18-30 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქი სოლტ ლეიკ სიტი 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფას” უმასპინძლებს. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შარშან ახალი მთავარი მწვრთნელის, შოტლანდიელი იან რიჩარდ სმიტის მეთაურობით, ევროპის ჩემპიონატი მოიგო და სოლტ ლეიკ სიტის საგზურიც მოიპოვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების პარალელურად, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე 20-წლამდელთა ნაკრების კანდიდატები სმიტმაც შეკრიბა და მიუხედავად იმისა, რომ “ალაფამდე” ჯერ დიდი დროა, გუნდს სიახლეების დახვეწაში აქედანვე ავარჯიშებს. კანდიდატთა შორისაა საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი, თბილისის “არმიას” მეორე-მესამეხაზელი ხვიჩა ბუჯიაშვილი, რომელმაც მიუხედავად ასაკისა, “ალაფაზე” თამაშის გამოცდილება შარშან, თბილისში გამართულ მსოფლიო თასზე მიიღო.
19 წლის ბუჯიაშვილი დარწმუნებულია, რომ აშშ-ში, სადაც “ბორჯღალოსანთა” და მასპინძელთა გარდა ტონგის, კანადის, ჩილეს, იაპონიის, რუსეთისა და ზიმბაბვეს ახალგაზრდული გუნდები ითამაშებენ, საქართველოს ნაკრებს წარმატების კარგი შანსი აქვს. შარშან თბილისში ბორჯღალოსნებმა მხოლოდ მე-3 ადგილი დაიკავეს, მაგრამ იმ გუნდიდან ნაკრებში მორაგბეები ახლაც მრავლად არიან და გამოცდილებამ თავისი უნდა ქნას. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კლუბში უმეტესად მეორე ხაზში თამაშობდა, შოტლანდიელი მწვრთნელი მას ნაკრებში შერკინების შემკვრელად, რვა ნომრად ამზადებს.
“მსოფლიო სპორტი” ბუჯიაშვილს ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გაესაუბრა.
- როგორ მიდის მზადება მომავალი მსოფლიო თასის “ალაფისთვის”?
- ყოველდღიური ვარჯიშები გვაქვს. ვემზადებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართი 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო “ალაფისთვის”. ვფიქრობთ, ივნისში მზად ვიქნებით იმისთვის, რომ ეს ტურნირი მოვიგოთ და ვნახოთ, როგორ გამოგვივა.
- რა გვაძლევს მოგების იმედს? შარშან თბილისში გამართული ტურნირისას გამოცდილება მივიღეთ და ვნახეთ, რომ “ალაფაზე” სუსტი გუნდები არ არიან...
- ვნახეთ და დიდი გამოცდილებაც მივიღეთ, რაც მნიშვნელოვანია. მხოლოდ იმისთვის ვემზადებით, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ. კარგი ვარჯიშები გვაქვს და მიზნისთვის მაქსიმუმს გავიღებთ.
- წლეულს უმთავრეს კონკურენტებად ვის მიიჩნევთ?
- ყველაზე ძლიერი, ალბათ, ტონგა იქნება, რომელიც ელიტიდან დაქვეითდა. კონკურენტებად იაპონიას და ჩილესაც მივიჩნევთ, ისე კი, სუსტი გუნდი იქ არ იქნება.
- თბილისში იაპონიამ გვიჩვენა მაგალითი, თუ როგორ უნდა ეთამაშო შენზე ძლიერ გუნდს. ამისთვის თუ ვემზადებით?
- ახალი მწვრთნელი, იან რიჩარდ სმიტი ბევრს გვამუშავებს, ყველაფრისთვის გვამზადებს და ვფიქრობთ, ტურნირს ყოველმხრივ მომზადებული შევხდებით.
- რა სიახლეები დანერგა სმიტმა გუნდში?
- ბევრს გვამუშავებს პასებზე, ბურთის ჩათამაშებაზე. სიახლეები მრავლადაა და შედეგები ამერიკაში გამოჩნდება.
- მესამე ხაზშიც შეგიძლიათ თამაში, თუმცა, კლუბში უმეტესად მეორე ხაზში თამაშობდით...
- ნაკრებში სიტუაცია სხვაგვარადაა. აქ უმეტესად მესამე ხაზის მოთამაშედ ვითვლები და თუ რაიმე არ მოხდა, რვა ნომრის პოზიციაზე ვითამაშებ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია