ამბები

11:39 | 4.02.2012 | ნანახია 6979 - ჯერ

გიორგი შკინინი: “უფრო დიდი ყურადღება იმას ეთმობა, თუ სად თამაშობ და არა იმას, თუ რას თამაშობ”

სამწლიანი შესვენების შემდეგ, თბილისის “არმიას” გარემარბი გიორგი შკინინი საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა “ბორჯღალოსანთა” შეკრებაზე კვლავ გამოიძახა.
2007 წლის მსოფლიო თასზე ირლანდიის ნაკრებისთვის ულამაზესი ლელოს გამტანი “გოშა”, ნაკრებში მხოლოდ იმის გამო ვერ ხვდებოდა, რომ “ხულიგანას” ერთგული დარჩა და მწვრთნელები საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდიდან მორაგბის გამოძახებას ერიდებოდნენ. 28 წლის შკინინი შარშან “არმიაში” გადავიდა და ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა. რეაქტიულმა გარემარბმა ყველას დაუმტკიცა, რომ მიუხედავად დაბალ დონეზე თამაშისა, საუკეთესო თვისებები არ დაუკარგავს და ნაკრებშიც დაბრუნდა.
- გილოცავთ ნაკრებში დაბრუნებას. რა იგრძენით, როდესაც ამხელა პაუზის შემდეგ ეროვნულ გუნდში მიწვევა ისევ მიიღეთ?
- არაფერი განსაკუთრებული, ჯერჯერობით, დამკვიდრებაა საჭირო. ამ ეტაპზე თავს მთლად ისე ვერ ვგრძნობ, რომ დავბრუნდი. უბრალოდ, შანსი მომეცა და არა მარტო მე. საქართველოს ჩემპიონატიდან მრავლად არიან შეკრებაზე მორაგბეები და დანარჩენი ჩვენი დასამტკიცებელია.
- ახალ მწვრთნელებზე რას გვეტყვი?
- შედეგზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა, წინა მწვრთნელებისგან განსხვავებით, წვრილმანებს დიდ ყურადღებას უთმობენ.
- ახალი თავკაცები ახალზელანდიელები არიან, ისინი კი, უმეტესად გაშლილ რაგბის ანიჭებენ უპირატესობას...
- ცდილობენ, რომ ჩვენც ასე გვათამაშონ. ვარჯიშებზე ძალიან დიდ დროს ვხარჯავთ პასის, ტექნიკური ელემენტების დამუშავებაზე. ყველა ვარჯიშზე 15-20 წუთი პასის ხარისხის გაუმჯობესებაზე ვვარჯიშობთ. მოძრაობაში სწორი გადაცემის გაკეთებას, ფეხით თამაშს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ. მუდამ იმაზე ვსაუბრობთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ლამაზი, გაშლილი თამაში უნდა აჩვენოს.
- როგორ ფიქრობთ, შარშან “არმიაში” რომ არ გადასულიყავით, მოგეცემოდათ ნაკრებში თამაშის შანსი?
- არა. რატომღაც, ჩვენთან ასე ხდება, რომ უფრო დიდ ყურადღებას იმას აქცევენ, თუ სად თამაშობ და არა იმას, თუ რას თამაშობ. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. მე არ ვთვლი, რომ გუშინ, ან გუშინწინ უფრო ცუდი ვიყავი, ვიდრე დღეს ვარ. თუმცა, ფაქტია, რომ დღეს ნაკრებში ვარ, ხოლო აქამდე, როდესაც “ხულიგანაში” ვთამაშობდი, არავის ვახსენდებოდი.
- თქვენი აზრით, საქართველოს ნაკრებმა 2007 წლის მსოფლიო თასზე უფრო წარმატებით ითამაშა თუ 2011-ში?
- ჩემი აზრით, საფრანგეთში უფრო ავალაპარაკეთ ხალხი. თუ არ ჩავთვლით საფრანგეთს, ძალიან კარგი თამაშები ჩავატარეთ. წელსაც არ გვითამაშია ურიგოდ, მაგრამ ოთხი წლის წინანდელი მაინც უფრო მომეწონა.
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.126889