საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მადრიდში ესპანეთთან 18:25 წაგებული მატჩის შედეგად, რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყოველვირეულ რეიტინგში 1,77 ქულა დაკარგა და ერთი საფეხურით დაქვეითდა.
ვარდნა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, ქართველ მორაგბეებს დასკვნით ნახევარ საათში რომ არ ებრძოლათ და 8:25-ის შემდეგ სხვაობა შვიდ ქულამდე არ დაეყვანათ. ახლა ქართველების ზევით იაპონია უბრძოლველად აღზევდა, ჩვენს ქვევით კი, მე-16 ადგილზე ფიჯის ნაკრებია. დაკარგულის ანაზღაურება ქართველ მორაგბეებს თებერვლის ბოლოს, მარტის შუამდე შეეძლებათ, ოღონდ ერთმანეთის მიყოლებით პორტუგალიის, რუმინეთისა და რუსეთის ნაკრებები უნდა დაამარცხონ.
მოგებამ ესპანელებსაც ამდენივე ქულა შესძინა და ისინი თავიანთთვის სარეკორდო - მე-19 საფეხურზე აღზევდნენ. ოცეულში ესპანელები პირველად მოხვდნენ. მათ უკან ნამიბიის, ურუგვაისა და რუსეთის ნაკრებები მოიტოვეს. რუსებმა ლისაბონში პორტუგალიის დაძაბულ ბრძოლაში 33:32 ძლევით, 1,15 ქულა მიიღეს, მაგრამ რადგან ესპანეთმაც იმარჯვა, მე-20 საფეხურს ვერ ასცდნენ, უბრალოდ, მათ წინ ახლა ნამიბიის ნაცვლად ესპანეთის ნაკრებია. აღსანიშნავია, რომ ერთი ხანობა, პორტუგალიის ნაკრები 20:9-ს იგებდა, მაგრამ რუსებმა იმდენი მოახერხეს, რომ 33:20 დაწინაურდნენ. მერე მასპინძლებმა გაიბრძოლეს, მაგრამ სხვაობის მინიმუმამდე დაყვანაღა შეძლეს.
ამ მატჩში პორტუგალიამ 4 ლელო გაიტანა და შვიდ ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხისთვის და 4 ლელოს გატანისთვის 2 ქულა (თითო-თითო პრემიალური) მიიღო. რუსებმა მხოლოდ 3 ლელო გაიტანეს. საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქე პორტუგალიამ, ქულები კი დაკარგა, მაგრამ რეიტინგში 24-ე ადგილი შეინარჩუნა.
რეიტინგში სხვა ცვლილებები არ მომხდარა, უბრალოდ, ინგლისმა რომში იტალიის 19:15 ძლევით რეიტინგს 0,47 ქულა შემატა და კვლავ მე-5 ადგილზეა. მე-12 საფეხურზე რჩება იტალია. უელსმა შინ შოტლანდია 27:13 დასცა, რისთვისაც მხოლოდ 0,14 ქულა მიიღო და მე-6 ადგილზე რჩება, სქოთები კი, კვლავაც მე-11-ზე არიან. შეგახსენებთ, რომ ექვსი ერის კიდევ ერთი თამაში, საფრანგეთსა და ირლანდიას შორის, მოედნის მოყინვის გამო გადაიდო, ისევე, როგორც რუმინეთისა და უკრაინის დაპირისპირება.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 13 თებერვლისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 91,43
2 (2). ავსტრალია 87,99
3 (3). საფრანგეთი 84,70
4 (4). სამხრეთ აფრიკა 84,34
5 (5). ინგლისი 82,81
6 (6). უელსი 81,15
7 (7). არგენტინა 80,28
8 (8). ირლანდია 79,25
9 (9). ტონგა 76,63
10 (10). სამოა 75,81
11 (11). შოტლანდია 75,30
12 (12). იტალია 73,53
13 (13). კანადა 72,92
14 (15). იაპონია 70,45
15 (14). საქართველო 69,32
16 (16). ფიჯი 68,78
17 (17). აშშ 65,63
18 (18). რუმინეთი 64,21
19 (22). ესპანეთი 62,10
20 (20). რუსეთი 61,69
21 (19). ნამიბია 61,24
22 (21). ურუგვაი 60,47
23 (23). ჩილე 59,52
24 (24). პორტუგალია 57,91
25 (25). ბელგია 57,02
26 (26). ჰონკონგი 56,51
27 (27). მაროკო 56,13
28 (28). მოლდოვა 54,94
29 (29). პოლონეთი 54,80
30 (30). ყაზახეთი 53,62
31 (31). კორეა 53,36
32 (32). უკრაინა 53,22
33 (33). ზიმბაბვე 52,40
34 (34). ბრაზილია 51,57
35 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია