საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით გამართულ სადებიუტო მატჩში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, რაც ესპანეთის ნაკრებმა არ გვაპატია - 18:25.
“ბორჯღალოსნებმა” ცუდად ითამაშეს დაცვაში, ხშირად კარგავდნენ ბურთს და სამივე ლელო კონტრშეტევებზე მიიღეს, ამასთან, რამდენჯერმე წააგეს საკუთარი დერეფანი და ორჯერ დაისაჯნენ სინბინით. პირველ შეცდომას და ხაზის გაჭრას, თოდუას სინბინი და მეტოქის ზუსტი ჯარიმა მოჰყვა. განახლდა თუ არა თამაში, ესპანელებმა მეორედ გაჭრეს დაულაგებელი დაცვა და ამჯერად ლელო გაიტანეს - 8:0. ამის მერე, საქართველოს ნაკრები გონს მოეგო და ჯერ მერაბ კვირიკაშვილს ცენტრიდან ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ მე-15 წუთზე აბუსერიძის ფეხით ჩაკიდებულ ბურთს, ბასილაია დაეუფლა და ესპანეთს ლელოთი უპასუხა.
სამწუხაროდ, რეალიზაცია არაზუსტი იყო, სულ მალე კი, მასპინძლებმა კიდევ ერთხელ გაჭრეს იოლად ხაზი და ლელო მიითვალეს, რასაც ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. 35-ე წუთზე, კვირიკაშვილმა ჯარიმა უკვე ზუსტად შეასრულა და ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ ორ წუთში ჩხაიძე დაჯარიმდა უხეში ბოჭვისთვის, სინბინით დაისაჯა და ესპანეთმაც მისი გამოყენება მოახერხა. ესპანეთმა ტაიმი 18:8 მოიგო. მეორე ნახევარი კაცნაკლული ქართველების იერიშით დაიწყო და ლელოც უნდა გასულიყო, მაგრამ აბუსერიძეს ბურთი ხელიდან გაუვარდა, შედეგად, 95 მეტრიანი კონტრშეტევა და ლელო მივიღეთ, რასაც ზუსტი რეალიზაცია მოჰყვა.
დარჩენილმა წუთებმა ქართველთა იერიშებში ჩაიარა. შეცვლაზე შესულმა შკინინმა ხაზი გაჭრა და ბურთი მარცხნივ მაჩხანელს გაატანა, რომელიც კი შებოჭეს, მაგრამ დარჩენილი მანძილის ხოხვით დაფარვა მოახერხა და ლელო გაიტანა. კვირიკაშვილმა რეალიზაცია ისევ ააცილა... ოთხ წუთში, შკინინი-მაჩხანელის დუეტმა კიდევ ერთი კარგი შეტევა წამოიწყო და ლელოც გავიდოდა, ამ უკანასკნელს ბურთი წინ რომ არ დავარდნოდა. 70-ე წუთისთვის, რეფერიმ დათუნაშვილს აშკარა ლელო არ ჩაუთვალა, რომელიც ძალისმიერ იერიშს მოჰყვა, მაგრამ ორ წუთში ვეღარაფერი მოიფიქრა და ბურთი ჩილაჩავამ დაამიწა, კვირიკაშვილმა კი კვლავ არაზუსტად დაარტყა.
ჩამორჩენა 7 ქულა იყო და იმედად შეხვედრის ფრედ დასრულებაღა რჩებოდა, მაგრამ მიძალებამ შედეგი არ გამოიღო და საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა...
რაგბი. ევროპის ერთა თასი
11 თებერვალი. მადრიდი. “უნივერსიტეტი”.
ესპანეთი - საქართველო 25:18 (18:8)
ესპანეთი: 15. მატიო პელიუშონი, 14. რაიან ლერუ, 13. სესარ სემპერე, 12. პიერ გარსია, 11. სებასტიან ასკარა, 10. ჩარლი მელი, 9. სებასტიან რუე; 1. ენტონი პრადალი, 2. ბენატ აუსკი, 3. ხესუს მორენო, 4. ხესუს რეკვერდა, 5. ტომ პარკერი, 6. გოტიე ჟიბუენი, 7. გლენ როლსი, 8. მატიო ვიზენსანგი;
სათადარიგოები: 16. ჯონათან ფიპსი, 17. ჯო ჰაჩინსონი, 18. ქრეგ ლაიონსი, 19. მატიო როკა, 20. ადრიან აიესტარანი, 21. კარლოს ბლანკო, 22. სერჟიო ობანელი
მწვრთნელი: რეჟი სონი (საფრანგეთი)
საქართველო: 15. რევაზ გიგაური ("ბულონი", საფრანგეთი, 34 კეპი, 10 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი ("სენტ ეტიენი", საფრანგეთი, 50, 85), 13. დავით კაჭარავა ("ნიცა", საფრანგეთი, 47, 55), 12. მერაბ შარიქაძე ("გლოსტერი", ინგლისი, 0, 0), 11. ალექსანდრე თოდუა ("ლელო", 28, 5), 10. მერაბ კვირიკაშვილი ("სენ ჟიუნიენი", საფრანგეთი, 56, 286 (5 ლელო), 9. ირაკლი აბუსერიძე ("ოსერი", საფრანგეთი, 76, 35); 1. მიხეილ ნარიაშვილი ("მონპელიე", საფრანგეთი, 0, 0), 2. შალვა მამუკაშვილი ("ყოჩები", თბილისი, 2, 0), 3. ბექა შეყლაშვილი ("აჟენი", საფრანგეთი, 4, 0), 4. ლევან დათუნაშვილი ("ორიაკი", საფრანგეთი, 46, 10), 5. კოტე მიქაუტაძე ("ტულონი", საფრანგეთი, 3, 0), 6. გიორგი ჩხაიძე ("სენ ჟიუნიენი", საფრანგეთი, 52, 30), 7. გივი ბერიშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი, 5, 0), 8 დიმიტრი ბასილაია ("ვალანს დაჟენი", საფრანგეთი, 19, 10).
სათადარიგოები: 16. კარლენ ასეიშვილი ("ორტეზი", საფრანგეთი, 4, 0), 17. ლევან ჩილაჩავა ("ტულონი", საფრანგეთი, 0, 0), 18. გიორგი ნემსაძე ("ვალანს დაჟენი", საფრანგეთი, 23, 25), 19. გიორგი კალმახელიძე ("არმია", თბილისი, 0, 0), 20. გიორგი ბეგაძე ("ყოჩები", თბილისი, 1, 0), 21. ლაშა მალაღურაძე ("ვალანს დაჟენი", საფრანგეთი, 32, 100 (3 ლელო), 22. გიორგი შკინინი ("არმია", თბილისი, 32, 25).
3 ლელო: ბასილაია, მაჩხანელი, ჩილაჩავა
1 ჯარიმა: კვირიკაშვილი
2 სინბინი: თოდუა, ჩხაიძე
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია