საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სოლტ ლეიკ სიტიში ამა წლის 18-30 ივნისს გასამართ ტურნირზე განსხვავებული სახით წარსდგება. თუ შარშან თბილისში აქცენტი ფიზიკურ, ძალისმიერ თამაშზე კეთდებოდა, წელს ამ კოზირს გაშლილი რაგბიც დაემატება და “პატარა ბორჯღალოსნების” მწვრთნელები იმედოვნებენ, რომ ეს გამარჯვების მომტანი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ივნისამდე ჯერ კიდევ შორია, გუნდის ახალმა თავკაცმა, შოტლანდიელმა იან რიჩარდ სმიტმა, რომელმაც კარიერის უმეტესი ნაწილი ინგლისში გაატარა, კანდიდატების შერჩევა უკვე დაიწყო და “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ყოველდღიურად იმ 35-38 მორაგბეს ავარჯიშებს, რომელთაგან 26-ს აშშ-ში წაიყვანს. სმიტი მორაგბეთა უმეტესობას იცნობს, რადგან მათთან ერთად გასულ წელს რუმინეთში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო და “ალაფის” საგზურიც მაშინ გაინაღდა.
სწორედ რუმინეთში გამართული ევროპის ჩემპიონატისას გამოჩნდა, რომ “პატარა ქართველებმა” ლამაზი, გაშლილი რაგბი ითამაშეს და ამის შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ პაატა ნარიმანაშვილი 20-წლამდელთა მწვრთნელის პოსტზე სმიტით ჩაანაცვლა. ჩრდილოეთ ამერიკაში ქართველთა მეტოქეები აშშ-ს, კანადის, გასულ წელს ელიტიდან დაქვეითებული ტონგას, შესარჩევში ურუგვაის მძლეველი ჩილეს, გასულ წელს ქართველთა მძლეველი იაპონიის, ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გასული რუსეთის და აფრიკის ჩემპიონი ზიმბაბვეს ნაკრებები იქნებიან.
ეს რვა გუნდი ორ ოთხგუნდა ჯგუფში გადანაწილდება, ჯგუფში გამარჯვებულები ფინალში ითამაშებენ და მოგებული მომავალ წელს მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდთან ერთად მსოფლიო თასისთვის იბრძოლებს. მეორეადგილოსნები ტურნირზე მესამე, ჯგუფში მესამეები მეხუთე, ხოლო ნაბოლარები მეშვიდე ადგილს გაითამაშებენ. მიუხედავად მეტოქეთა სიძლიერისა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელები დარწმუნებული არიან, სოლტ ლეიკ სიტიში პირველობისთვის ბრძოლას შეძლებენ.
“მსოფლიო სპორტი” ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ სმიტის თანაშემწე ლადო კილასონიას გაესაუბრა, რომელიც შოტლანდიელს ევროპის ჩემპიონატზეც ეხმარებოდა.
- ივნისამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ 20-წლამდელთა ნაკრებმა უკვე დაიწყო მსოფლიო თასის “ალაფისთვის” მზადება.
- მივყვებით პროგრამას. ამჟამად უმეტესი ყურადღებას ფიზმომზადებას ეთმობა. ძირითადად სატრენაჟორო დარბაზში და სისწრაფეზე ვვარჯიშობთ. ჯერჯერობით, ბურთი ნაკლებად გვაქვს ჩართული მზადების პროცესში. დაახლოებით ხუთი კვირის შემდეგ, ნელ-ნელა ვარჯიშში სარაგბო ელემენტებსაც შევიტანთ. ბოლოსკენ სრულად ტაქტიკაზე ვიმუშავებთ, ბიჭები ძალიან რომ არ გადავღალოთ და 4 ივნისს გეზს კანადისკენ ავიღებთ.
- ამ მომენტისთვის რამდენი კანდიდატი ვარჯიშობს თქვენთან?
- სელექცია დასულია 35-38 კაცამდე. მათგან ავარჩევთ იმ 26 მორაგბეს, ვისაც მსოფლიოზე წავიყვანთ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოს ჩემპიონატზეც.
- წელს საქართველოს ჩემპიონატი განსხვავებული სისტემით ჩატარდება. ეს ხომ არ გიქმნით რაიმე პრობლემას?
- არა, პირიქით. ეს ცვლილება ძალიან წაგვადგა. საქართველოს ჩემპიონატი სექტემბერში იწყება, მანამდე ქართულ კლუბებს გარდამავალი ტურნირი აქვთ და ასეთ პირობებში, მათგან მორაგბეების წამოყვანა გაადვილებულია.
- ვინ იქნებიან ჩვენი მთავარი კონკურენტები სოლტ ლეიკ სიტიში და რა იქნება საქართველოს ნაკრების მიზანი?
- ძალიან ძნელია რაიმეს თქმა. ნებისმიერი ქვეყნის ასაკობრივი ნაკრები, დამოკიდებულია იმ თაობაზე, რომელიც მოდის. ალბათ, ტრადიციულად ძლიერი იქნება იაპონია, ტონგა, რომელიც ელიტარული დივიზიონიდან დაქვეითდა, მასპინძელი აშშ და კანადა. თბილისში დავინახეთ, რომ კარგი გუნდი ჰყავს ზიმბაბვეს, ჩილემ შესარჩევში ურუგვაი დაამარცხა, არადა, გასულ წელს ამ გუნდის თამაში ყველამ ვნახეთ და ისინი გამართულ რაგბის თამაშობდნენ. რუსეთის ნაკრებს რუმინეთში, ფინალი ვეთამაშეთ და ტექნიკურად ძალიან კარგადაა მომზადებული. მიუხედავად ამისა, ჩვენ კარგი თაობა გვყავს და ამბიციებიც გვაქვს.
- 2011 წლის მსოფლიო თასზე, საქართველოს ნაკრების კოზირი ძალისმიერი თამაში იყო. წელს როგორ იქნება საქმე?
- ორივე ასპექტი გასათვალისწინებელია თანაბრად. ფიზიკა ბურთის გარეშე და პირიქით, წარმოუდგენელია და შევეცდებით ბალანსი დავიჭიროთ. გუნდის ტაქტიკიდან გამომდინარე, ბევრად უფრო დაბალანსებული ვიქნებით. ხაზიც ითამაშებს და შერკინებაც. რუმინეთის ტურნირმა დაგვანახა, რომ ხაზის მოთამაშეებს ბევრი შეუძლიათ.
- ხაზზე აქცენტის გაკეთება მწვრთნელის ცვლილებამ გამოიწვია, თუ თაობის?
- ორივემ ერთად. იან რიჩარდ სმიტმა თავისი აზრები მოიტანა და პროგრესული რაგბის დანერგვა დაიწყო. ასევე მოთამაშეებმაც, რომლიდანაც რამდენიმე უკვე საზღვარგარეთ თამაშობს. ერთ-ერთი შარიქაძეა, რომელიც ინგლისურ კლუბში გადავიდა და ეროვნულ გუნდშიც გამოიძახეს. ასევე, საქართველოს ჩემპიონატის დონის ზრდამ. უამრავი ფაქტორია და ჯამში, ეს ყველაფერი განსხვავებულ შედეგს იძლევა, თუმცა, სამუშაო მაინც ბევრია.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია