ამბები

15:55 | 31.01.2012 | ნანახია 2025 - ჯერ

ქართველთა კლუბები Top 14-ის მოწინავე ხუთეულში

სანამ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები “ბორჯღალოსანთა” შეკრებაზე ჩამოვიდოდნენ, საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში XVI ტურის შეხვედრები გაიმართა და მისი შედეგების მიხედვით, ქართველი ლეგიონერების კლუბები მოწინავე ხუთეულში გამაგრდნენ.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ჩემპიონატის რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, ექვსი საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფში აგრძელებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიეს” ჰქონდა, რომელიც უშუალო კონკურენტ “სტად ფრანსეს” მასპინძლობდა. მასპინძელთა განაცხადში მხოლოდ გორგოძე და ჟღენტი იყვნენ, ორივე სასტარტო შემადგენლობაში. მამუკამ ამჯერად შერკინების მეორე ხაზში სრულად ითამაშა, ოღონდ, 45-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი სინბინში გაატარა, ჟღენტი კი, 57-ე წუთზე შეცვალეს.
ანგარიში სტუმრებმა ჯარიმით გახსნეს, 31-ე წუთზე “მონპელიემ” ჯარიმითვე წონასწორობა აღადგინა, 5 წუთში გატანილი ჯარიმით წინ გაიჭრა, ხოლო ტაიმის მიწურულს ლელო გაიტანა, რეალიზაციაც გამოიყენა და შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 13:3. მეორე ტაიმის დასაწყისში “მონპელიემ” ჯარიმით უპირატესობა კიდევ გაზარდა, მერე ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, მაგრამ მხოლოდ ის შეძლეს, რომ 58-ე წუთზე თავისი მეორე ჯარიმა გაიტანეს. დასკვნითი 20 წუთი მასპინძლებისა იყო. 61-ე წუთზე გატანილ ლელოს ზუსტი რეალიზაცია, ხოლო 3 წუთში ჯარიმა მოყვა, 76-ე და 78-ე წუთებზე, “მონპელიემ” კიდევ ორი ლელო მიითვალა, ერთი რეალიზაცია გამოიყენა და 38:6 იმარჯვა. ამასთან, მასპინძლებმა პრემიალური ქულაც მიითვალეს და ახლა 40 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ.
სატურნირო ცხრილის სათავეში კვლავ “ტულუზა” იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც ჯაბა ბრეგვაძის დებიუტი შედგა. ტულუზელები პარიზში “რასინგ მეტროს” ეთამაშნენ და ჯაბას ფეხი მათთვის ბედნიერი გამოდგა. ქართველი პირველხაზელი ბრძოლაში 59-ე წუთზე ჩაერთო, მატჩის მისურულს სტუმრებმა ლელო გაიტანეს და გამარჯვება ამის ხარჯზე მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ “სამედიცინო ჯოკერის” სტატუსით დამატებული აქვსენტი გიორგაძე დაშავდა, სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს და ბრეგვაძე “ტულუზამ” მის შემცვლელად მიიწვია.
სტუმრებმა პირველ ტაიმში სამი უპასუხო ჯარიმა გაიტანეს და 9:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში ჯერ ჯარიმა, მერე კი, ლელო მიიღეს, რეალიზაციც ზუსტი იყო და “რასინგ მეტრო” 51-ე წუთზე წინ გავიდა - 10:9. მოედანზე ბრეგვაძის გამოჩენის შემდეგ, “ტულუზა” ჯარიმით კვლავ წინ გავიდა, მაგრამ 67-ე წუთზე ჯარიმა თავადაც მიიღო. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, სტუმრებმა შერკინებიდან კარგად გაიტანეს ბურთი, ლელო მიითვალეს, რეალიზაციაც გამოიყენეს და 19:13 იმარჯვეს. ახლა “ტულუზას” 60 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს მთელი 6 ქულით უსწრებს.
უახლოესი მდევარი კი დავით ზირაქაშვილის “კლერმონია”, რომელმაც 26 ათასი მაყურებლის თვალწინ “ბორდო” სტუმრად 17:10 დაამარცხა. ქართველი პირველხაზელი ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო. მისი გუნდი ჯარიმით დაწინაურდა, მე-19 წუთზე ლელოც მიითვალა, მაგრამ შესვნებამდე ჯარიმა და ლელო თავადც გაუშვა. რადგან მასპინძელთა რეალიზაცია ზუსტი აღმოჩნდა, “ბორდომ” ტაიმი 10:8 მოიგო. “კლერმონმა” ლიდერობა 51-ე წუთზე გატანილი ჯარიმით დაიბრუნა, 70-ე წუთზე ჯარიმითვე უფრო წინ გაიჭრა, 78-ე წუთზე კი, არეკნით საბოლოო შედეგი დააფიქსირა. “კლერმონს” 54 ქულა აქვს, მეორე საფეხურზეა და უახლოეს მდევარს მთელი 9 ქულით უსწრებს.
მესამე ადგილი 45 ქულით დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავას და კონსტანტინე მიქაუტაძის “ტულონს” უჭირავს. XVI ტურში მან “ბაიონი” 50:10 გაანადგურა და პრემიალური ქულაც მიითვალა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ქუბრიაშვილი იყო, რომელმაც თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 55 წუთი გაატარა. პირველ ტაიმში სტუმრებმა იბრძოლეს, ხუთის სანაცვლოდ ერთი ჯარიმა გაიტანეს და შესვენებაზე გასვლისას სულ რაღაც 3:15 აგებდნენ. მათდა სამწუხაროდ, 26-ე წუთზე რეფერიმ მათი უკანახაზელი წითელი ბარათით დასაჯა და ამან შემდგომში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მართალია, “ბაიონმა” 53-ე წუთზე გაშვებულ ლელო-გარდასახვას 6 წუთში იგივეთი უპასუხა, მაგრამ დასკვნით მეოთხედში 4 ლელო გაუშვა.
“ბიარიცს” დაძაბულ ბრძოლაში 29:23 აჯობა ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა”. 21-ე წუთზე მასპინძლები ჯარიმით დაწინაურდნენ, 36-ეზე ლელო და გარდასახვა გაუშვეს, მაგრამ ტაიმის მიწურულს ლელო-გარდასახვა თავადაც გაიტანეს - 10:7. 49-ე წუთზე თამაშში ფეიქრიშვილი ჩაერთო და მალევე მისმა გუნდმა ლელო-გარდასახვა გაუშვა. 52-ე წუთზე “კასტრმა” ჯარიმით ჩამორჩენა 1 ქულამდე დაიყვანა, ხოლო 1 წუთში ლელო გაიტანა, რეალიზაცია გამოიყენა და კვლავ დაწინაურდა. ამის შემდეგ გუნდებმა ქულები ჯარიმებით აგროვეს. მასპინძლები მეტოქეს წონასწორობის აღდგენის საშუალებას არ აძლევდნენ, 75-ე წუთზე კი, უპირატესობა 9 ქულამდეც გაზარდეს, მაგრამ სულ ბოლოს არეკნი მიიღეს და საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა. “კასტრს” 44 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილზეა.
7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და იური ნატრიაშვილის “ბრივმა”, რომელმაც “პერპინიანს” უმასპინძლა და მისი 17:9 ძლევით, მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა. კაკოვინი სასტარტო შემადგენლობაში 3 ნომრად თამაშობდა, მერე 1 ნომრის პოზიციაზე გადავიდა, მოედანზე კი, სულ 73 წუთი გაატარა. ნატრიაშვილი თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო. კაკოვინმა მეტოქეს რამდენჯერმე აიძულა შერკინებაში დაჯარიმება და აქტიური იყო. “ბრივი” ძალისმიერ უპირატესობას ფლობდა, კარგად აყენებდა მოლს. აქტიურად ჩაერთო თამაშში ნატრიაშვილიც.
თამაში მასპინძელთათვის ცუდად დაიწყო - 20 წუთის შემდეგ 0:9 აგებდნენ. მერე მათ ერთი ჯარიმა გაიტანეს, პირველ ნახევარზე დამატებულ წუთებში კი, ლელო მიითვალეს და ზუსტი გარდასახვით დაწინაურდნენ. 65-ე წუთზე “ბრივმა” მეტოქეს ფეხით მოგერიებასას დაუფარა, მარცხნივ გადაცემას კაკოვინი ითხოვდა, მაგრამ მასპინძლებმა მოკლე დარტყმით შეუტიეს და ვიდეორეფერიმ აჩვენა, რომ ლელო გავიდა. გარდასახვა ზუსტი იყო და “ბრივმა” 17:9 იმარჯვა. შედეგად, 28 ქულა დაუგროვდა, მე-10 ადგილზე აღზევდა, მაგრამ გასავარდნ ზონას სულ რაღაც 4 ქულა აშორებს.
გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის “ლიონმა” ბექა შეყლაშვილის “აჟენს” 19:11 აჯობა, მაგრამ ქართველი ლეგიონერებს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. პირველი ტაიმი ლიონელებმა 10:6 მოიგეს, მერე უპირატესობა გაზარდეს, სულ ბოლოს კი, “აჟენმა” ლელოს გატანა მოახერხა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა. “ლიონს” 24 ქულით მე-12 ადგილი უკავია, “აჟენი” კი, 36 ქულით მე-8 ადგილზეა. თოპ 14-ის მომდევნო ტურის შეხვედრები 10-11 თებერვალს გაიმართება.

სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 60 (16 თამაში), 2. კლერმონი - 54 (16 თ.), 3. ტულონი - 45 (16 თ.), 4. კასტრი - 44 (16 თ.), 5. მონპელიე - 40 (16 თ.), 6. სტად ფრანსე - 39 (16 თ.), 7. რასინგ მეტრო - 37 (16 თ.), 8. აჟენი - 36 (16 თ.), 9. ბორდო - 31 (15 თ.), 10. ბრივი - 28 (16 თ.), 11. პერპინიანი - 27 (16 თ.), 12. ლიონი - 24 (15 თ.), 13. ბიარიცი - 24 (16 თ.), 14. ბაიონი - 23 (16 თ.).
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082235