ამბები

17:22 | 6.02.2012 | ნანახია 2234 - ჯერ

უელსის სარეიტინგო ნახტომი

ლი ჰალფპენის მიერ ბოლო წუთზე გატანილმა ჯარიმამ უელსის ნაკრებს დუბლინში არა მხოლოდ ირლანდია დაამარცხებინა 23:21, არამედ გუნდს 1,4 სარეიტინგო ქულა შემატა და ერთბაშად ორი საფეხურით დაწინაურების საშუალება მისცა.
ახლა უელსი მე-6 საფეხურს იკავებს, მარცხის გამო ორი ადგილით დაქვეითდა ირლანდია და რეიტინგში თავის უარეს მაჩვენებელს, მე-8 ადგილს უწია. გასულ უქმეებზე გამართული კიდევ ერთი შეხვედრა, რომელმაც სარეიტინგო ცვლილება გამოიწვია, კვლავ ექვსი ერის გათამაშებაზე მოდის. ინგლისმა შოტლანდიის სტუმრად 13:6 ძლევით, 0,76 სარეიტინგო ქულა მიიღო, თუმცა, მე-5 ადგილზე დარჩა. აი, უამრავი შანსის გამნიავებელმა შოტლანდიამ კი, ერთი საფეხურით უკან დაიწია და სამოას შემდეგ მე-11 პოზიციამდე დაქვეითდა.
ექვს ერზე საფრანგეთმა იტალიას 30:12 სძლია, მაგრამ მათ შორის იმდენად დიდი იყო სხვაობა, რომ ამ შედეგს რეიტინგზე გავლენა არ მოუხდენია, გუნდებმა ქულებიც შეინარჩუნეს და წინა პოზიციებიც. ევროპის ერთა თასზე რუმინეთმა პორტუგალიის 15:7 ძლევით 0.23 სარეიტინგო ქულა მიიღო, მაგრამ წინსვლა ვერც მან განიცადა. თავის პოზიციაზე რჩება (24-ე) პორტუგალიაც, ოღონდ ახლა ჩილეს ოდნავ მეტით ჩამორჩება.
გასულ შაბათს საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან დნეპროპეტროვსკში უნდა ეთამაშა, მაგრამ უკრაინაში 30-40-გრადუსიანი ყინვები დაიჭირა, შავი ზღვაც კი გაიყინა და თამაში 9 ივნისამდე გადაიდო. “ბორჯღალოსნებს” რომ ეთამაშათ და რაც უნდა დიდი სხვაობით მოეგოთ, რეიტინგს მაინც ვერაფერს შემატებდნენ. რეიტინგს არაფერი დაემატება 11 თებერვალს მადრიდში ესპანეთის ბეგვის შემთხვევაშიც, თუმცა, ღმერთმა ნუ ქნას და, მარცხი, ან თუნდაც ფრე, საქართველოს ნაკრებს რეიტინგში ძვირად დაუჯდება. ისე კი, მილტონ ჰეიგის შეგირდები 71,09 ქულით კვლავინდებურად მე-14 პოზიციაზე არიან. მათ წინ კანადის, უკან კი იაპონიის ნაკრებია.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 6 თებერვლისთვის
1    (1). ახალი ზელანდია    91,43
2    (2). ავსტრალია    87,99
3    (3). საფრანგეთი    84,70
4    (4). სამხრეთ აფრიკა    84,34
5    (5). ინგლისი    82,34
6    (8). უელსი    81,01
7    (7). არგენტინა    80,28
8    (6). ირლანდია    79,25
9    (9). ტონგა    76,63
10    (11). სამოა    75,81
11    (10). შოტლანდია    75,44
12    (12). იტალია    73,99
13    (13). კანადა    72,92
14    (14). საქართველო    71,09
15    (15). იაპონია    70,45
16    (16). ფიჯი    68,78
17    (17). აშშ    65,63
18    (18). რუმინეთი    64,21
19    (19). ნამიბია    61,24
20    (20). რუსეთი    60,54
21    (21). ურუგვაი    60,47
22    (22). ესპანეთი    60,33
23    (23). ჩილე    59,52
24    (24). პორტუგალია    59,07
25    (25). ბელგია    57,02
26    (26). ჰონკონგი    56,51
27    (27). მაროკო    56,13
28    (28). მოლდოვა    54,94
29    (29). პოლონეთი    54,80
30    (30). ყაზახეთი    53,62
31    (31). კორეა    53,36
32    (32). უკრაინა    53,22
33    (33). ზიმბაბვე        52,40
34    (34). ბრაზილია    51,57
35    ...
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.069297