ამბები

14:07 | 2.02.2012 | ნანახია 3041 - ჯერ

მეცამეტე “ექვსი ერი” იწყება

მომავალ უქმეებზე, მორაგბეთა ევროპის ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო გათამაშება “ექვსი ერი” მეცამეტეჯერ დაიწყება. ამ ტურნირის ისტორია სათავეს შორეულ 1883 წელს იღებს, მაგრამ ხან ოთხი და ხანაც ხუთი ერის სახელით ტარდებოდა, 2000 წლიდან კი, ევროპის წამყვან ნაკრებებს იტალიაც მიუერთეს და “ექვსი ერის” სახელწოდებაც მას შემდეგ მიენიჭა.
იმედია, დროთა განმავლობაში მსოფლიო რაგბის მმართველები მიხვდებიან, რომ რაგბის მეტი პოპულარიზაციისთვის ჩაკეტილი საზღვრების გახსნაა საჭირო და იქ თამაშის შანსი საქართველოს ნაკრებსაც მიეცემა, მაგრამ ჯერჯერობით, ყველაფერი ძველებურადაა.
2000 წლიდან დღემდე გამართულ 12 გათამაშებაში, ხუთჯერ გამარჯვება საფრანგეთის ნაკრებმა მოიპოვა, ოთხჯერ ინგლისმა, ორჯერ უელსმა და ერთხელაც ირლანდიამ. მაჩანჩალა შოტლანდია და იტალია, მართალია, ჯერ პირველობისთვის ბრძოლაში ფავორიტები არ არიან, მაგრამ პერიოდულად ბობოლებს ქულებს აკარგვინებენ და გარკვეულ კორექტივებს ახდენენ. ეს განსაკუთრებით იტალიაზე ითქმის, თორემ შოტლანდია უძველესი ტრადიციის მქონე სარაგბო ქვეყანაა და მისგან სენსაცია მთლად სენსაციადაც არ უნდა ჩაითვალოს.
ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის და იტალიის ნაკრებები, ტრადიციულად ერთ წრედ, ხუთ ტურად თამაშობენ. ამის გამო ზოგ გუნდს საკუთარ მოედანზე სამი, ზოგსაც მხოლოდ ორი თამაშის ჩატარება უწევს. ქულათა დარიცხვის სისტემა: გამარჯვებული ორ ქულას იღებს, ფრეზე ერთი იწერება, ხოლო მარცხზე არაფერი. არ მოქმედებს პრემიალური სისტემა. ამიტომ, მნიშვნელობა არა აქვს თუ რამდენ ლელოს გაიტანს გუნდი, ან რა სხვაობით დამარცხდება მეტოქესთან - ერთით, შვიდით თუ ბევრად მეტით.
2012 წლის გათამაშება პარიზში, “სტად ფრანსეზე” გასამართი მატჩით გაიხსნება, რომელიც 4 თებერვალს, თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება. 2011 წლის მსოფლიო თასის მეორეადგილოსანი საფრანგეთი, იტალიას დაუხვდება და “ექვს ერზე” გასულ წელს ნაგემები სირცხვილისთვის რევანშის აღებას ეცდება. შეგახსენებთ, შარშანდელი ტურნირის IV რაუნდში, საფრანგეთი იტალიას რომში ეწვია და თითქმის საათის თავზე 18:6-ს იგებდა, მაგრამ ბოლოს მასპინძლებმა უკეთ ითამაშეს და 22:21 იმარჯვეს. ეს იტალიელთათვის ისტორიული გამარჯვება იყო, რადგან მათ მანამდე ოფიციალურ შეხვედრაში საფრანგეთი არასდროს დაემარცხებინათ.
იმავე დღეს, თბილისის დროით 21 საათზე, ედინბურგში, “მარიფილდზე” ისტორიული მოწინააღმდეგეების ჯახი გაიმართება. შოტლანდია ინგლისს უმასპინძლებს და ეჭვიც არავის ეპარება, რომ თამაში უკიდურესად დაძაბული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, “ექვს ერზე” ინგლისელებმა “სქოთებთან” 16 შეხვედრა მოიგეს, მხოლოდ სამჯერ დამარცხდნენ და ერთი თამაშიც ფრედ დაასრულეს, ამ გუნდების ჯახი მუდამ დაძაბული გამოდის გამარჯვებულის ვინაობის გარკვევა უმეტეს შემთხვევაში ბოლო წამამდე შეუძლებელია. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის ისტორიაში, პირველი სანაკრებო შეხვედრა სწორედ შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის 1871 წელს გაიმართა და მაშინ გამარჯვება შოტლანდიელებს დარჩათ. გასული წლის “ექვს ერზე” შოტლანდიამ ტრადიციულად იბრძოლა, მაგრამ მასპინძელ ინგლისთან ვერაფერს გახდა და 16:22 დაეცა. ახლა “სქოთებს” “მარიფილდზე” შეკრებილი 67 ათასი მაყურებლის ქომაგობის იმედი ექნებათ.
5 თებერვალს, პირველი რაუნდის დასკვნით მატჩში, დუბლინში, “ავივა სტედიუმზე” ირლანდია უელსს დაუხვდება. პირველ ტურში ეს ცენტრალური შეხვედრა იქნება, რადგან ამ გუნდების ძალთა თანაფარდობა, სხვა წყვილებთან შედარებით, ბევრად უფრო თანაბარია. აღსანიშნავია, რომ ორივე ნაკრებმა, 2011 წლის მსოფლიო თასზე კარგი თამაში აჩვენა და გულშემატკივრები მათგან ახლაც იმავეს ელიან. ბოლო ოც წელიწადში, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ირლანდიელთა მხარესაა, რომლებმაც 7 მარცხის წილ 13 გამარჯვება იზეიმეს (მხოლოდ “ექვს ერზე”), მაგრამ ამავე პერიოდში, უელსელებმა ჩემპიონობა 3-ჯერ მოახერხეს, მათმა მეტოქემ კი, მხოლოდ ერთხელ. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მასპინძელმა უელსმა ირლანდიას 19:13 მოუგო, მაგრამ გადამწყვეტი ლელო წესების დარღვევით გაიტანა, რაზეც რეფერიმ თვალი დახუჭა და ირლანდია უსამართლოდ დაიჩაგრა. ეს თამაში თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

2012 წლის “ექვსი ერი”. 4 თებერვალი - 17 მარტი
ინგლისი
საფრანგეთი
ირლანდია
უელსი
შოტლანდია
იტალია

I რაუნდი
4 თებერვალი
პარიზი. “სტად ფრანსე”. 18:30 (თბილისის დროით)
საფრანგეთი - იტალია
 

ედინბურგი. “მარიფილდი”. 21:00
შოტლანდია - ინგლისი
 

5 თებერვალი
დუბლინი. “ავივა სტედიუმი”. 19:00
ირლანდია - უელსი
 

II რაუნდი. 11-12 თებერვალი
იტალია - ინგლისი
საფრანგეთი - ირლანდია
უელსი - შოტლანდია
 

III რაუნდი. 25-26 თებერვალი
ირლანდია - იტალია
ინგლისი - უელსი
შოტლანდია - საფრანგეთი
 

IV რაუნდი. 10-11 მარტი
უელსი - იტალია
ირლანდია - შოტლანდია
საფრანგეთი - ინგლისი
 

V რაუნდი. 17 მარტი
იტალია - შოტლანდია
უელსი - საფრანგეთი
ინგლისი - ირლანდია
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.099859