ამბები

15:24 | 6.02.2012 | ნანახია 1623 - ჯერ

უელსმა ირლანდია ბოლოში გატეხა

უელსის მორაგბეთა ნაკრებმა ექვსი ერის პირველი რაუნის დასკვნით შეხვედრაში მასპინძელი ირლანდია ბოლო ხუთ წუთში გატეხა, დუბლინში გამართულ მატჩში ჯერ ლელო, სულ ბოლო წუთზე კი, ჯარიმა გაიტანა და 23:21 იმარჯვა.
“ავივაზე” შეკრებილი გულშემატკივრები და ირლანდიელი მორაგბეები იმედოვნებდნენ, რომ მსოფლიო თასის მეოთხედფინალში განცდილი მარცხისთვის რევანშს აიღებდნენ, მაგრამ უფრო ენერგიულ უელსელებს სხვა გეგმები ჰქონდათ. საბოლოოდ, სტუმართა გათვლამ გაამართლა და ირლანდიამ საკუთარ მოედანზე უკვე ზედიზედ მესამე შეხვედრა დათმო.
ჯონათან სექსტონის ადრეულ ჯარიმას სტუმრებმა მძლავრი მიძალებით უპასუხეს და უელსელებმა მეტოქე საკუთარი ჩათვლის მოედნის ხაზზე გადათელეს, მაგრამ ვიდეორეფერიმ ლელო ვერ დააფიქსირა. სამაგიეროდ, იმავე ვიდეორეფერიმ “დრაკონებს” ლელოზე უარი ვეღარ უთხრა, როდესაც მე-14 წუთზე თანმიმდევრული იერიში ჯონათან დევისმა მარცხენა ალამთან დაასრულა. პრისტლენდის რეალიზაცია, რომლის თამაშიც ამ მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, არაზუსტი იყო და მერე მას ჯარიმაც გაუცუდდა. სამაგიეროდ, ირლანდიელებმა ტაიმის მიწურულს იშვიათი შეტევით ისარგებლეს, ტომი ბოუმ ხაზი გაჭრა და მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი რორი ბესტს შეაყოლა, სექსტონმა კი, რეალიზაციით პირველი ნახევრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 10:5.
მეორე ტაიმი მასპინძლებმა პირველის მსგავსად დაიწყეს და სექსტონმა ჯარიმით სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა, მაგრამ ჰალფპენიმ 54-ე წუთზე ჯარიმითვე უპასუხა, ხოლო თამაშის განახლებისთანავე, ჯორჯ ნორთმა ჯონათან დევისს კარგი, დაფარული გადაცემა გაუკეთა, ეს უკანასკნელიც ბოლო მცველს გასცდა და თავისი მეორე ლელოთი წონასწორობა აღადგინა. ჰალფპენიმ რეალიზაცია გამოიყენა და სტუმრები დააწინაურა, მაგრამ სექსტონმა ჯარიმით მე-60 წუთზე ირლანდიას ჯერ უპირატესობა დაუბრუნა (16:15), ბრედლი დევისის გასინბინების შემდეგ კი, 68-ე წუთზე ირლანდიამ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და ტომი ბოუმ მარცხენა ალამთან თავისი გუნდის მეორე ლელო გაიტანა.
გარდასახვა არაზუსტი იყო და სტუმრები ჯერ კიდევ უმცირესობაში თამაშობდნენ, როდესაც ჯორჯ ნორთმა საპასუხო ლელოს გატანა შეძლო და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. უელსელთა სავალალოდ, რეალიზაცია არაზუსტი იყო, მაგრამ მათ ბოლო წუთზე ზედ კარის გასწვრივ, დაახლოებით 26-27 მეტრიდან ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, ჰალფპენიმ ის სამ ქულად აქცია და “დრაკონებს” 23:21 მოაგებინა.
შეგახსენებთ, რომ სხვა შეხვედრებში საფრანგეთმა იტალია შინ 30:12, ხოლო ინგლისმა შოტლანდია სტუმრად 13:6 დაამარცხა. მეორე ტურში, 11 თებერვალს იტალია ინგლისს, საფრანგეთი კი ირლანდიას უმასპინძლებს. მეორე დღეს უელსი შოტლანდიას მასპინძლობს, რის შემდეგაც ექვს ერზე ორკვირიანი შესვენება გამოცხადდება.

2012 წლის “ექვსი ერი”. I რაუნდი
4 თებერვალი
პარიზი. “სტად ფრანსე”

საფრანგეთი - იტალია 30:12 (15:6)
ედინბურგი. “მარიფილდი”
შოტლანდია - ინგლისი 6:13 (6:3)
5 თებერვალი
დუბლინი. “ავივა სტედიუმი”
ირლანდია - უელსი 21:23 (10:5)

1. საფრანგეთი  1 1 0 0 30-12 2
2. ინგლისი       1 1 0 0 13-6 2
3. უელსი          1 1 0 0 23-21 2
4. ირლანდია     1 0 0 1 21-23 0
5. შოტლანდია   1 0 0 1 6-13 0
6. იტალია          1 0 0 1 12-30 0

II რაუნდი. 11-12 თებერვალი
იტალია - ინგლისი

საფრანგეთი - ირლანდია
უელსი - შოტლანდია
III რაუნდი. 25-26 თებერვალი
ირლანდია - იტალია
ინგლისი - უელსი
შოტლანდია - საფრანგეთი
IV რაუნდი. 10-11 მარტი
უელსი - იტალია
ირლანდია - შოტლანდია
საფრანგეთი - ინგლისი
V რაუნდი. 17 მარტი
იტალია - შოტლანდია
უელსი - საფრანგეთი
ინგლისი - ირლანდია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.219144