ამბები

17:58 | 31.01.2012 | ნანახია 2185 - ჯერ

ზიბზიბაძე დაბრუნდა, დათუნაშვილი სინბინით დაისაჯა

საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის XVIII ტურში, საქართველოს ნაკრების შუამარბი თედო ზიბზიბაძე მოედანს დაუბრუნდა, ლევან დათუნაშვილი კი, სინბინით დაისაჯა.
ქართული გუნდების დერბიში მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბმა” ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის “ორიაკს” უმასპინძლა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს მაგრაქველიძე, მირცხულავა განაცხადში ვერ მოხვდა. სტუმართა სასტარტოში იყო დათუნაშვილიც, ვინაც მოედანზე 72 წუთი გაატარა, მერე კი, ყვითელი ბარათი მიიღო და მატჩის დასრულება ვეღარ მოახერხა. 66-ე წუთიდან ჩაერთვნენ თამაშში ნაცარაშვილი და ასეიშვილი. ეს უკანასკნელი “ორიაკის” განაცხადში ახალი წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა და მანამდე, პირველი ნახევრის მიწურულს, ტრავმირებული თანაგუნდელი 5 წუთით შეცვალა.
“ტარბი” ჯარიმით და ლელოთი მე-12 წუთზე 8:0 დაწინაურდა, მაგრამ ათ წუთში ორი ჯარიმა გაუშვა და ტაიმი 8:6 მოიგო. მეორე ნახევრის დაწყებისთანავე, სტუმრები ჯარიმით წინ გავიდნენ, მაგრამ 58-ე წუთზე ჯარიმა უკვე მასპინძლებმა მიითვალეს. შეხვედრა უკვე სრულდებოდა, როდესაც “ორიაკმა” ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ერთი ქულის სხვაობით, 12:11 იმარჯვა. “ტარბმა” ერთი პრემიალური ქულა მიიღო და ჯამში 41 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო “ორიაკი” 34 ქულით მე-13-ეა.
თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის და დავით დადუნაშვილის “პერიგო”, “ბურგონთან” სტუმრად მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას გამორჩა. ამ შეხვედრაში კარგი ის იყო, რომ თედო ზიბზიბაძემ ტრავმა მოიშუშა და თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო. მარგველაშვილი და დადუნაშვილი განაცხადში არ იყვნენ. მატჩის დასაწყისში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე მასპინძლებმა ლელო გაიტანეს და ტაიმი 8:3 მოიგეს. მატჩის განახლებისთანავე, “პერიგომ” ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ 49-ე წუთზე მეორე ლელო გაუშვა. ათ წუთში სტუმრებმა სხვაობა ჯარიმით უკვე ოთხ ქულამდე დაიყვანეს, თუმცა, 70-ეზე ჯარიმა, ხოლო კიდევ სამ წუთში ლელო-გარდასახვა გაუშვეს. სულ ბოლოს სტუმრებმა ერთი საპასუხო ლელოს გატანა შეძლეს, რეალიზაციაც გამოიყენეს და 16:23 მარცხით, ერთი პრემიალური ქულა აიღეს. “პერიგოს” ჯამში 20 ქულა აქვს, მე-15 ადგილზეა, ორით უსწრებს ბოლოადგილოსან “ბეზიეს” და ოთხით ჩამორჩება “ნარბონს”.
ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო გიორგი მენაბდიშვილის “გრენობლმა”, რომელმაც ამჯერად “მონ დე მარსანი” სტუმრად 16:12 დაამარცხა და 64 ქულით კვალავ ჯგუფის ლიდერია. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო.
“ბეზიესთან” სტუმრად 30:20 იმარჯვა დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის “პომ”, მაგრამ განაცხადში ჩვენებურები არ ყოფილან. “პო” 55 ქულით მესამეა და Top 14-ის საგზურისთვის იბრძვის. “ლა როშელთან” სტუმრად 6:25 დამარცხდა კახა კობერიძის “ალბი”, ქართველ ლეგიონერს არც ამ თამაშში მიუღია მონაწილეობა. “ალბი” 47 ქულით მეექვსეა. Pro D2-ის მომდევნო ტურის შეხვედრები 4-5 თებერვალს გაიმართება.
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078743