ამბები

17:53 | 10.02.2012 | ნანახია 4957 - ჯერ

ჰეიგის ექსპერიმენტული დებიუტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგის დებიუტი 11 თებერვალს, თბილისის დროით 19:00 საათზე მადრიდში, “უნივერსიტეტის” სტადიონზე მასპინძელ ესპანეთთან შედგება.
წესით და რიგით, დებიუტი ერთი კვირით ადრე, დნეპროპეტროვსკში უკრაინის წინააღმდეგ უნდა გამართულიყო, მაგრამ ძლიერმა ყინვებმა ეს თამაში ჩაშალა. ამჯერად სიტუაცია სხვაგვარადაა. ესპანეთში ნორმალური ამინდებია და თამაშის დღესაც 9 გრადუსიან სითბოს ელიან, ასე რომ ამჯერად მატჩის გამართვას წინ ვეღარაფერი დაუდგება.
“ბორჯღალოსნები” მადრიდში 9 თებერვალს გამთენიისას, სტამბოლის გავლით გაემგზავრნენ. მართალია, უამინდობამ ნაკრების წევრები თურქეთში დათქმულზე მეტი ხნით შეაყოვნა, მაგრამ ჰეიგმა ესპანეთში ჩასვლისთანავე დრო არ დაკარგა და ნამგზავრი ბიჭები ეგრევე სავარჯიშოდ წაიყვანა. პრინციპში, თბილისური ყინვის გამო, სრულფასოვანი ვარჯიშის გამართვა აქ ვერ ხერხდებოდა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გუნდმა ნორმალურ პირობებში ივარჯიშა.
საესპანეთოდ შერჩეულ ძირითად შემადგენლობაში, 12 ლეგიონერია (11 საფრანგეთიდან, ერთი ინგლისიდან), ქართული კლუბებიდან კი “ყოჩებს”, “ლოკომოტივსა” და ქვეყნის ჩემპიონ “არმიას” თითო წარმომადგენელი ჰყავთ. 15 ნომრის პოზიციაზე, მსოფლიო თასზე დაწყებული ექსპერიმენტი გრძელდება და ამ პოზიციაზე რევაზ გიგაური ითამაშებს. შუამარბად გამოცდილ დავით კაჭარავას დებიუტანტი მერაბ შარიქაძე შეუწყვილდა, რომელიც 18 წლისაა და ინგლისის “გლოსტერის” ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს. ფლანგებზე ირაკლი მაჩხანელი და გიორგი შკინინი ითამაშებენ. ეს უკანასკნელი ბოლო სამი წელია ნაკრებში აღარ გამოჩენილა, მაგრამ “არმიაში” გადასვლის შემდეგ, მწვრთნელთა ყურადღების არეალში მოხვდა და ნაკრებში დაბრუნების შანსიც მიეცა. 9-10 ნომერზე ძველი და გამოცდილი წყვილი დადგება - ირაკლი აბუსერიძე და მერაბ კვირიკაშვილი. აბუსერიძე “ბორჯღალოსანთა” ბოლო წლების უცვლელი კაპიტანია და ნაკრების კვართიც ყველაზე მეტჯერ, 76-ჯერ აქვს მორგებული.
შერკინების პირველი ხაზი ექსპერიმენტულია, თუმცა, ბიჭებს გამოცდილება მაინც არ აკლიათ. პირველი ნომერი მიხეილ ნარიაშვილი, ამ სეზონიდან “მონპელიეს” შემადგენლობაში სულ უფრო ხშირად ჩნდება და ცოტა ხნის წინ ძირითადიც დააჭაშნიკა, სამი ნომერი ბექა შეყლაშვილი კი, “აჟენის” ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრია და 4 სანაკრებო მატჩშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. ორ ნომერზე “ყოჩების” მორაგბე შალვა მამუკაშვილი დადგება, რომელსაც “ბორჯღალოსანთა” მაისური ორ თამაშში აქვს მორგებული. ბარემ ვთქვათ, რომ დავით ზირაქაშვილი მოტეხილ ხელს მკურნალობს და ესპანელთა წინააღმდეგ ვერაფრით ითამაშებდა, ხოლო სხვა პირველხაზელებს, კლუბებთან შეთანხმების საფუძველზე, “ერთა თასის” სამ-სამ თამაშში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება და მწვრთნელები მათ პრინციპული მეტოქეების წინააღმდეგ გამოიყენებენ.
მეორე ხაზში გამოცდილ ლევან დათუნაშვილს ახალგაზრდა კოტე მიქაუტაძე შეუწყვილდება, რომელსაც ცოტა ხნის წინ “ტულონის” ძირითად გუნდში დებიუტი ჰქონდა და Top 14-ში თავისი პირველი ლელოც გაიტანა. მესამე ხაზში, შერკინების შემკვრელად კვლავ დიმიტრი ბასილაია იქნება, რომელმაც მსოფლიო თასზე საუკეთესო თამაში აჩვენა და საფრანგეთის მესამე ლიგის გუნდიდან შოტლანდიურ გრანდ “ედინბურგში” გადადის. ეს ტრანსფერი “ბორჯღალოსანთა” ყოფილი მწვრთნელის, მაიკლ ბრედლის დამსახურებაა, რომელიც ახლა “ედინბურგს” ავარჯიშებს. კვლავ ძირითად შემადგენლობაშია გამოცდილი გიორგი ჩხაიძე. მესამე ხაზში ითამაშებს “ლოკომოტიველი” გივი ბერიშვილი, რომელმაც ჯერ “შავი ზღვის თასზე” ითამაშა კარგად, ხოლო მსოფლიო თასის წინ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა და ზელანდიაშიც ჩვეული თავდადებით იასპარეზა.
რაც შეეხება ფრანგული “მონპელიეს” ერთ-ერთ ლიდერ მამუკა გორგოძეს, მას შეთანხემისამებრ მხოლოდ უკრაინასთან მატჩში უნდა ეთამაშა, აღნიშნული შეხვედრის გადადების შემდეგ კი, საფრანგეთს მიაშურა. ცხადია, “გორგოძილა” ნაკრებთან ერთად იქნება, ტურნირის უმთავრეს შეხვედრებში, როდესაც “ბორჯღალოსნები” პორტუგალიას (25 თებერვალი), რუმინეთსა (10 მარტი) და რუსეთს (17 მარტი) ეთამაშებიან.
ამრიგად, ძირითად შემადგენლობაში სანაკრებო დებიუტი ექნებათ შარიქაძეს და ნარიაშვილს, სათადარიგოთა შორის კი, კიდევ ორი დებიუტანტია. პირველხაზელმა ლევან ჩილაჩავამ, თავი ახალგაზრდულ მსოფლიო თასის “ალაფაზე” გამოიჩინა და “ტულონის” ძირითად გუნდში “ჩელენჯ ქაფზე” დებიუტიც ჰქონდა, სადაც ლელო გაიტანა. დებიუტანტია მესამეხაზელი გიორგი კალმახელიძე, რომელიც “არმიასთან” ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა და გასულ წელს 7-კაცა ნაკრებშიც თავი გამოიჩინა. დებიუტანტი არაა, მაგრამ მხოლოდ ოთხი სანაკრებო თამაშია პირველხაზელ კარლენ ასეიშვილის ანგარიშზე. ცხრა ნომრის პოზიციაზე მხოლოდ ერთი თამაშია გიორგი ბეგაძის ანგარიშზე, თუმცა, ის შესაძლოა მსოფლიო თასზეც მოხვედრილიყო, მაგრამ ტრავმამ ხელი შეუშალა. მხოლოდ ერთხელ მოირგო ნაკრების კვართი, იტალიის A ნაკრებთან ბექა წიკლაურმა და იმ შეხვედრაში ლელო გაიტანა, მაგრამ მერე პოლონურ "არკად გდინიაში" გადავიდა და მას შემდეგ ნაკრების თავკაცებმა ყურადღება ახლაღა მიაქციეს. სათადარიგოთა შორის არიან გამოცდილი მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე და უკანახაზელი ალექსანდრე თოდუა.
გუნდს სათადარიგოების რანგში მიჰყვებიან ფრანგული “ვალანს დ’აჟენის” 10 ნომერი ლაშა მალაღურაძე და “ბრივის” მესამეხაზელი ბექა ბიწაძე. ისინი საესპანეთო განაცხადში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუკი რომელიმე მორაგბემ ტრავმა უშუალოდ მადრიდული მზადებისას მიიღო. ასეთ შემთხვევაში ბიწაძეს ეროვნულ გუნდში დებიუტი ექნება. ზელანდიურ-ქართული სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, მოსამზადებელ ეტაპზე მყოფ მორაგბეთაგან, ამჯერად, განაცხადში ვერ მოხვდნენ ბექა მეკოკიშვილი (“არმია“, ჰუკერი), ბიძინა სამხარაძე (“არმია“, №9), გიორგი ჯიმშელაძე (“კლერმონ ოვერნი“, საფრანგეთი, შუამარბი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (“არმია“, გარემარბი), ირაკლი ჩხიკვაძე (“არმია“, გარემარბი) და ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, ფულბეკი). რაც შეეხება ვიქტორ კოლელიშვილს (“კლერმონ ოვერნი“, საფრანგეთი, მესამე ხაზი), მან შეკრებისას ცხვირი გაიტეხა და ნაკრებს ამის გამო გამოაკლდა.
რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, მწვრთნელებს 24 კაციან განაცხადში 15 ლეგიონერი ფრანგული კლუბებიდან ჰყავთ, ერთი ინგლისიდან, დანარჩენები კი, ადგილობრივ კლუბებს წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ესპანურ მხარესთან შეთანხმებას მიაღწია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ამ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი შედგება.
ახლა რაც შეეხება საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირებას. ეს გუნდები ერთმანეთს სულ 11-ჯერ შეხვდნენ და რვაჯერ ქართველებმა იმარჯვეს, ორჯერ ესპანელებმა, ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. უნდა ითქვას, რომ ესპანელები “ბორჯღალოსნებისთვის” უხერხულ მეტოქედ ითვლებიან და უმეტეს შემთხვევაში ქართველთა გამარჯვება ენერგიის სრული დახარჯვის ხარჯზე მოდიოდა. პირველი თამაში 2000 წელს მადრიდში შედგა და დაძაბულ ბრძოლაში ესპანეთმა 36:32 იმარჯვა.
შემდგომ სამ წელიწადში ესპანელები ქართველებისთვის იოლ გასეირნებას წარმოადგენდნენ: “ბორჯღალოსნებმა” 2001 წელს რუსთავში 43:10, მომდევნო წელს მადრიდში 34:18, ხოლო 2002 წელს თბილისში 34:3 იმარჯვეს. “ლომებთან” ერთადერთი ფრე 2004 წელს, ტარაგონაში დაფიქსირდა (6:6). 2006 წელს ეს გუნდები უკვე მსოფლიო თასის საგზურისთვის შეებნენ ერთმანეთს და მიუხედავად იმისა, რომ “მიხეილ მესხზე” წინ მუდამ ქართველები იყვნენ, სტუმრებმა ბოლომდე იბრძოლეს და მხოლოდ 23:37 დამარცხდნენ. მომდევნო წელს, საქართველოს ნაკრებმა მეტოქე სათანადოდ არ დააფასა, მადრიდს ლამის მესამე შემადგენლობით ეწვია და 17:31 შერცხვა.
რევანში 2008 წლის ერთა თასის გადამწყვეტ შეხვედრაში შედგა, ოღონდ, ბრძოლა მოსალოდნელზე მძიმე გამოდგა. ერთი ხანობა სტუმრები 17:0 იგებდნენ, მაგრამ ქართველი მორაგბეების და განსაკუთრებით მამუკა გორგოძის თავდადებით, რომელმაც სამი ლელო გაიტანა, “ბორჯღალოსნებმა” 22:20 იმარჯვეს. მეტოქე “თავხედობისთვის” მომავალ წელს, მადრიდში დაისაჯა - 55:11, თუმცა, 2010-ში თბილისში კვლავ გვანერვიულეს და მხოლოდ რვაქულიანი სხვაობა დაფიქსირდა - 17:9. გასულ წელს საქართველომ ესპანეთი დაჩაგრა და სარეკორდო სხვაობით, 60:0 გაანადგურა. იმედია, ეს ტრადიცია ახლაც შენარჩუნდება და “ბორჯღალოსნები” მადრიდში გაგვახარებენ, ისე კი, “ერთა თასზე” მათ გასულ წელს უკრაინის გარდა ძლიერი პორტუგალიაც დასცეს (25:10) და ცხადზე ცხადია, “ლომები” უფრო ხასიათის გუნდად ითვლებიან. აუცილებელია, რომ ძლიერი დასაწყისით მათ ხასიათი დებიუტშივე გაუფუჭო და მერე იოლი გამარჯვება გარანტირებული იქნება.
გასული წლიდან მოყოლებული, “ერთა თასზე” ქულათა დარიცხვის სისტემა შეიცვალა და დიდი სხვაობით მოგება ამადაც არის სახარბიელო. ახლა გუნდი გამარჯვებისთვის 4 ქულას იღებს, ფრისთვის 2-ს, მარცხი ნულის ტოლფასია, ხოლო 4 და მეტი ლელოს გატანა, ან 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის, გუნდს ერთი პრემიალური ქულა ეწერება. იმედია, საქართველოს ნაკრები მადრიდიდან ხუთი ქულით დაბრუნდება და სატურნირო ცხრილში პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს.
11 თებერვალს კიდევ ერთი თამაში გაიმართება. ცენტრალურ ჯახში პორტუგალია რუსეთის ნაკრებს დაუხვდება, ხოლო რუმინეთისა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება, აღმოსავლეთ ევროპაში გამეფებული ძლიერი ყინვების გამო გადაიდო. მერე გუნდები ორი კვირით დაისვენებენ და 25 თებერვალს III რაუნდს, იმედია, უკვე სრულად ჩაატარებენ. ამ დღეს ჰეიგის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები თბილისში პირველად ითამაშებს და პორტუგალიას დაუხვდება.   
 
რაგბი. ევროპის ერთა თასი
11 თებერვალი. მადრიდი. “უნივერსიტეტი”.
ესპანეთი - საქართველო (19:00 თბილისის დროით)
საქართველო:
15. რევაზ გიგაური ("ბულონი", საფრანგეთი, 34 კეპი, 10 ქულა), 14. გიორგი შკინინი ("არმია", თბილისი, 32, 25), 13. დავით კაჭარავა ("ნიცა", საფრანგეთი, 47, 55), 12. მერაბ შარიქაძე ("გლოსტერი", ინგლისი, 0, 0), 11. ირაკლი მაჩხანელი ("სენტ ეტიენი", საფრანგეთი, 50, 85), 10. მერაბ კვირიკაშვილი ("სენ ჟიუნიენი", საფრანგეთი, 56, 286 (5 ლელო), 9. ირაკლი აბუსერიძე ("ოსერი", საფრანგეთი, 76, 35); 1. მიხეილ ნარიაშვილი ("მონპელიე", საფრანგეთი, 0, 0), 2. შალვა მამუკაშვილი ("ყოჩები", თბილისი, 2, 0), 3. ბექა შეყლაშვილი ("აჟენი", საფრანგეთი, 4, 0), 4. ლევან დათუნაშვილი ("ორიაკი", საფრანგეთი, 46, 10), 5. კოტე მიქაუტაძე ("ტულონი", საფრანგეთი, 3, 0), 6. გიორგი ჩხაიძე ("სენ ჟიუნიენი", საფრანგეთი, 52, 30), 7. გივი ბერიშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი, 5, 0), 8 დიმიტრი ბასილაია ("ვალანს დაჟენი", საფრანგეთი, 19, 10).
სათადარიგოები: 16. კარლენ ასეიშვილი ("ორტეზი", საფრანგეთი, 4, 0), 17. ლევან ჩილაჩავა ("ტულონი", საფრანგეთი, 0, 0), 18. გიორგი ნემსაძე ("ვალანს დ’აჟენი", საფრანგეთი, 23, 25), 19. გიორგი კალმახელიძე ("არმია", თბილისი, 0, 0), 20. გიორგი ბეგაძე ("ყოჩები", თბილისი, 1, 0), 21. ბექა წიკლაური ("არკად გდინია", პოლონეთი, 1, 5), 22. ალექსანდრე თოდუა ("ლელო", 28, 5).
გუნდს გაჰყვნენ: ლაშა მალაღურაძე ("ვალანს დაჟენი", საფრანგეთი, 32, 100 (3 ლელო), ბექა ბიწაძე ("ბრივი", საფრანგეთი, 0, 0).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე

2012 წლის ერთა თასი
4 თებერვალი

რუმინეთი - პორტუგალია 15:7 (5:7)
 

1 რუმინეთი 1 1 0 0 15-7 4
2 საქართველო 0 0 0 0 0-0 0
3 რუსეთი 0 0 0 0 0-0 0
4 ესპანეთი 0 0 0 0 0-0 0
5 უკრაინა 0 0 0 0 0-0 0
6 პორტუგალია 1 0 0 1 7-15 0

 
11 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო
პორტუგალია - რუსეთი
რუმინეთი - უკრაინა
 

25 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია
რუსეთი - რუმინეთი
უკრაინა - ესპანეთი
 

10 მარტი
რუმინეთი - საქართველო
პორტუგალია - ესპანეთი
რუსეთი - უკრაინა
 

17 მარტი
საქართველო - რუსეთი
ესპანეთი - რუმინეთი
 

24 მარტი
უკრაინა - პორტუგალია
 

19 მაისი
რუსეთი - ესპანეთი
 

9 ივნისი
უკრაინა - საქართველო

2011-12 წლების ერთა თასის ჯამური ცხრილი

1 საქართველო 5 5 0 0 168-35 22
2 რუმინეთი 6 4 0 2 181-76 20
3 პორტუგალია 6 3 0 3 120-113 14
4 რუსეთი 5 2 0 3 100-98 11
5 ესპანეთი 5 2 0 3 92-175 10
6 უკრაინა 5 0 0 5 61-225 0


ზურა ქსოვრელი
გიორგი ჭანიშვილის ფოტოები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.403101