ამბები

16:46 | 14.02.2012 | ნანახია 2780 - ჯერ

შაბათ-კვირას გარდამავალი ტურნირი იწყება

ამ შაბათ-კვირას, 18-19 თებერვალს, 2012 წლის საქართველოს რაგბის კავშირის გარდამავალი, საგაზაფხულო ტურნირი იწყება უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებს შორის.

შეგახსენებთ, სრკ-ს გადაწყვეტილებით, ამ წლიდან საქართველოს ჩემპიონატი შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით ჩატარდება, რამაც ქვეყნის ნაკრებ გუნდებს მოსამზადებლად უკეთესი პირობები უნდა შეუქმნას. ამასთან, ქართულ კლუბს, თუ მას ევროთასებზე მონაწილეობის სურვილი ექნება, ამაში ხელს კალენდარიც შეუწყობს.
ევროთასები ვახსენეთ და ბარემ ვთქვათ, რომ 2012-2013 წლების “ჩელენჯ ქაფზე”, ქართული კლუბი კვლავ არ ითამაშებს. ორგანიზატორები მინიმუმ 5-წლიან გარანტიას ითხოვენ იმისა, რომ ქართული კლუბი ტურნირს არ გამოაკლდება, ამის გაკეთება კი, ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამასთან, ამჟამად მიდის მუშაობა ზემოთ ნახსენები ტურნირის ფორმატის შეცვლაზე და ქართული მხარე ჯერ თავის შეკავებას ამჯობინებს.
ახლა რაც შეეხება გარდამავალ ტურნირს, საგაზაფხულო თასს. მასში მონაწილეობას 26 კლუბი მიიღებს და ის სამ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე ის 8 გუნდი, რომლებიც გასულ ჩემპიონატში უმაღლეს ლიგაში თამაშობდნენ, პლუს ის 2 კლუბი, რომლებმაც უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვეს, ისვენებენ. შეჯიბრში ჩაერთვება პირველი ლიგის 16 კლუბი და ისინი ორ, დასავლეთ და აღმოსავლეთ დივიზიონებად იქნებიან დაყოფილი.
დასავლეთის დივიზიონში 6 გუნდია: ქუთაისის “ბაგრატი”, ფოთის “კოლხი რაინდები”, ოზურგეთის “არწივები”, საჩხერის “ჯრუჭი”, ბათუმის “დელფინები” და სენაკის “ნოქალაქევი”. ისინი ხუთ რაუნდად, ერთ წრედ ითამაშებენ. აღმოსავლეთ დივიზიონში ჯერ შესარჩევი ეტაპი გაიმართება და მასში 10 კლუბი ითამაშებს: პროვინციული გუნდი მხოლოდ პატარძეულის “ვეფხვებია”, დანარჩენი 9 კი, თბილისს წარმოადგენს - “ხულიგანა”, “თიბისი”, “დევები”, “დინამო”, “ტორნადო”, სტუ, “ბარბაროსები”, “მგლები” და “ივერია”.
საწყის ეტაპზე ეს 10 გუნდი ერთმატჩიან პლეი ოფში გაარკვევენ იმ 5 გუნდის ვინაობას, რომლებიც გათამაშებაში მონაწილეობას გააგრძელებენ. მასპინძელი გუნდის ვინაობა კენჭისყრის შედეგად დადგინდება, მერე კი, დარჩენილი 5 გუნდი ერთ წრედ, 5-რაუნდიან ჩემპიონატს ჩაატარებს. დივიზიონების გამარჯვებული გუნდები თასისთვის ბრძოლას მეორე ეტაპზე 10 საუკეთესოსთან ერთად გააგრძელებენ. 
აღმოსავლეთ დივიზიონში შესარჩევ პლეი ოფში მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ გუნდს, რომელიც კონკრეტულ შეხვედრაში მეტ ლელოს გაიტანს; მიიღებს ნაკლებ დისციპლინარულ სასჯელს (წითელი-ყვითელი ბარათი); რეიტინგში უკეთესი ადგილი უკავია. ჯგუფურ ეტაპზე იმოქმედებს ბონუს ქულათა დარიცხვის ფრანგული სისტემა. გამარჯვებული იღებს ოთხ ქულას, ფრეზე 2 ქულაა, სამით მეტი ლელოს გატანა, ან 7 და ნაკლები ქულით მარცხი - ერთი პრემიალური ქულა.
II ეტაპზე 12 გუნდი ორ 6-გუნდა ჯგუფში განაწილდება. I ჯგუფში ითამაშებენ თბილისის “არმია”, “ლელო”, “არმაზი”, “ყოჩები”, ბათუმის “ბათუმი XV” და დასავლეთ დივიზიონის გამარჯვებული. II ჯგუფში მოხვდნენ ქუთაისის “აია”, რუსთავის “ხარები”, თბილისის “ლოკომოტივი”, “აკადემია” და “ჯიქები” და აღმოსავლეთ დივიზიონის გამარჯვებული. თამაშები აქაც ერთ წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც, ჯგუფის პირველადგილოსნები მეორე ჯგუფის მეორეადგილოსნებს ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან. აქ უკვე ორ-ორი თამაში გაიმართება, შინ და გარეთ და გამარჯვებულები თასის მფლობელის ვინაობას ფინალში გაარკვევენ.
II ეტაპის დაწყება 12 მარტს იგეგმება, ფინალი კი, 26-27 მაისს შედგება.
 
აღმოსავლეთ დივიზიონის შესარჩევი პლეი ოფი
18 თებერვალი
ხულიგანა - ივერია 
თიბისი - მგლები 
19 თებერვალი
ტორნადო - პატარძეული
დევები - ბარბაროსები 
დინამო - სტუ 
 
დასავლეთ დივიზიონი
I ტური
18 თებერვალი
დელფინები - კოლხი რაინდები 
19 თებერვალი
ნოქალაქევი - ბაგრატი 
არწივები - ჯრუჭი 
II ტური. 26 თებერვალი
ნოქალაქევი - კოლხი რაინდები
ჯრუჭი - დელფინები 
არწივები - ბაგრატი 
III ტური. 3-4 მარტი
კოლხი რაინდები - ჯრუჭი 
ბაგრატი - დელფინები 
ნოქალაქევი - არწივები 
IV ტური. 11 მარტი
კოლხი რაინდები - არწივები 
ჯრუჭი - ბაგრატი 
დელფინები - ნოქალაქევი 
V ტური. 18 მარტი
ბაგრატი - კოლხი რაინდები 
ჯრუჭი - ნოქალაქევი 
არწივები - დელფინები 
 
ზურა ქსოვრელი
 

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.075954