საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ახალ ოთხწლიან ციკლს ახალ მწვრთნელებთან ერთად იწყებს და მათი გადაწყვეტილებით, შემადგენლობაშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ეს, განსაკუთრებით, შერკინების პირველ ხაზს ეხება, სადაც, გამოძახებული 6 მორაგბიდან, 3 დებიუტანტია, დანარჩენ სამზე კი, ჯამში მხოლოდ 10 თამაშია. ყველაზე ცნობადები ბექა შეყლაშვილი (“აჟენი”) და კარლენ ასეიშვილია (“ორიაკი”) - 4-4 სანაკრებო შეხვედრა. მიუხედავად ამისა, 24 წლის ასეიშვილი დარწმუნებულია, რომ ისინი საფრანგეთის პირველ და მე-2 ელიტარულ დივიზიონში მიღებულ გამოცდილებას გამოიყენებენ და “ბორჯღალოსანთა” შერკინება ისეთივე იქნება, როგორიც ბოლო წლებში იყო.
- გილოცავთ ნაკრებში გამოძახებას. რა სიახლეები დაგხვდათ გუნდში?
- სიახლე მრავლადაა. ახალი მწვრთნელების გარდა, ნაკრებში ახალი მოთამაშეებიც არიან. ბიჭებს სათამაშო დონე მომატებული აქვთ და წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, გუნდის მზადების პროცესიც უფრო მაღალ დონეზე მიმდინარეობს.
- დონის მომატებაზე თქვით და ალბათ, თქვენც მომატებული გაქვთ. საქართველოდან ფედერალ 1-ში გადახვედით, ახლა უკვე Pro D2-ში თამაშობთ...
- მეც ვგრძნობ, რომ საგრძნობლად ვუმატე თამაშის ხარისხს და ალბათ მაგიტომაცაა, ნაკრებში ისევ რომ დამიძახეს.
- შერკინების პირველ ხაზში თითქმის სულ ახალბედები ხართ. დადგებით ისე, როგორც საქართველოს ნაკრებს ეკადრება?
- აუცილებლად. ყველანი მონდომებული ვართ და შევეცდებით, რომ როგორი ძლიერიც იყო საქართველოს ნაკრების შერკინება, ისეთივე იყოს და ტრადიცია შევინარჩუნოთ. გვაქვს საამისო ძალა. ახალი პირველხაზელები ელიტაში თამაშობენ, მაღალ დონეზე გამოსვლის გამოცდილება არ აკლიათ და ეს შედეგშიც უნდა აისახოს.
- ახალმა მწვრთნელმა რა სიახლეები დანერგა ნაკრებში?
- აქცენტი სწრაფ თამაშსა და ბურთის გაშლაზე კეთდება. მხოლოდ შერკინების იმედად აღარ ვიქნებით და ვხვეწთ ნიუანსებს, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს გუნდის გადაწყობა.
- ამას ხომ არ უკავშირდება შემადგენლობაში ამდენი ცვლილება?
- არა, უბრალოდ, მწვრთნელები ახლგაზრდებს აძლევენ თავის გამოჩენის შანსს. სხვა პირველხაზელებიც მოძრავი ბიჭები არიან და ამ მხრივ, არაფერი შეიცვლება.
- თქვენ მზად ხართ საკუთარი შანსის გამოსაყენებლად?
- დიახ. ძალიან მონდომებული ვარ და ვნახოთ რა გამოვა.
- ესპანეთთან მატჩისგან რას ელით?
- გამარჯვებას.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია