ამბები

17:19 | 12.02.2012 | ნანახია 2711 - ჯერ

ინგლისი იტალიას გადაურჩა

ძალიან ახლოს იყო იტალიის ეროვნული ნაკრები მორიგ სენსაციასთან. გასულ წელს საფრანგეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ, წლევანდელი ექვსი ერის მეორე ტურში, ისინი ინგლისთან გამარჯვებას იმსახურებდნენ, მაგრამ 50-ე წუთზე დაშვებულმა საბედისწერო შეცდომამ და ახალგაზრდა ოუენ ფარელის ფეხმა, მათ ამის საშუალება არ მისცა.
რომის “ოლიმპიურ” სტადიონზე, მასპინძლებმა მომხვდურს ტაიმის მიწურულს ორი ლელო გაუტანეს და მატჩის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე, ხელჩასაჭიდ უპირატესობასაც დაეუფლნენ, მაგრამ დარჩენილ დროში ინგლისელთა ზეწოლას ვეღარ გაუძლეს და ამის გამო დაისაჯნენ. პირველ ტურში ბრიტანელებმა შოტლანდია დიდი ძალისხმევის შედეგად, მხოლოდ იღბლის წყალობით დაამარცხეს და ამ იღბალმა მათ ზურგი არც ამჯერად აქცია.
დათოვლილ, გადაწმენდილ მოედანზე, პირველმა 25-მა წუთმა უქულოდ ჩაიარა. მერე ფარელიმ ერთი და იმავე წერტილიდან, კარიდან დაახლოებით 42 მეტრიდან ორი ჯარიმა ზუსტად შეასრულა და 37-ე წუთისთვის ინგლისი 6:0 დაწინაურდა. როგორც ჩანს, სტუმრები უკვე დასვენებაზე ფიქრობდნენ და დარჩენილ სამ წუთში დაისაჯნენ. 38-ე წუთზე, ფეხით შეცურებული ბურთი ორმა ინგლისელმა ვერ შემაგრა, მეორემ სულ მთლად თავისი ჩათვლის მოედნისკენ მოისროლა. ამით ჟანბატისტა ვენდიტიმ ისარგებლა, ნახტომში ბურთი აიტაცა და ის ინგლისელთა ჩათვლის მოედანში გადადო.
რეალიზაცია არაზუსტი იყო და ინგლისელები შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით უნდა გასულიყვნენ, მაგრამ წამატებულ წუთზე ბენ ფოდენმა ბოჭვისას უხეირო პასი გააკეთა, ბურთი ტომაზო ბენვენუტიმ ჩაჭრა და ჩათვლის მოედნამდე 50 მეტრი დაუბრკოლებლივ ირბინა. ლელო ძელებსშუა გავიდა, კრის ბერტონს რეალიზაციის გამოყენება აღარ გაუჭირდა და მასპინძლებმა ტაიმი 12:6 მოიგეს. მეორე ტაიმი შვიდი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ბერტონმა გასატანი ჯარიმა სამ ქულად აქცია და იტალიელთა უპირატესობა ცხრა ქულამდე გაზარდა.
სამ წუთში მასპინძლებმა, უფრო სწორედ ანდრეა მაზიმ ის საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. ის დიდხანს ემზადებოდა ფეხით ბურთის მოსაგერიებლად, შედეგად, ჩარლი ჰოჯსონმა დაუფარა და ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო ფარელიმ რეალიზაცია გამოიყენა. 55-ე და 66-ე წუთებზე, ფარელიმ ორი შორეული ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და ინგლისი 19:15 დაწინაურდა. დარჩენილ დროში შეცვლაზე შესულ, წარმოშობით სახრეთაფრიკელ ტობიას ბოტესს, ორჯერ მიეცა ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობა, აქედან ერთი, 75-ე წუთზე, გასატანთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, მაგრამ ორივეჯერ უხეიროდ დაარტყა და ინგლისმაც მძიმე გამარჯვებით გაიხარა.
ამავე დღეს, პარიზში, “სტად ფრანსეზე” საფრანგეთის ნაკრებს ირლანდიისთვის უნდა ემასპინძლა, მაგრამ მატჩის დაწყებამდე ოციოდე წუთით ადრე, რეფერიმ, დევიდ პირსონმა მოედანზე გაყინული მონაკვეთები აღმოაჩინა და მორაგბეთა უსაფრთხოების მიზნით, თამაშის გადადება ბრძანა, რითაც 80 ათასი გულშემატკივარი იმედგაცრუებული დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება ეს შეხვედრა. სავარაუდო დღეებად 18-19, ან 3-4 მარტი სახელდება, საბოლოო გადაწყვეტილება კი, ორშაბათს გახდება ცნობილი. ისე, საქართველოს ნაკრებს რუსეთისა და რუმინეთის ნაკრებების წინააღმდეგ, ბევრად უარეს მინდორზე არაერთხელ უთამაშია და მატჩის გადადება თავში აზრად არავის მოსვლია.
ექვსი ერის 2012 წლის გათამაშების II ტურის დასკვნითი მატჩი, დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება და უელსი შოტლანდიას უმასპინძლებს. რაც შეეხება III ტურს, 25 თებერვალს ირლანდია იტალიას, ხოლო ინგლისი უელსს უმასპინძლებს, 26 თებერვალს კი, შოტლანდია საფრანგეთს დაუხვდება.

2012 წლის “ექვსი ერი”. II რაუნდი
11 თებერვალი

იტალია - ინგლისი 15:19 (12:6)
საფრანგეთი - ირლანდია (გადაიდო)
12 თებერვალი
უელსი - შოტლანდია (19:00 თბილისის დროით)
 

1 ინგლისი 2 2 0 0 32-21 4
2 საფრანგეთი 1 1 0 0 30-12 2
3  უელსი 1 1 0 0 23-21 2
4 ირლანდია 1 0 0 1 21-23 0
5 შოტლანდია 1 0 0 1 6-13 0
6 იტალია 2 0 0 2 27-49 0



III რაუნდი. 25-26 თებერვალი
ირლანდია - იტალია
ინგლისი - უელსი
შოტლანდია - საფრანგეთი
IV რაუნდი. 10-11 მარტი
უელსი - იტალია
ირლანდია - შოტლანდია
საფრანგეთი - ინგლისი
V რაუნდი. 17 მარტი
იტალია - შოტლანდია
უელსი - საფრანგეთი
ინგლისი - ირლანდია
 

 

ზურა ქსოვრელი

 
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.259252