ამბები

17:22 | 6.02.2012 | ნანახია 3438 - ჯერ

ლას ვეგასში ახალი ტურნირის შესახებ იმსჯელებენ

7-9 თებერვალს, “მეორე ეშელონის“ სარაგბო კავშირების ხელმძღვანელები ლას ვეგასში შეიკრიბებიან და 2013-16 წლებში გასამართი ახალი ტურნირის შესახებ იმსჯელებენ. შეხვედრის ორგანიზატორი რაგბის საერთაშორისო საბჭო (IRB) გახლავთ, საქართველოდან კი, მიწვეულნი არიან რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლაშა ხურციძე.
“მეორე ეშელონის“, იგივე, “ტიერ 2“-ის ქვეყნები, ძირითადად, მსოფლიო რაგბის რეიტინგის მეორე ათეულში შედიან. გამონაკლისია ტონგა და სამოა, რომლებიც განახლებულ რეიტინგში მეცხრე-მეათე ადგილებზე იმყოფებიან და ექვსი ერის მონაწილე შოტლანდიასა და იტალიას უსწრებენ. კანადას და საქართველოს, შესაბამისად, მე-13 და მე-14 პოზიციები უკავიათ, ხოლო ფიჯი, აშშ, რუმინეთი და რუსეთი სარეიტინგო ოცეულის ბოლო ადგილებს ინაწილებენ.
საქართველოს ნაკრებს ბოლო 17 წელია, ერთი და იმავე გუნდებთან უწევს დაპირისპირება. გამონაკლისი მხოლოდ მსოფლიო თასის გათამაშება, ან საკვალიფიკაციო მატჩებია. ძლიერ გუნდებთან ძალების მოსასინჯად რაგბის საერთაშორისო საბჭომ 2006 წლიდან “ერთა თასი“ დააწესა, მაგრამ ბოლო ოთხმა წელიწადმა, განსაკუთრებით კი, 2011 წლის მსოფლიო თასის გათამაშებამ, “ტიერ 2“- ის ქვეყნების პროგრესი ნათლად გამოაჩინა. ახალი ტურნირი “მეორე ეშელონის” ეროვნულ გუნდებს წინსვლისა და სათამაშო ოსტატობის დახვეწის შესაძლებლობას მისცემს.
ცნობისთვის, ტონგასთან ორჯერ გვაქვს ნათამაშები – გარეთ და შინ, მსოფლიოს შესარჩევზე. 1999 წელს, ნუკუალოფაში წავაგეთ, თბილისში კი რევანშის აღება მოხერხდა. სამოას 2003 წლის მსოფლიოზე შევხვდით და დავმარცხდით. იაპონიასთან 2006 წელს, ოსაკაში, ტესტ-მატჩი წავაგეთ. მარცხით დასრულდა პირველი შეხვედრები აშშ-სა და კანადის ნაკრებებთან 2009 წელს ჩერჩილის თასზე, თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ასპარეზობაზე, რეალურად, “ა“ ნაკრებით წარსდგა. იგივე ნაკრებებთან 2010 წელს, თბილისში გამართული ტესტები “ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით დასრულდა. საგულისხმოა, რომ აშშ-სთან დაპირისპირებისას, ბორჯღალოსნებმა მეორე ტაიმი მოიგეს და თამაშის ბედი დრამატიზმით სავსე ბოლო წუთებზე შემოატრიალეს. წლეულს, კანადისა და აშშ-ს ნაკრებებს 16 და 23 ივნისს სტუმრად შევხვდებით.
ცნობილია, რომ ლას ვეგასის კონფერენციაზე 2011 წლის მსოფლიო თასის გათამაშებას შეაფასებენ, იმსჯელებენ სამომავლო ტურნირის მოდელსა და სტრუქტურაზე. ამას გარდა, განიხილავენ ახალი შეჯიბრის გამართვის დროს და კომერციულ შესაძლებლობებს.
“მეორე ეშელონის” რაგბის კავშირების ხელმძღვანელთა გარდა, შეხვედრას დაესწრებიან IRB-ს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარკ იგანი, კომერციული დირექტორი – ჰიუ მორგანი, რეგიონალური დეპარტამენტის მენეჯერი ტომ ჯონსი და ტურნირების მენეჯერი – ფილიპ ბურდარიასი.

 

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078853