ამბები

21:24 | 5.02.2012 | ნანახია 1770 - ჯერ

შოტლანდია შეცდომებისთვის დაისაჯა

შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ექვსი ერის პირველ ტურში, ინგლისთან გამართულ მატჩში უამრავი შეცდომა დაუშვა და ამისათვის საკადრისად დაისაჯა.
მთლიანობაში, მატჩი უინტერესო გამოდგა, განსაკუთრებით მისი პირველი ტაიმი. სქოთებს იმედი ჰქონდათ, რომ საკუთარ დედაქალაქში, 2004 წლის შემდეგ პირველად, ინგლისთან გამარჯვებას იზეიმებდნენ, მაგრამ უამრავი ტექნიკური წუნი ჰქონდათ და თუ ასე გააგრძელეს, იტალიასთან მარცხს ვერ გადაურჩებიან.
დიდი ვერაფერი თამაში აჩვენა ინგლისმაც და პრინციპში, რომში იოლი გასეირნება არც მათ ელით.
საწყის წუთებში, ორივე გუნდი ხშირად თამაშობდა ფეხით, ბურთი უმისამართოდ იგზავნებოდა და მთელი 40 წუთის განმავლობაში, ერთი სალელოვე შეტევაც არ ყოფილა. ანგარიში სტუმრებმა 22-ე წუთზე ჯარიმით გახსნეს - ოუენ ფარელიმ თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. მაგრამ სამ წუთში მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს, ხოლო 32-ე წუთზე, მე-2 ჯარიმა გაიტანეს და ტაიმი 6:3 მოიგეს.
მე-2 ნახევარი დაიწყო თუ არა, ჰოჯსონმა ლელო გაიტანა და ფარელიმ რეალიზაცია გამოიყენა. მასპინძლებმა საკუთარი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს, ბურთის ფეხით მოგერიება სცადეს, მაგრამ მეტოქემ დაუფარა და თავისუფალ ბურთს ლელოში შეჰყვა. ამან შოტლანდიელები გამოაცოცხლა და ისინი მასირებულ შეტევაზე გადავიდნენ. მართალია, მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და ბურთსაც აკონტროლებდნენ, მაგრამ ინგლისელთა დისციპლინირებული დაცვის წინააღმდეგ ვერაფერს გახდნენ. ამასთან, შოტლანდიელები კვლავ ბევრ შეცდომას უშვებდნენ და სწორედ შეცდომის დამსახურებაა, მათ საპასუხო ლელოს გატანა რომ ვერ შეძლეს.
პირველი შანსი გრეგ ლეიდლოუმ მიიღო, როდესაც ბურთი ფეხით გადაკიდა და შეჰყვა, მაგრამ ვიდეორეფერიმ აჩვენა, რომ მისი დამიწება ვერ მოახერხა. მერე როს რენიმ წამოიწყო გარღვევა და მას ორი თანაგუნდელი კარგად მიჰყვა, მაგრამ სქოთმა პასის გაკეთება ვერ მოახერხა, არადა, შემტევების შემჩერებელი აღარავინ იყო და ლელო აუცილებლად გავიდოდა. სამაგიეროდ, ბოლოს, ფარელიმ ჯარიმით სხვაობა შვიდ ქულამდე გაზარდა, ინგლისელთა ნერვები დაამშვიდა და სტუმრებმაც მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს. ამ მოგებით, ინგლისელებმა კელტების თასი მოიგეს, რომელიც მათი და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირებისას თამაშდება.
11 თებერვალს, ინგლისელები იტალიელებს რომში ეთამაშებიან და თუ არ მოინდომეს, ასეთი თამაშით გამარჯვების მიღწევა გაუჭირდებათ. შოტლანდიის ნაკრები მეორე დღეს, 12 თებერვალს, სტუმრად უელსს დაუპირისპირდება და შეცდომების გამოსწორებას იქ ეცდება.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.087922