეზონის პირველი მატჩი დნეპროპეტროვსკის სტადიონ “მეტეორზე” უნდა ჩაეტარებინათ, რომელსაც ხელოვნური გათბობა გააჩნია და თითქოს, ზამთარს კორექტივები ვერ უნდა შეეტანა, თუმცა... დნეპროპეტროვსკის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა დენის დავიდოვმა უკრაინული მხარის გადაწყვეტილება ასე ახსნა:
“სამწუხაროდ, ჩვენთან ძალიან მძიმე ზამთარია. მიუხედავად ამისა, იმედი გვქონდა, რომ სტადიონი “მეტეორი” თამაშისთვის მზად იქნებოდა. თუმცა, ფიზიკის კანონი არავის გაუუქმებია – გათბობისა და მინუსტემპერატურის ურთიერთქმედება იმას მოიტანდა, რომ მატჩის დაწყებიდან 15-20 წუთში მინდორი საციგურაო მოედნად იქცეოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უკრაინის რაგბის ფედერაციასთან კონსულტაცია გავიარეთ, შემდეგ ფირა-აერ-ის ჩინოვნიკებსა და ქართულ მხარესაც შევეხმიანეთ და შეხვედრის უფრო გვიანდელი თარიღისთვის გადატანა გადავწყვიტეთ. ამით, მორაგბეები მძიმე ტრავმების მიღების ალბათობას მოვარიდეთ”.
არსებული ინფორმაციით, უკრაინისა და საქართველოს სარაგბო დაპირისპირება მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში შედგება, ზუსტი თარიღი კი ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამგვარად, “ბორჯღალოსნები”, რომლებიც ტრადიციულად “ერთა თასის” მოგების უმთავრესი კანდიდატები არიან, ტურნირს 11 თებერვალს, ესპანეთთან მატჩით გახსნიან. ეს შეხვედრა მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონზე, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
დასასრულ, იმ გაფართოებულ შემადგენლობასაც შეგახსენებთ, რომელიც საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა “ერთა თასის” საწყისი ორი მატჩისთვის გამოიძახა, ახლა კი, კონკრეტულად ესპანეთთან ჯახისთვის მოემზადება.

“ბორჯღალოსნები” ესპანეთისთვის
მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 0 კეპი), კარლენ ასეიშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი 4), ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი, 0), ბექა შეყლაშვილი (“აჟენი”, საფრანგეთი, 4), შალვა მამუკაშვილი (“ყოჩები”, თბილისი, 2), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 46), გიორგი ნემსაძე (“ვალანს საჟენი”, საფრანგეთი, 23), კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 3) გიორგი ჩხაიძე (“სენ-ჟულიენი”, საფრანგეთი, 52), გიორგი კალმახელიძე (“არმია”, თბილისი, 0), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი, 3), ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 12), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 41), დიმიტრი ბასილაია (“ვალანს დაჟენი”, საფრანგეთი, 19), ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 76), ბიძინა სამხარაძე (“არმია”, თბილისი, 59), გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი, 1), მერაბ კვირიკაშვილი (“სენ-ჟულიენი”, საფრანგეთი, 56), ლაშა მალაღურაძე (“ვალანს დაჟენი”, საფრანგეთი, 32), დავით კაჭარავა (“ნიცა”, საფრანგეთი, 47), გიორგი ჯიმშელაძე (“კლერმონი”, საფრანგეთი, 1), რევაზ გიგაური (“ბულონი”, საფრანგეთი, 34), ირაკლი მაჩხანელი (“სენტ-ეტიენი”, საფრანგეთი, 50), გიორგი შკინინი (“არმია”, თბილისი, 32), ალექსანდრე თოდუა (“ლელო”, თბილისი, 28), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“არმია”, თბილისი, 0).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
მწვრთნელები: კრის გიბსი, ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.093451