ამბები

12:21 | 13.02.2012 | ნანახია 2436 - ჯერ

გორგოძემ “მონპელიესთვის” გაიტანა

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ თოპ 14-ში უამინდობის გამო XVII ტურის ორი შეხვედრა გადაიდო. სამაგიეროდ, ქართველი ლეგიონერების კლუბებიდან ვინც ითამაშა, ყველამ იმარჯვა, “მონპელიეს” კი, ამაში საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი მამუკა გორგოძე დაეხმარა.
“მონპელიე” “პერპინიანს” მასპინძლობდა და ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ “გულივერა” იყო. მან შერკინების მესამე ხაზში შეუცვლელად ითამაშა და 59-ე წუთზე ის ლელო გაიტანა, რომელმაც მეტოქე საბოლოოდ გატეხა. მამუკამ მეტოქის 22-ის ხაზთან სწრაფად გაითამაშა ჯარიმა და 10-12 მეტრის გავლის შემდეგ, უედრაოგო მოძებნა, მას ჩათვლის მოედნამდე ორიოდე მეტრი დააკლდა, წარმოქმნილი რაქიდან მცველებმა ჟულიენ ტომას ბურთი არ გაატანინეს, სამაგიეროდ ის კარგად მოიხელთა გორგოძემ, დაცვის ხაზს სოლივით ეკვეთა და ორ მცველთან ჭიდილში ლელოს ხაზი გადაკვეთა. მსაჯს ლელოს ჩასათვლელად ვიდეორეფერის დახმარება დაჭირდა, მაგრამ ყველაფერი წესების სრული დაცვით მოხდა და ზუსტი რეალიზაციის შემდეგ საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 22:11.
მთლიანობაში, საწყისი 20 წუთი მასპინძლებისა იყო. ამ პერიოდში მათ ორი ლელო გაიტანეს, ერთი რეალიზაცია გამოიყენეს და ერთხელ ჯარიმაც ზუსტად შეასრულეს. სტუმრებმა საპასუხოდ 29-ე წუთზე ლელო, ხოლო 38-ეზე ჯარიმა გაიტანეს და ტაიმი 15:8 დასრულდა, მატჩის განახლებისთანავე კი, ჯარიმით სხვაობა კიდევ შეამცირეს. პირველხაზელი გიორგი ჟღენტი თამაშში 49-ე წუთზე ჩაერთო, გოდერძი შველიძე განაცხადში არ ყოფილა, ხოლო მიხეილ ნარიაშვილი ესპანეთში საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა. “მონპელიემ” სამი ლელო კი გაიტანა, მაგრამ ერთი თავადაც რომ მიიღო, პრემიალურ ქულის გარეშე დარჩა. ახლა ამ გუნდს 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში “კასტრთან” მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს.
რეგულარული პირველობის ლიდერმა, აქვსენტი გიორგაძისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზამ” “ბიარიცი” სტუმრად 20:15 დასცა და პრემიალური ქულაც აიღო. გიორგაძე ტრავმირებულია და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს, ბრეგვაძე კი, ბრძოლაში 52-ე წუთზე ჩაერთო. “ტულუზა” მე-14 წუთზე ლელოთი დაწინაურდა, მალე ჯარიმა გაუშვა, მაგრამ 29-ე წუთამდე კიდევ ორი ლელოს გატანა მოახერხა, ერთი რეალიზაცია გამოიყენა და 17:3 დაწინაურდა. ტაიმის მიწურულს “ბიარიცმა” ჯარიმით ანგარიშის სხვაობა შეამცირა, მეორეს დასაწყისში კი, ჯარიმიდან კიდევ ერთხელ იხეირა.
ამას სტუმრებმა 50-ე წუთზე ჯარიმითვე უპასუხით, 63-ე და 67-ე წუთებზე ორი ჯარიმა უკვე მასპინძლებმა გაიტანეს, მაგრამ დარჩენილ წუთებში მუდამ კაცნაკლულად მობურთალმა ტულუზელებმა გაძლეს და 20:15 იმარჯვეს. “ტულუზას” 65 ქულა აქვს და რეგულარულ პირველობას ისე ლიდერობს, რომ უახლოეს პერიოდში ვერავინ შეეცილება.
“ტულუზასთან” ყველაზე ახლოს დავით ზირაქაშვილის “კლერმონია”, რომელმაც XVII ტურში “რასინგ მეტრო” 31:13 დასცა და პრემიალური ქულაც მიითვალა. ზირაქაშვილი ტრავმას იშუშებს და განაცხადში არ იყო, მისმა თანაგუნდელებმა კი, მომხვდურის რბევა პირველივე წუთებიდან დაიწყეს, როცა ლელო-გარდასახვით ანგარიში გახსნეს. სტუმართა ჯარიმას მასპინძლებმა მე-15 წუთზე მეორე ლელოთი უპასუხეს, ტაიმის მიწურულს მესამეც გაიტანეს და რადგან ყველა რეალიზაცია ზუსტი იყო, 21:3 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდებმა ჯარიმები, ხოლო მატჩის მიწურულს ლელო-გარდასახვები გაცვალეს და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. “კლერმონს” 59 ქულა აქვს, მე-2 ადგილზეა და მდევარს მთელი 9 ქულით უსწრებს.
მესამე ადგილზე 50 ქულით დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონია”. ჩილაჩავა და ქუბრიაშვილი მადრიდში ნაკრების ღირსებას იცავდნენ, ქუბრიაშვილი კი, მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა. “ტულონმა” “ბორდოს” უმასპინძლა, მეტოქე 44:7 დაამარცხა და პრემიალური ქულაც მიითვალა. მასპინძლებმა საქმე პირველივე ტაიმში მოითავეს, როდესაც ორი ლელოთი, ორი გარდასახვითა და სამი ჯარიმით 23:0 დაწინაურდნენ. 51-ე წუთზე სტუმრებმა საპასუხო ლელო-გარდასახვის გატანა შეძლეს, მაგრამ მასპინძლებმა დასკვნით 10 წუთში პრემიალური ქულის ასაღებად გაიბრძოლეს, სამი ლელო გაიტანეს, რეალიზაციებიც გამოიყენეს და დიდი ანგარიშითაც იმარჯვეს.
უამინდობის გამო გადაიდო გურამ კავთიძისა და ტარიელ რატინიძის შეხვედრა დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის “ტულონთან”, ასევე ბექა შეყლაშვილის “აჟენისა” და ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრის” დაპირისპირება. Top 14-ის XVIII ტურის მატჩები 17-18 თებერვალს გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ უამინდობის გამო, სრულად გადაიდო “ფედერალ 1”-ის მთელი ტურის თამაშები.

სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულუზა - 65 (17 თამაში), 2. კლერმონი - 59 (17 თ.), 3. ტულონი - 50 (17 თ.), 4. კასტრი - 44 (16 თ.), 5. მონპელიე - 44 (17 თ.), 6. სტად ფრანსე - 40 (17 თ.), 7. რასინგ მეტრო - 37 (17 თ.), 8. აჟენი - 36 (16 თ.), 9. ბორდო - 36 (17 თ.), 10. ბრივი - 28 (16 თ.), 11. ბაიონი - 27 (17 თ.), 12. პერპინიანი - 27 (17 თ.), 13. ბიარიცი - 25 (17 თ.), 14. ლიონი - 24 (16 თ.).
 

 

ზურა ქსოვრელი

გორგოძის ლელოა აქ - http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=joe1vivLvpo


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.146387