საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში სახალისო განწყობაა, მიუხედავად იმისა, რომ ყინვამ მათ ერთი-ორი მორაგბე მოაკლო. ვინც მოედანზე გადის, ერთი სულისკვეთებითაა განმსჭვალული – რაც შეიძლება კარგად წარმოჩინდეს და ახალ მწვრთნელებს თავი მოაწონოს.
და რას აკეთებენ ახალი თავკაცები? თვალშისაცემი ის იყო, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, საჭირო დროს თავად იდგა 10 ნომრად და საკუთარ თავზე იღებდა მყარი დაცვის შემდეგ წამოწყებული კონტრშეტევების პირველ დარტყმას. ეს კარგის ნიშანი უნდა იყოს - ჰეიგი გუნდის წევრია!
“არცერთი მორაგბით ვარ კმაყოფილი, რადგან ყოველთვის, ნებისმიერისგან უკეთესს უნდა ელოდო. რა თქმა უნდა, ლეგიონერები უკეთეს დღეში არიან, ვიდრე სხვები, მაგრამ ახლა ჩვენი ამოცანაა, მოკლე დროში ყოველივე ეს ნაკლი აღმოვფხვრათ. ყველაფრისთვის დროა საჭირო და და მეც დრო მჭირდება, რათა ეს ბიჭები გავიცნო. იმედი მაქვს, ჩემი იდეების ათვისება, უმოკლეს ვადაში მოხდება.
ქართული რაგბის ძალა მუდამ იყო შერკინება, დარტყმა და ამის ხარჯზე ფონს გასვლა. ასე, შეგვიძლია თამაშები მოვიგოთ, მაგრამ - არა საერთაშორისო დონეზე. ახლა ჩემი მიზანია, რომ ნაზავის ხარჯზე, გაშლილი თამაშით, მაყურებელსაც ვასიამოვნოთ და თამაშებიც მოვიგოთ. გამარჯვება კარგია, მაგრამ თუნდაც იმავე ესპანეთთან, ჯარიმების ხარჯზე თუ მოვიგეთ, მკაცრად ნუ განგვსჯით, რადგან უმთავრესი შედეგია.
ცუდია, რომ თამაში გადაიდო უკრაინასთან, თუმცა, მეორეს მხრივ, ესპანეთთან მატჩისათვის მოსამზადებლად, ორი კვირა გვაქვს. მეტოქეზე აქცენტს უშუალოდ თამაშის წინ გავაკეთებთ, ახლა ჩვენი გეგმით ვმუშაობთ. ახალი ციკლი იწყება და ახალი მორაგბეების გამოცდა მნიშვნელოვანია, მაგრამ წასაგებად არავისთან გავალთ. განსაკუთრებით ძლიერ მეტოქეებთან ჩვენი პოტენციალი თუ გამოვიყენეთ, მაშინ ნებისმიერი გუნდისათვის ძნელად დასამარცხებელი ვიქნებით”, - თქვა მილტონ ჰეიგმა, რომელიც ახლა იწყებს საქართველოს ნაკრების რეალური პოტენციალის შეგრძნებას.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია