წლევანდელი “ექვსი ერის” ერთ-ერთმა ფავორიტმა - საფრანგეთის ნაკრებმა გათამაშება იტალიელებთან შთამბეჭდავი გამარჯვებით (30:12) დაიწყო, თუმცა, ეს ანგარიში სულაც არ ასახავს იმ რეალობას, რაც მოედანზე ხდებოდა.
პარიზში გამართულ მატჩში, განსაკუთრებით მის პირველ ნახევარში, სტუმრები ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, ბურთსაც მეტოქეზე დიდხანს აკონტროლებდნენ, მაგრამ იმედისმომცემი შეტევების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა ვერ შეძლეს და უფრო მაღალი კლასის გუნდისგან 4 ლელოთი დაისაჯნენ.
ფრანგებს შესვენებამდე სულ 2 სალელოვე შეტევა ჰქონდათ და ორჯერვე მოახერხეს იტალიელთა ჩათვლის მოედანში შეღწევა.
მე-2 ნახევრის დასაწყისში, მასპინძლებმა მე-3 ლელო გაიტანეს, უპირატესობა გაზარდეს, ბოლოსკენ კი, მეტოქეს მე-4 ლელოც დაუდეს.
მე-11 წუთზე, მასპინძლებმა ალექსანდრე იაშვილის ჯარიმით ანგარიში გახსნეს, ჯარიმა კი, ჟულიენ მელზიეს კარგ გარღვევას მოჰყვა. იტალიელებმა უპირატესობა მალევე გამოიყენეს და კრის ბერტონმა არეკნით წონასწორობა აღადგინა, თუმცა, აურელიენ რუჟრიმ 21-ე წუთზე იტალიელთა დაცვის ჩავარდნით ისარგებლა, ლელო გაიტანა და იაშვილის ზუსტი გარდასახვის შემდეგ, საფრანგეთი 10:3 დაწინაურდა. ამან მათ, არცთუ დამაჯერებელი დასაწყისის შემდეგ, დამშვიდების საშუალება მისცა, მაგრამ ნახევარი საათის თავზე, ბერტონმა ჯარიმით ჩამორჩენის შემცირება მოახერხა.
ტაიმის მიწურულს, მასპინძლებმა შერკინებიდან შეუტიეს, ლუი პიკამოლმა ხაზი გაჭრა და ბურთი მელზიეს ოსტატურად შეაყოლა. ეს უკანასკნელი ხუთ მცველს დაუსხლტა, მე-2 ლელო გაიტანა და 35-ე წუთზე, პირველი ტაიმის შედეგი დააფიქსირა - 15:6.
მე-2 ნახევრის დასაწყისში, ბერტონმა და იაშვილმა ჯარიმები გაცვალეს, ხოლო 54-ე წუთზე, ფრანსუა ტრენ-დუკის წამოწყებული იერიში, რუჟრიმ ფეხით განაგრძო და ვინსენ კლერმა მე-3 ლელოს გატანა შეძლო. იაშვილის რეალიზაცია ზუსტი იყო და ცხადი გახდა, იტალიელებს მატჩის გადარჩენის იმედი აღარ უნდა ჰქონოდათ. მე-60 წუთზე, სტუმრებმა ჯარიმით სხვაობა კი შეამცირეს, მაგრამ ფრანგებს თავისი თამაში უკვე ნაპოვნი ჰქონდათ. 72-ე წუთზე, უესლი ფოფანამ სადებიუტო მატჩში თავისი ლელო გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
II ტურში, საფრანგეთი საკუთარ მოედანზე ირლანდიას უმასპინძლებს, ხოლო იტალია ინგლისს დაუხვდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია