რუსეთის სარაგბო ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კინგლსი ჯონსმა ერთა თასის მომავალი გათამაშებისთვის ”დათვების” გაფართოებული შემადგენლობა შეკრიბა და საწვრთნელი პროცესიც დაიწყო, პარალელურად კი, რუსული მას-მედიისთვისაც მოიცალა. ინტერვიუ საკმაოდ ვრცელი გამოვიდა და ისე როგორ იქნებოდა, ჩვენს კოლეგებს საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებაზე რომ არ ეკითხათ. როგორ აპირებს ჯონსის მიერ გაწვრთნილი გუნდი ”ბორჯღალოსნების” დამარცხებას? ამ კითხვაზე უელსელი სპეციალისტის აზრი უდავოდ საინტერესო უნდა იყოს.
- ვფიქრობ, წლეულს ქართველთა ძლევა ძალიან რთული იქნება. მატჩი თბილისში შედგება, ჩვენ კი ახალი ნაკრების ჩამოყალიბების სტადიაში ვართ. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრების დამარცხება მიზნად უახლოესი მომავლისთვის უნდა დავისახოთ. თუკი წინსვლა გვსურს, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ფიჯის, საქართველოს, კანადის დაჯაბვნას ყველანაირად უნდა შევეცადოთ. ეს ჩვენი მომდევნო მიზანია.
- გუნდში საქართველოს ნაკრებთან რა დამოკიდებულებაა? ეს ის გუნდია, რომლის დამარცხებას ნებისმიერ ფასად ღირს?
- ჩემი აზრით, უფრო მეტად, ასეთი განწყობა ქართველთა ბანაკშია. რუსეთისა და საქართველოს ისტორიულ ურთიერთობებს კარგად ნამდვილად არ ვიცნობ, თუმცა, გარკვეული წარმოდგენა გამაჩნია. ვფიქრობ, მეტწილად, ეს ინგლისისა და უელსის ურთიერთობებს ჰგავს, ოღონდ ათჯერ უფრო სერიოზული მასშტაბით. იქაც იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე: უელსს გაცილებით მეტად სურს ინგლისის დამარცხება, ვიდრე – ინგლისს უელსისა. ალბათ, იმიტომ, რომ საქმე დიდი და პატარა ქვეყნების დაპირისპირებასთან გვაქვს. თუმცა, სარაგბო სამყაროში რუსეთ-საქართველოს მატჩები – უბრალოდ კარგი მეტოქეობაა. ქართველები კარგი ხალხია და ბევრი ძლიერი მორაგბე ჰყავთ. ზოგიერთ მათგანს ვიცნობ კიდეც. რუსეთის ნაკრებში რამდენიმე ქართველია. მათ ქართველებს ვუწოდებ, ოღონდ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ქართველი მშობლები ჰყავთ.
- ხშირად გესმით, რომ უკეთესი იქნებოდა, რუსი და ქართველი მორაგბეები ერთ გუნდში გაერთიანებულიყვნენ?
- საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელობაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი. დამერწმუნეთ, მაშინ გაცილებით მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწევდი.
P.S. რუსეთის ნაკრები ერთა თასის პირველ მატჩს 11 თებერვალს პორტუგალიაში ჩაატარებს, თბილისს კი 17 მარტს ესტუმრება
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია