თებერვლში ტოპ-14-ში გამოცხადებული შესვენებისა თუ სანაკრებო ბატალიების გამო, ჩვენი ლეგიონის საერთო სტატისტიკა მოკრძალებულად გამოიყურება. მართალია საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონში გასულ თვეში ორი ტურის შეხვედრები გაიმართა, მაგრამ ქართველებით „გაძეძგილმა“ ევროპის საუკეთსო გუნდმა „ტულონმა“ სამი შეხვედრა გამართა.
გასაკვირი არაა, რომ ქართველ ლეგიონერთაგან ყველაზე კარგი სტატისტიკა იმ მორაგბეებს აქვთ, რომლებიც ნაკრებში გამოძახებული არ იყვნენ. მხოლოდ ვასილ კაკოვინმა და გაგი ბაზაძემ დაიწყეს ორივე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში და მხოლოდ მათ შეძლეს წუთობრივად 100-იანი ზღვარის გადალახვა. შედეგიანობის მხრივ, ქართველი ლეგიონერებიდან ლელოს დადება მხოლოდ ერთმა, „ტულონში“ „სამედიცინო ჯოკერის“ სტატუსით მისულმა იური ნატრიაშვილმა მოახერხა - მან სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა (სამივე თადარიგიდან დაიწყო), ჯამში მოედანზე 49 წუთი გაატარა და ლელო „ოიონაქსს“ დაუდო.
სათამაშო დროის მიხედვით მოედანზე ყველაზე მეტი - 114 წუთი, „ლა როშელის“ ახალგაზრდა ბურჯმა გაგი ბაზაძემ გაატარა. მან ორივე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ აქამდე მას პირველ გუნდში [ტოპ 14-ში] -ჯერ ჰქონდა ნათამაშები შეცვლაზე, სასტარტოში დებიუტი 20 თებერვალს, „ტულუზთან“ ჰქონდა და მწვრთნელს ნდობა რომ გაუმართლა, თამაში „აჟენთანაც“ დაიწყო.
ასევე ორჯერ მოხდვდა ძირითადში „ტულუზის“ ბურჯი ვასილ კაკოვინი, რომელიც ჯერ მსოფლიო თასს მიღმა დარჩა და ახლა ერთა თასის შეხვედრებისთვისაც არ დაუძახეს. მან 2 მატჩში მოედანზე ჯამში 101 წუთი გაატარა.
იური ნატრიაშვილის მხარდამხარ სამივე თამაში ჩაატარა ლევან ჩილაჩავამ (ერთი სასტარტო, ორი მარქაფი) და ჯამში 85 წუთი მოუგროვდა.
მათივე თანაგუნდელი კონსტანტინე მიქაუტაძე მხოლოდ 2 ჯერ გავიდა მოედანზე, ორივეჯერ სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში და თანაგუნდელებთან შედარებით „მოკრძალებული“ 42 წუთი ითამაშა.
ასევე მარქაფიდან ჩაერთო ორ შეხვედრაში „რასინგ 92“-ის ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი, რომლემაც 74 წუთი ითამაშა.
ერთი თამაში ძირითადში დაიწყო და ერთხელ შეცვლაზე შევიდა „ბრივის“ ბურჯი გიორგი ჟღენტი (ჯამში 80 წუთი). ერთ თამაშში შეცვლაზე ითამაშა მისმა თანაგუნდელმა, ვეტერანმა ბურჯმა გოდერძი შველიძემ (27 წუთი). ასევე ერთი შეხვედრა ითამაშა კარლენ ასიეშვილმა - მართლია ის „სტად ფრანსესთან“ მატჩში სათადარიგო იყო, მაგრამ მოედანზე მე-5 წუთზე შევიდა და მოედანზე 75 წუთი გაატარა, მეორე თამაში კი, ნაკრებში გამოძახების გამო გამოტოვა.
სანაკრებო შეკრების გამო მხოლოდ თითო თამაშში მიიღებს მონაწილეობა თამაზ მჭედლიძემ (აჟენი), მიხეილ ნარიაშვილმა, დავით ქუბრიაშვილმა (ორივე მონპელიე) და ზურაბ ჟვანიამ (სტად ფრანს). სამმა თამაში ძირითადში დაიწყო და „მონპელიეს“ ბურჯებმა მოედანზე 70-70 წუთი გაატარეს, ხოლო თამაზ მჭედლიძე 62-ე წუთზე შეცვალეს. ჟვანია სათადარიგო იყო და 25 წუთი ითამაშა.
სასიამოვნო იყო „აჟენის“ შემადგენლობაში ახალგაზრდა ბურჯის, გიორგი თეთრაშვილის გამოჩენა. 23 წლის მორაგბე ერთ თამაშში შეცვლაზე შევიდა და 20 წუთი ითამაშა. მიმდინარე სეზონში ეს მისი მეორე თამაშია ძირითად გუნდში, მან ერთი შეხვედრა „ჩელენჯ ქაფზე“ ჩაატარა [ძირითადში].
დანარჩენი ლეგიონერები სხვადასხვა მიზეზების გამო თებერვალში მოედანზე არ გამოჩენილან.
ტოპ-14 სრული ლეგიონი (ძირთადი გუნდი+ესპუარები):
აჟენი: თამაზ მჭედლიძე (გარემარბი), გიორგი თეთრაშვილი (ბურჯი), გიორგი მარგველანი*(ბურჯი);
ბრივი: გიორგი ჟღენტი, კარლენ ასიეშვილი, გოდერძი შველიძე (სამივე ბურჯი), გიორგი ცუცქირიძე* (მესამე ხაზი);
კლერმონი: დავით ზირაქაშვილი (ბურჯი), ვიქტორ კოლელიშვილი (ფლანკერი), ბექა კაკაბაძე*(ბურჯი), ნიკა სვიმონიშვილი*(ბურჯი), ნიკა ნეფარიძე*(ბურჯი), ოთარ გიორგაძე*(მეორე ხაზი), თორნიკე ზოიძე*(მესამე ხაზი);
ლა როშელი: გაგი ბაზაძე, ლექსო ყაულაშვილი (ორივე ბურჯი);
მონპელიე: მიხელ ნარიაშვილი, დავით ქუბრიაშვილი (ორივე ბურჯი);
ოიონაქსი: გიორგი ვეფხვაძე*(ბურჯი);
პო: გიორგი ნაცარაშვილი (ბურჯი);
რასინგ 92: დავით ხინჩაგიშვილი (ბურჯი);
სტად ფრანსე: ზურაბ ჟვანია (ბურჯი), გიორგი მელიქიძე*(ბურჯი), დავით პაპავაძე*(მესამე ხაზი);
ტულუზი: ვასილ კაკოვინი (ბურჯი);
ტულონი: იური ნატრიაშვილი (კვაჭი), ლევან ჩილაჩავა (ბურჯი), კონსანტინე მიქაუტაძე (ბურჯი), მამუკა გორგოძე (მესამე ხაზი), ბადრი ალხაზიშვილი*(კვაჭი);
შენიშნა: მოთამშის გვარის ბოლოს * მიუთითებს იმაზე, რომ ეს მოთამაშე ესპუარების გუნდშია.
გიორგი ბეჭვაია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია