ამბები

15:07 | 13.02.2012 | ნანახია 2016 - ჯერ

საოცარი მეორე ტაიმი უელსის სასარგებლოდ

უელსის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შოტლანდიას მეორე ნახევრის საწყის 15 წუთში სამი ლელო გაუტანა, ლი ჰალფპენიმ მასპინძლებს 22 ქულა შესძინა და ექვს ერზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
თამაში კარგი სანახავი გამოდგა. ორივე გუნდმა გაშლილი, შემტევი რაგბი აჩვენა, მაგრამ პირველ ნახევარში ორივე გუნდმა საუცხოო დაცვა ითამაშა და მაყურებელმა საწყის 40 წუთში ლელო ვერ იხილა. ანგარიში 22-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს, რომლებმაც 20 ფაზიანი შეტევის შემდეგ, ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და კრეიგ ლეიდლოუმ ის ახლო მანძილიდან სამ ქულად აქცია. უელსმა წონასწორობა შვიდ წუთში, ჰალფპენის 38 მეტრიდან გატანილი ჯარიმით აანაზღაურა, მაგრამ შესვენებამდე შოტლანდიელთა მიეძელების შეჩერა მოუხდა. ამ ყველაფერს ჯორჯ ნორტის ტრავმა დაემატა, მაგრამ მეორე ნახევრის საწყის წუთებში მოედანზე სულ სხვა უელსი გავიდა.
მასპინძლებმა მატჩის განახლებისთანავე შეუტიეს და ორ წუთში თანმიმდევრული, კარგი, გაშლილი შეტევა ლელოთი დაგვირგვინდა. ალექს კატბერტმა ორ მცველს მაღალ სიჩქარეზე გაიარა და “დრაკონები” წინ გაიყვანა, ხოლო ჰალფპენმა რეალიზაცია უნაკლოდ შეასრულა. 45-ე წუთზე სტუმრებს კიდევ ერთი უბედურება ელოდა. მათ ბურთი მეტოქის ნახევარზე დაკარგეს, ჯონათან დევისმა ფეხი წაკრა და მიყვა, ლელო გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ უბურთო უელსელი ნიკ დე ლუკამ შებოჭა და ამით საკუთარი ჩათვლის მოედანი კი იხსნა, მაგრამ თავად სინბინით დაისაჯა.
გუნდებმა ჯერ ჯარიმები გაცვალეს, ხოლო 51-ე წუთზე მასპინძლებმა მეორე ლელო გაიტანეს. მათ კარგად ისარგებლეს რიცხობრივი უპირატესობით, ბურთი ფლანგზე ჩაათამეს, კატბერტმა მარჯვენა ფლანგზე ჰალფპენი მოძებნა, მან ცრუმოძრაობით მცველი ჩამოიცილა და ლამის ძელებსშუამდე ირბინა, რის შემდეგაც რეალიზაციის გამოყენება აღარ გაჭირვებია. 53-ე წუთზე, განზრახ ჯარიმისთვის სინბინით უკვე რორი ლამონტი დაისაჯა და რიცხობრივი მეტობით უელსმა 55-ე წუთზე კიდევ ერთხელ ისარგებლა. შერკინებიდან გატანილი ბურთი კვლავ ჰალფპენის მიუვიდა და მან თავისი მეორე ლელო მიითვალა, რეალიზაციის გატანის შემდეგ კი, ანგარიში 27:6 გახადა.
სტუმრები არ დანებდნენ და კაცნაკლულებმაც კი, სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს. მე-60 წუთზე, მათი სწრაფი შეტევა ლოგიკურად ლელოთი უნდა დასრულებულიყო, რადგან უმეთვალყურეოდ დარჩენილ მარჯვენა ფლანგზე, სტიუარტ ჰოგს დროც ჰქონდა და სივრცეც დარჩენილი ხუთი მეტრის დასაფარად, მაგრამ ბურთი ვერ შეიმაგრა, წინ დაუვარდა, ეს ვიდეორეფერიმ დააფიქსირა და შემტევი გაწბილებული დარჩა. სამ წუთში ჰოგმა უკვე მარცხენა ფლანგიდან შეუტია კარგად და ხაზი გაგლიჯა, ის ჩათვლის მოედნამდე რამდენიმე სანტიმეტრში დაიჭირეს, წარმოქმნილი რაქიდან ბურთი კრეიგ ლეიდლოუმ გამოიტანა და მაშინ, როდესაც ყველა ბურთის გაშლას, ან პირდაპირ დარტყმას ელოდა, ხელით ხაზს იქით გადააცურა. მანვე რეალიზაციით სხვაობა 14 ქულამდე დაიყვანა და დარჩენილ 17 წუთში შოტლანდიამ მამაცად უტია, მაგრამ უელსმა დიდი ძალისმევის ხარჯზე საკუთარი ჩათვლის მოედნის დაცვა მოახერხა და ექვსი ერის მოგების ფავორიტად იქცა.
ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ უცნობია, თუ როდის გაიმართება ყინვის გამო გადადებული საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებების დაპირისპირება. სამაგიეროდ გარკვეულია, რომ III რაუნდში, 25 თებერვალს ირლანდია იტალიას, ინგლისი უელსს, ხოლო 26 თებერვალს შოტლანდია საფრანგეთს უმასპინძლებს.

2012 წლის “ექვსი ერი”. II რაუნდი
11 თებერვალი

იტალია - ინგლისი 15:19 (12:6)
საფრანგეთი - ირლანდია (გადაიდო)
12 თებერვალი
უელსი - შოტლანდია 27:13 (3:3)
 

1 უელსი 2 2 0 0 50-34 4
2 ინგლისი 2 2 0 0 32-21 4
3   საფრანგეთი 1 1 0 0 30-12 2
4  ირლანდია 1 0 0 1 21-23 0
5  შოტლანდია 2 0 0 2 19-40 0
6 იტალია 2 0 0 2 27-49 0



III რაუნდი. 25-26 თებერვალი
ირლანდია - იტალია
ინგლისი - უელსი
შოტლანდია - საფრანგეთი
IV რაუნდი. 10-11 მარტი
უელსი - იტალია
ირლანდია - შოტლანდია
საფრანგეთი - ინგლისი
V რაუნდი. 17 მარტი
იტალია - შოტლანდია
უელსი - საფრანგეთი
ინგლისი - ირლანდია
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08658