ამბები

14:11 | 5.02.2012 | ნანახია 2808 - ჯერ

რუმინეთმა პორტუგალიას სძლია

ევროპის ერთა თასის 2011-12 წლების გათამაშების მე-2 წრის პირველ ტურში მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა. კონტინენტზე გამეფებული ძლიერი ყინვის გამო, რუსეთისა და ესპანეთის ნაკრებთა მატჩი ადრევე გადაიდო, მოგვიანებით კი - დნეპროპეტროვსკში გასამართი უკრაინისა და საქართველოს ნაკრებთა თამაში.
უკვე ცნობილია, რომ საქართველოსა და უკრაინის რაგბის კავშირთა ხელმძღვანელებმა მოილაპარაკეს და “ბორჯღალოსნები” პირველი ტურის მატჩს 9 ივნისს გამართავენ. ეს კარგი უნდა იყოს საქართველოს ნაკრებისთვის, რადგან ამის მერე გუნდი ჩრდილოეთ ამერიკაში ტურნეზე მიდის, სადაც აშშ-სა და კანადის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს და მწვრთნელებს გუნდის შეთამაშების საშუალება ექნებათ.
პირველ ტურში, რუმინეთმა პორტუგალიას ბუქარესტში უმასპინძლა. თამაში ჩაშლის პირას გახლდათ, რადგან რუმინეთის დედაქალაქში -3 გრადუსი ყინვა იყო და “ტრიუმფალური არკაც” დაითოვლა, მაგრამ 120 კაცისგან შემდგარმა მოხალისეთა ჯგუფმა მოედანი გაწმინდა და მატჩიც დათქმულ დროს დაიწყო. ტრიბუნაზე სულ 750 მაყურებელი შეიკრიბა და საყვარელი გუნდის გამარჯვებითაც გაიხარა.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და უკანახაზელმა მედელინ ლემნარუმ ანგარიში ლელოთი მე-8 წუთზე გახსნა, მაგრამ რეალიზაცია არაზუსტი იყო. სტუმრებს ჩამორჩენის შემცირების შანსი ტაიმის შუაში მიეცათ, მაგრამ პედრო ლელმა ჯარიმა არაზუსტად შეასრულა. სამაგიეროდ, 28-ე წუთზე, უკანახაზელმა ანტონიო აგილარმა საპასუხო ლელოს გატანა შეძლო და ლელმა ზუსტი რეალიზაციით პორტუგალია დააწინაურა.
32-ე წუთზე, მასპინძლები ცუდ დღეში ჩავარდნენ, რადგან მესამეხაზელი ვიორელ ლუკასი სინბინით დაისაჯა, თუმცა, შვიდ წუთში ყვითელი ბარათი უკვე პორტუგალიელთა მესამეხაზელმა ჟულიენ ბარდიმ მიიღო და რიცხობრივი თანაფარდობა აღდგა.
რუმინელებმა უპირატესობის დაბრუნება მხოლოდ 65-ე წუთზე შეძლეს. შეცვლაზე შესულმა პირველხაზელმა ანდრეი ურსაჩემ ეროვნულ გუნდში თავისი დებიუტი ლელოთი აღნიშნა, ხოლო ასევე შეცვლაზე შესულმა ფლორინ ვლაიკუმ რეალიზაცია გამოიყენა. ლელოს ავტორი ურსაჩე, 73-ე წუთზე ყვითელი ბარათით დაისაჯა და რუმინეთი ერთხელაც დარჩა მოედანზე კაცნაკლული, მაგრამ ამით პორტუგალიამ ვერ იხეირა, შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე კი, ვლაიკუმ ჯარიმაც გაიტანა და მეტოქის იმედებს ცივი წყალი გადაავლო.
ამრიგად, რუმინეთმა 15:7 იმარჯვა და 4 ქულა ჩაიწერა, პორტუგალია კი, პრემიალური ქულის გარეშე დარჩა.
11 თებერვალს, მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრები, მადრიდში, ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს, პორტუგალია რუსეთს, ხოლო რუმინეთი უკრაინას უმასპინძლებს.

2012 წლის ერთა თასი. I რაუნდი
4 თებერვალი

რუმინეთი - პორტუგალია 15:7 (5:7)
 

1 რუმინეთი 1 1 0 0 15-7 4
2 საქართველო 0 0 0 0 0-0 0
3  რუსეთი 0 0 0 0 0-0 0
4  ესპანეთი 0 0 0 0 0-0 0
5 უკრაინა 0 0 0 0 0-0 0
6 პორტუგალია 1 0 0 1 7-15 0


11 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო
პორტუგალია - რუსეთი
რუმინეთი - უკრაინა

ევროპის 2011-12 წლების “ერთა თასის” ჯამური ცხრილი

1   საქართველო 5 5 0 0 168-35 22
2  რუმინეთი 6 4 0 2 181-76 20
3  პორტუგალია 6 3 0 3 120-113 14
4 რუსეთი 5 2 0 3 100-98 11
5 ესპანეთი 5 2 0 3 92-175 10
6 უკრაინა 5 0 0 5 61-225 0



ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080705