გუშინ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ”შევარდენის“ ბაზაზე შეიკრიბა და ევროპის ერთა თასის პირველი მატჩისთვის მზადება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ”ბორჯღალოსნებს” სეზონი უკრაინული შეხვედრით უნდა დაეწყოთ, თუმცა, უამინდობის გამო, ეს თამაში გადაიდო, რიგში კი ესპანეთთან დაპირისპირებაა.
როგორც აღვნიშნეთ, დნეტროპეტროვსკში ჩასატარებელი თამაშის ჩაშლა ცუდმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა გამოიწვია. ამ დროისთვის, უკრაინაში ტემპერატურა მინუს თხუთმეტიდან მინუს ოცდაათ გრადუსამდე დაეცემა, რაც მატჩის გამართვას შეუძლებელს ხდის. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს რაგბის კავშირის ტექნიკური დირექტორმა გიორგი ჭუმბურიძემ შემდეგი განცხადება გააკეთა:
”უკრაინასთან მატჩი, სავარაუდოდ, აპრილის დასაწყისში გაიმართება. ჩვენი ფედერაციების მოლაპარაკების შედეგს ევროპული რაგბის ასოციაციას ვაცნობებთ და პასუხს დაველოდებით“.
ცხადია, პირველი შეხვედრის გადადების გამო, ქართველ მორაგბეებს მეტი დრო ექნებათ ახალი მწვრთნელების გასაცნობად და ”მცირე 6 ერის“ მეორე ტურის მატჩისთვის მოსამზადებლად, რომელიც 11 თებერვალს, მადრიდში, ესპანელი ”ლომების” წინააღმდეგ შედგება.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს “ბორჯღალოსნებმა“ ესპანელები ვაკის სტადიონზე რეკორდული ანგარიშით – 60:0 დამარცხეს, თუმცა, ახლა სრულიად ახალ გუნდთან მოუწევთ დაპირისპირება, რადგანაც “ლომების“ ახალი თავკაცი, ფრანგი რეჟი სონე, წლეულს, ძირითადად ლეგიონერებისგან დაკომპლექტებულ ოპტიმალურ შემადგენლობას აყალიბებს, პირენეელთა მიზანი კი 2015 წლის მსოფლიოს საგზურის მოპოვებაა.
ესპანელთა 24-კაციან რაზმში, შარშანდელი შემადგენლობიდან მხოლოდ რამდენიმე მორაგბეა დარჩენილი. ესენია: ხესუს მორენო (”ლიმოჟი”, საფრანგეთი), ადრიან აისტერანი, გაუტიერ გუბუნი, ენტონი პრადალი (სამივე – ”პერიგო”, საფრანგეთი), ხესუს რეკუერდა (”ლილი”, საფრანგეთი), დავით გურგენიძე (”კარკასონი”, საფრანგეთი), პიერ ბელუნსე (”კოლომიე”, საფრანგეთი), სეზარ სემპერე (”ნორსჰემპთონი” ინგლისი).
ცნობისთვის, მეტოქის 24 მორაგბიდან ესპანეთში მოთამაშე მხოლოდ ექვსი თამაშობს, თვრამეტი კი ფრანგული და ინგლისური კლუბების წარმომადგენლები არიან.
“ბორჯღალოსნები“ მადრიდში 9 თებერვალს მიემგზავრებიან, ხოლო 2-3 დღით ადრე, 24-კაციანი შემადგენლობა გახდება ცნობილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია