საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში, ახალი მთავარი მწვრთნელის, ზელანდიელი მილტონ ჰეიგისა და რამდენიმე მორაგბის დებიუტი შედგა. ის ისეთი არ გამოვიდა, როგორიც გვსურდა, მაგრამ მარცხმა უწინარესად გული ჰეიგსა და მოედანზე მყოფ მორაგბეებს დაწყვიტა. ეს მხოლოდ პირველი თამაში იყო და მთლად მკაცრებიც ნუ ვიქნებით, მაგრამ სათქმელი მაინც უნდა ითქვას.
მედალს ორი მხარე აქვს. ადრე თუ გვიან, ნებისმიერ გუნდში იწყება თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი და ახლა საქართველოს ნაკრებში სწორედ ეს პერიოდია. ახალი, ოთხწლიანი ციკლი ახლაღა იწყება, ჯერ მხოლოდ პირველი მატჩი ჩატარდა და ყველაფერი წინაა. მეორეს მხრივ, ნაფერები რეიტინგი და პრესტიჟი დაიფერფლა, მაგრამ ჩვენი დონის გუნდისათვის, გარდაუვალია ერთის ხარჯზე მეორის გაკეთება და ეს ესპანეთთან მატჩმა ნათლად დაგვანახა.
ისე, რამდენიმე თვით ადრე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე შესაძლო მარცხების გარდაუვალობაზე თავად საუბრობდა და შესაძლოა, ეს მარცხი მთლად მტკივნეულადაც არ აღვიქვათ. რეიტინგში დაღმასვლაც, შესაბამისად, გარდაუვალია და შეიძლებოდა ყურადღება არც ამისთვის მივექცია, მაგრამ საქმე ისაა, რომ რეიტინგს აქცევენ ყურადღებას რაგბის მმართველები და ის პოტენციური სპონსორები, რომლებმაც სპორტის ამ სახეობის განვითარებაში ფული უნდა ჩააბანდონ, ასე კი, შორს ვერ წავალთ. რაგბის მამებს და სარაგბო გრანდებს, თავისუფლად შეუძლიათ გვითხრან, აგერ ჯერ ესპანეთი ვერ დაგიმარცხებიათ სათანადოდ და რა ექვს ერზე გვესაუბრებით, ჯერ გაიზარდეთ და მერე “დაგვიკაკუნეთო”.
ესპანეთთან მატჩმა ნათლად დაგვანახა ის, რომ საქართველოს ნაკრები ჯერ არაა იმ დონის გუნდი, რომელიც გრანდებს მუდამ ტოლ-სწორად ეთამაშება. ერთია, როდესაც გუნდი ორი-სამი თვე მიზანმიმართულად ემზადება უძლიერესი შემადგენლობით და ამის ხარჯზე გარკვეულ წარმატებას აღწევს წამყვანი სარაგბო ქვეყნების ნაკრებებთან და მეორეა ის, რომ საქართველოს ნაკრებს ჯერ მრავლად არ ჰყავს იმ დონის მორაგბეები, რომლებიც ლიდერებს უპრობლემოდ შეცვლიან და შემადგენლობის როტაცია უმტკივნეულო იქნება. ეგ კი არა, ერთკვირიანმა შეკრებმა ვერც წამყვან მორაგბეებს დაატყო ხელი და ისინიც ვერ გამოიყურებოდნენ სათანადოდ, ვისაც ლიდერობის ტვირთი უნდა ეკისრა.
მარცხის მიზეზების ძებნისას, ყველაზე ნაკლებად დამნაშავე ალბათ მაინც ჰეიგია, რომელიც გუნდის გაცნობას ახლაღა იწყებს. მან გუნდი შეკრიბა, მაგრამ ძლიერი ყინვების გამო ნორმალურად ვარჯიშის ჩატარება ვერ მოახერხა და შესაბამისად, ისედაც მცირე დროში რაიმე სიახლის დანერგვას ვერ მოახერხებდა. გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა კრიტერიუმით და ვინ შეურჩია მას სანაკრებო კონტიგენტი. სავარაუდოდ, ზელანდიელს ამ ეტაპზე ქართველი მორაგბეების მხოლოდ იმ ნაწილზე თუ ექნებოდა წარმოდგენა, რომლებმაც სექტემბერ-ოქტომბერში მსოფლიო თასზე ითამაშეს და ძნელად დასაჯერებელია, მას დებიუტანტებისთვის, ქართულ კლუბებში მობურთალების, ან ნაკრებში ნაკლებ გამოცდილი მორაგბეების შესაძლებლობები სცოდნოდა და მათთვის საკუთარი ნებასურვილით დაეძახა.
საქმე მთლად ისედაც არაა, რომ ზელანდიელი სულ მთლად “უცოდველი” იყოს. რატომღაც, მან მსოფლიო თასზე დაწყებული ექსპერიმენტი გაითავისა და რევაზ გიგაურის, რომელიც ამპლუით შუამარბია, 15 ნომრად “გადაკეთება” გააგრძელა, შედეგად კი, ამ საკვანძო პოზიციის მორაგბისგან უამრავი შეცდომა მივიღეთ. რადგან გაახალგაზრდავებაზე მიდის საუბარი, ალბათ, შეიძლებოდა რომელიმე ახალგაზრდის გამოცდა... ის შეცდა, როდესაც წინასწარ გამოქვეყნებული შემადგენლობიდან გიორგი შკინინი გამოიყვანა, რადგან მეორე ტაიმმა დაგვანახა, რომ იმ დღეს საუკეთესო მოთამაშე სწორედ შკინინი იყო და საჭიროების შემთხვევაში, ლიდერის ფუნქციებიც იკისრა.
საქართველოს ნაკრების მორაგბეებს აშკარად აკლდათ მოტივაცია. ისინი თითქოს მოვალეობის მიზნით იყვნენ მოედანზე და არ იცოდნენ რა უნდა ეკეთებინათ. ძალიან ცუდი იყო დაცვა, რომელმაც ბოლო ორ წელიწადში მართლაც რომ არნახული პროცესი განიცადა და ახლა მსგავსს არავინ ელოდა. მაინცდამაინც ფართო არჩევანი არ ჩანდა შეტევაში და ესპანელებმა ქართველთა სწორხაზოვან შეტევებს ალღო სწრაფად აუღეს. მწვრთნელს მოედანზე არ ჰყავდა მეორე ისეთი მორაგბე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში კარში დარტყმას ითავებდა, არადა, მერაბ კვირიკაშვილს დარტყმა არ წაუვიდა და ამის აუცილებლობა გაჩნდა. ძალიან ცუდი იყო ზოგადად ფეხით თამაში და ერთი ეპიზოდის გარდა, როდესაც ლელო გავიდა, ფეხით გადაკიდებული ბურთი მეტოქის ნადავლი ხდებოდა, პასუხად სახიფათო კონტრშეტევას ვიღებდით და ამის გამო ლელოც გავუშვით.
მოკლედ, ესპანეთთან მარცხი კომპონენტთა ერთიანობის კვალობაზე კანონზომიერი იყო. მარცხიც შედეგია და მწვრთნელმა ამ შეცდომებზე უნდა ისწავლოს, რათა მსგავსი რამ მომავალში აღარ განმეორდეს და უკეთესი თამაში დადებითი შედეგის მომტანიც იქნება. ჩვენ შეგვიძლია თვალი დავხუჭოთ სატურნირო და სარეიტინგო ქულების დაკარგვაზე, მაგრამ მსგავსი აღარ უნდა განმეორდეს, მით უმეტეს, რომ წინ ესპანეთზე ბევრად ძლიერ და პრინციპულ მეტოქეებთან გველის თამაში და თუ ხარისხი ისეთივე იქნება, როგორც მადრიდში, მაშინ კატასტროფა გარდაუვალი იქნება...
ამ შემთხვევაში არაფერს ვამბობთ მსაჯობაზე, რომელმაც მასპინძელთა სასარგებლოდ რაღაც შეცდომები დაუშვა. ესპანეთის ნაკრები ის გუნდია, რომელსაც გამართული თამაშის პირობებში, თუნდაც ამ შემადგენლობით, მსაჯიანად უნდა მოუგო და თანაც, უკვე მივეჩვიეთ, რომ რატომღაც მსაჯების სიმპათია მუდამ საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეთა მხარესაა ხოლმე... უფრო ისაა საინტერესო, თუ რატომ ეცვა თოდუას მთელი გუნდისგან განსხვავებული ფორმა... სავარაუდოდ, მას ეკიპირება თამაშის წინ, გახურებისას დაუზიანდებოდა, მაგრამ გუნდში უნდა იყოს ერთი პოზიციის მინიმუმ ორი კვართი, საქართველოს ნაკრებში კი, როგორც ჩანს, ის არ აღმოჩნდა.
საქართველოს ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში საგრძნობ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და დიდი დრო მეტოქის 22-ში გაატარა, მაგრამ ამ უპირატესობის ქულებში რეალიზაცია ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, მასპინძლებმა კარგად გამოიყენეს სისწრაფე, ქართველ მორაგბეებს დაცვაში გადაწყობა უჭირდათ და ესპანელებიც ამით სათანადოდ სარგებლობდნენ. შერკინებაში “ბორჯღალოსნებს” ამ შემადგენლობითაც უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ახალბედა პირველხაზელებს უჭირდათ ღია თამაში. არ ვარგოდა ქართველთა დერეფანი. მათ ოთხჯერ წააგეს საკუთარი მოწოდება, შესაბამისად, ბურთი დაიკარგა და მეტოქეს სიტუაციის განმუხტვის საშუალება მიეცა.
თამაში დაიწყო თუ არა, ეგრევე გამოჩნდა, რომ ჰეიგის შეგირდებს მობილიზება და დალაგება აკლდათ. ამით კარგად ისარგებლეს ესპანელებმა უკვე მე-3 წუთზე, სტუმართა დაცვის ხაზი პირველად გაჭრეს. კვირიკაშვილმა ფეხით ბურთი მეტოქის 22-ის ხაზთან გადაკიდა, ის პელიუშონს ჩაუვარდა ხელში, კარგად დაიძრა, ბერიშვილს გასცდა, კვირიკაშვილმა დაზღვევაზე თამაში დააგვიანა, ესპანელმაც თავისუფალი დერეფნით ისარგებლა, ხაზი გაჭრა და მარცხნივ ასკარა მოძებნა, რომელიც გიგაურს კი დაუსხლტა, მაგრამ წაბორძიკდა და სისწრაფე დაკარგა. მასპინძლები უმრავლესობაში იყვნენ, თუმცა, თოდუამ ჩათვლის მოედნიდან 6-7 მეტრში პარკერს ორივე ფეხში წვდა და ზურგზე დაანარცხა. ამით იერიშმა სიმწვავე დაკარგა, “ლომებმა” ხაზზე ბურთის გატანით ხეირი ვეღარ ნახეს, სამაგიეროდ, ირლანდიელმა რეფერიმ თოდუას დანაშაული დაიმახსოვრა, მას ყვითელი ბარათი უჩვენა, პელიუშონმა კი, იოლი ჯარიმა სამ ქულად აქცია.
განახლდა თუ არა თამაში, ქართველებმა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვეს. მე-6 წუთზე ესპანელებმა თავის ნახევარზე ფეხით სცადეს თამაში, ქართველმა ბურთს ხელი წაკრა და ის ცენტრალური ხაზის სიახლოვეს დაეშვა, მაგრამ სტუმრები სიტუაციაში ვერ გაერკვნენ, სამაგიეროდ, კარგად ითამაშა სემპერემ, რომელიც გიაურს მოერიდა, განდაგან ირბინა და პირველი ლელო ალამთან გაიტანა. რეალიზაცია არაზუსტი იყო. მე-10 წუთზე საქართველოს ნაკრებმა მეორედ წააგო საკუთარი დერეფანი, მერე ბურთი დაიბრუნა, მაგრამ მეტოქის 22-ის ხაზთან კვლავ დაკარგა და სახიფათო კონტრშეტევა მივიღეთ, თუმცა, ამჯერად გადაცემისას ისინიც შეცდნენ და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
ორიოდე წუთში ზედ ცენტრში საქართველოს ნაკრებმა ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო, მაგრამ ბურთის კიდეში გადატანის ნაცვლად, კვირიკაშვილმა კარში დარტყმა განიზრახა და ეს ძალიან ცუდად გააკეთა - ბურთი არც კარისკენ წავიდა, არც სიმაღლე ეყო და არც დარტყმის ძალა, ის მეტოქის 22-ში ჩაეშვა და სიტუაცია განიმუხტა. სამაგიეროდ, შემდეგი დერეფანი კარგი გამოდგა, მაჩხანელმა პირველი დარტყმით ხაზი გაგლიჯა და დაახლოებით 15 მეტრით წინ წაიწია, ბერიშვილის დარტყმის შემდეგ, იერიში მარჯვენა ფლანგზე გაიშალა, იქ ხაზი კაჭარავამ გაჭრა და ესპანელთა ჩათვლის მოედანს 18 მეტრამდე მიუახლოვდა, ახლა შეტევა ცენტრისკენ დაბრუნდა, კვირიკაშვილმა დაახლოებით 8 მეტრი კიდევ მოიგო, მერე აბუსერიძემ ყველასგან მოულოდნელად ფეხით ბურთი ესპანელთა ზურგს უკან ჩაჰკიდა, ამას ბასილაია გამოეხმაურა, მას დაეუფლა და მცველის მცდელობის მიუხედავად, მასპინძელთა ჩათვლის მოედანზე დაამიწა. სამწუხაროდ, კვირიკაშვილმა რეალიზაცია ძალიან ცუდად შეასრულა და ჩამორჩენა მხოლოდ სამ ქულამდე შემცირდა.
თითქოს ქართველთა თამაში დალაგდა, მაგრამ მე-18 წუთზე მორიგმა უპატიებელმა შეცდომამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. კვირიკაშვილმა მეტოქის ნახევარზე 40 მეტრიანი წყვეტილიდან, ბურთის ფეხით შეცურება სცადა, ის ასკარას ჩაუვარდა ხელში, ჯერ თოდუას დაუსხლტა, კიდის ხაზის გაყოლებაზე ირბინა, მერე ცენტრისკენ შეიწია და გიგაურსაც დაუსხლტა, უფრო მარჯვნივ ვიზენსანგი მოძებნა და მანაც ლელო უპრობლემოდ გაიტანა, ხოლო პეიუშონმა რეალიზაციით ანგარიში 15:5 გახადა. ცხადი გახდა, რომ ესპანეთს სისწრაფეში დიდი უპირატესობა ჰქონდა და გადაწყვეტილებების მიღებაშიც გვჯობნიდა.
23-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა კარგი იერიში წამოიწყო. ლევან დათუნაშვილმა მარცხენა ფრთაზე ხაზი გაჭრა, დაახლოებით 20 მეტრით წაიწია და მეტოქის 22-ში შევიდა, მერე მერჯვნივ გივი ბერიშვილმა დაარტყა, რომელიც გოტიე ჟიბუენმა უხეშად შებოჭა, ქართველი ორი ფეხით აწია და მიწაზე თავით დაარჭო. ამისათვის მე-3 წუთზე რეფერიმ თოდუა გაასინბინა, მაგრამ ამჯერად ესპანელს ყველაფერი მიუტევა და ჯარიმას დაგვაჯერა. კვირიკაშვილმა გასატანი პოზიციიდან ბურთი აუტში გაიტანა, “ბორჯღალოსნებმა” მოლით სცადეს ფონს გასვლა, მოლში ჩვენს მხარეს ჩარჩენილი ესპანელი გიორგი ჩხაიძემ აიყვანა ორი ფეხით და დაანარცხა, რეფერიმ “ვალი დაგვიბრუნა”, ჩხაიძე არ გაასინბინა, მაგრამ ბურთი მეტოქეს გადასცა...
30-ე წუთზე კვირიკაშვილმა ჯარიმის კარში დარტყმას ისევ აუტში გატანა ამჯობინა, იერიშმა შედეგი არ გამოიღო, მაგრამ ქართველთა ძალისმიერი შეტევები გაგრძელდა, რასაც ესპანელები მხოლოდ ჯარიმებს უპირისპირებდნენ და 36-ე წუთზე კვირიკაშვილმა უკვე კარში დარტყმა გადაწყვიტა. ამჯერად, 22-ის ხაზიდან ოდნავ მარცხნივ, მან ყველაფერი ზუსტად შეასრულა და ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ მატჩის განახლებისთანავე, ჩხაიძემ მეტოქე კვლავ უხეშად შებოჭა, სინბინით დაისაჯა, პელიუშონმა კი, ტაიმის ანგარიში, 18:8 დააფიქსირა. ზედ შესვენების წინ, საქართველოს ნაკრებს შანსი მიეცა, მაგრამ მეტოქის 22-ის ხაზთან საკუთარი დერეფანი ისევ წააგო და სიტუაცია განიმუხტა.
მეორე ტაიმი საქართველოს კაცნაკლულმა ნაკრებმა ისე დაიწყო, იმედი გაჩნდა, რომ ესპანელებს თავის ადგილს მივუჩენდით, კვირიკაშვილის ფეხით გადაკიდებული მცველმა ვერ აიღო და იმათ 22-თან შერკინება მივიღეთ. პირველი დარტყმა შარიქაძემ განახორციელა, მერე ბასილაიამ შეუტია, ფლანგები ხშირად იცვლებოდა და ტემპიც კარგი იყო, კაჭარავამ თითქმის ცენტრში ხაზი გაჭრა, ბურთი ბასილაიას გაატანა, მაგრამ მან ვერც სიჩქარე აკრიფა და კონტაქტში ცუდი პასი გააკეთა. დათუნაშვილმა გარსიას სიტუაციის განმუხტვის საშუალება არ მისცა, მანაც ბურთი საკუთარ ჩათვლის მოედანში დაამიწა და საქართველოს ნაკრებმა 5-მეტრა შერკინებით შესატევად კარგი პლაცდარმი მიიღო. მაგრამ აბუსერიძემ რაღაც უაზროდ ააგდო ბურთი, მას მეტოქე დაეუფლა, ესპანეთმა 95 მეტრიანი კონტრშეტევა წამოიწყო და სემპერემ თავისი მეორე ლელო გაიტანა, ხოლო პელიუშონმა რეალიზაცია გამოიყენა - 25:8.
თამაშის განახლებისთანავე, კვირიკაშვილი გვერდით ხაზს იქით გადადენეს და ამას ჩხუბი მოყვა. შეცვლაზე შესულმა ნემსაძემ მეტოქე სარეკლამო ფარებს იქით მოისროლა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. 56-ე წუთზე, ესპანეთი კარის გასწვრივ ათიოდე მეტრში დაჯარიმდა, მაგრამ ნაღდ სამ ქულას, ქართველებმა შერკინების აღება ამჯობინეს. კვირიკაშვილი-კაჭარავა-მაჩხანელის კომბინაციამ შედეგი ვერ გამოიღო. სამაგიეროდ, 58-ე წუთზე რაქიდან გამოტანილი ბურთი შკინინმა მიიღო, მაღალ სიჩქარეზე გაიჭრა წინ და სამი მცველი მიიზიდა, რის შემდეგაც ბურთი კიდევ უფრო მარცხნივ მაჩხანელს გაატანა. ის მეტოქემ კი წააქცია, მაგრამ ქართველმა გარემარბმა დარჩენილი მანძილი ხოხვით, დინამიკაში დაფარა და ლელო მიითვალა. კვირიკაშვილს რეალიზაცია ამჯერადაც გაუცუდდა და ჩამორჩენის მეტად შემცირება ვერ მოხერხდა - 25:13...
ოთხ წუთში შკინინმა კიდევ ერთხელ გაუჭრა ხაზი ესპანელებს და მაჩხანელი მოძებნა, თითქოს, ამ დუეტის მეორე ლელო გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ირაკლის ელემენტარულ სიტუაციაში ბურთი დაუვარდა და ასპროცენტიანი შანსი დაიკარგა, არადა, აქ რომ ლელო გასულიყო... მალე ტერიტორიული უპირატესობა ესპანელთა დაჯარიმებაში აისახა. კვირიკაშვილმა კარის გასწვრივ 38 მეტრიდან ბურთი აუტში გაიტანა, დერეფანის მოგების შემდეგ, პირველ ჯერზე მოლი ვერ დადგა, მეტოქე მორაგბეები ჩაწვნენ, მაგრამ მეორე ჯერზე ყველაფერი კარგად გამოვიდა, რაქიდან მეორე დარტყმის შემდეგ დათუნაშვილმა თანაგუნდელთა დახმარებით მეტოქის ჩათვლის მოედანი გადაკვეთა, თუმცა, უნამუსო რეფერიმ ის არ ჩათვალა და მხოლოდ 5-მეტრა შერკინება გვიბოძა.
70-ე წუთზე ლელო მაინც გავიდა. შკინინმა კიდევ ერთხელ ითამაშა საუცხოოდ და ხაზი გაკვეთა, ჩათვლის მოედნამდე ერთ მეტრში ის შებოჭეს, მაგრამ რაქიდან ატაცებული ბურთი, დებიუტანტმა ლევან ჩილაჩავამ თანაგუნდელთა დახმარებით ესპანელთა ჩათვლის მოედანში გადადო. სამწუხაროდ, კვირიკაშვილმა ეს გარდასახვაც გააფუჭა და ჩამორჩენა ერთი გარდასახული ლელო დარჩა, რაც უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ ფრის მიღწევის საშუალებას იძლეოდა, მით უმეტეს, რომ 73-ე წუთზე საკუთარი დერეფანი ისევ წავაგეთ და მეტოქისთვის ბურთის ბოძებით, რამდენიმე წუთი დავკარგეთ. ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრებმა რამდენიმეფაზიანი შეტევა წამოიწყო და ბანაკი მეტოქის 22-ში დასცა, მაგრამ თამაშის გაშლის მცდელობისას, ჩილაჩავას ბურთი წინ დაუვარდა, შერკინებაში რეფერიმ დაგვაჯარიმა, დარჩენილი დრო მასპინძლებმა ჯაჯგურში გაიყვანეს და ესპანეთმა 25:18 იმარჯვა.
აბა რა სახსენებელია, მაგრამ 7 ქულით მარცხის გამო, საქართველოს ნაკრებმა ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა და ორ კვირაში დაკარგულის ანაზღაურებას, უფრო კი, თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას პორტუგალიასთან ეცდება, რომელიც ლისაბონში რუსეთთან 32:33 დაეცა. რადგან FIRA უცნაური ორგანიზაციაა და კაცმა არ იცის როდის რა მოუვა თავში, ქვემოთ მხოლოდ წლევანდელი ერთა თასის ცხრილთან ერთად, ორი წლის ჯამურ ცხრილსაც გთავაზობთ.
რაგბი. ევროპის ერთა თასი. II ტური
11 თებერვალი. მადრიდი. “უნივერსიტეტი”.
ესპანეთი - საქართველო 25:18 (18:8)
ესპანეთი: 15. მატიო პელიუშონი, 14. რაიან ლერუ, 13. სესარ სემპერე, 12. პიერ გარსია, 11. სებასტიან ასკარა, 10. ჩარლი მელი (21. კარლოს ბლანკო 50), 9. სებასტიან რუე; 1. ენტონი პრადალი, 2. ბენატ აუსკი (16. ჯონათან ფიპსი 53), 3. ხესუს მორენო, 4. ხესუს რეკვერდა (18. ქრეგ ლაიონსი 64), 5. ტომ პარკერი, 6. გოტიე ჟიბუენი (19. მატიო როკა 62), 7. გლენ როლსი, 8. მატიო ვიზენსანგი;
სათადარიგოები:, 17. ჯო ჰაჩინსონი, 20. ადრიან აიესტარანი, 22. სერჟიო ობანელი
3 ლელო: სემპერე (2), ვიზენსანგი
2 გარდასახვა: პელიუშონი
2 ჯარიმა: პელიუშონი
მწვრთნელი: რეჟი სონი (საფრანგეთი)
საქართველო: 15. რევაზ გიგაური (22. გიორგი შკინინი 53), 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი (2. შალვა მამუკაშვილი 75), 2. შალვა მამუკაშვილი (16. კარლენ ასეიშვილი 70), 3. ბექა შეყლაშვილი (17. ლევან ჩილაჩავა 51), 4. ლევან დათუნაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე (18. გიორგი ნემსაძე 46), 6. გიორგი ჩხაიძე, 7. გივი ბერიშვილი, 8 დიმიტრი ბასილაია (19. გიორგი კალმახელიძე 53).
სათადარიგოები: 20. გიორგი ბეგაძე, 21. ლაშა მალაღურაძე.
3 ლელო: ბასილაია, მაჩხანელი, ჩილაჩავა
1 ჯარიმა: კვირიკაშვილი
2 სინბინი: თოდუა, ჩხაიძე
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
2012 წლის ერთა თასი
4 თებერვალი
რუმინეთი - პორტუგალია 15:7 (5:7)
11 თებერვალი
ესპანეთი - საქართველო 25:18 (18:8)
პორტუგალია - რუსეთი 32:33 (20:16)
რუმინეთი - უკრაინა (გადაიდო)
1 | რუსეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 33-32 | 4 |
2 | რუმინეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 15-7 | 4 |
3 | ესპანეთი | 1 | 1 | 0 | 0 | 25-18 | 4 |
4 | პორტუგალია | 2 | 0 | 0 | 2 | 39-48 | 2 |
5 | საქართველო | 1 | 0 | 0 | 1 | 18-25 | 1 |
6 | უკრაინა | 0 | 0 | 0 | 0 | 0-0 | 0 |
25 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია
რუსეთი - რუმინეთი
უკრაინა - ესპანეთი
10 მარტი
რუმინეთი - საქართველო
პორტუგალია - ესპანეთი
რუსეთი - უკრაინა
17 მარტი
საქართველო - რუსეთი
ესპანეთი - რუმინეთი
24 მარტი
უკრაინა - პორტუგალია
19 მაისი
რუსეთი - ესპანეთი
9 ივნისი
უკრაინა - საქართველო
2011-12 წლების ერთა თასის ჯამური ცხრილი
1 | საქართველო | 6 | 5 | 0 | 1 | 186-6 | 23 |
2 | რუმინეთი | 6 | 4 | 0 | 2 | 181-76 | 20 |
3 | პორტუგალია | 7 | 3 | 0 | 4 | 152-146 | 16 |
4 | რუსეთი | 6 | 3 | 0 | 3 | 133-130 | 15 |
5 | ესპანეთი | 6 | 3 | 0 | 3 | 117-193 | 14 |
6 | უკრაინა | 5 | 0 | 0 | 5 | 61-225 | 0 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია