საქართველოს მორაგბეთა A ნაკრები, რომელიც მარტის ბოლოს ბრიტანულ ტურნეში მიემგზავრება, ერთ შეხვედრას უელსის პრემიერლიგის კლუბების ნაკრებთან გამართავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს A ნაკრები ბრიტანულ ტურნეზე გასულ წელსაც იმყოფებოდა და იქ ორი თამაში ჩაატარა. ქართველმა მორაგბეებმა ბრიტანული არმიის გუნდი 30:17, ხოლო ოქსფორდის უნივერსიტეტის ნაკრები 38:13 დაამარცხეს. წელს ლევან მაისაშვილის შეგირდებს, სავარაუდოდ, სამი თამაშის ჩატარება მოუწევთ. მომავალი მეტოქეთა ვინაობა ჯერ საბოლოოდ შეთანხმებული არაა, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ 27 მარტს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე, უელსის ქალაქ ბრიჯენდში, ქართველთა მეტოქე უელსის პრემიერლიგის კლუბების ნაკრები იქნება.
უელსის პრემიერლიგაში 15 კლუბი თამაშობს და საუკეთესო მორაგბეები მათგან შეირჩევა. გუნდს ადგილობრივი კლუბების მწვრთნელები უხელმძღვანელებენ. საგულისხმოა, რომ აქამდე საქართველოს ნაკრებს უელსელთა წინააღმდეგ არასდროს უთამაშია და ეს პირველი ნათლობა იქნება. უელსის რაგბის კავშირის პრეზდენტი ჯო ლაიდონი მომავალ თამაშზე დიდ იმედებს ამყარებს. მას ხიბლავს შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი კლუბის მორაგბეებს თავის გამოჩენის შანსი ახალ ზელანდიაში, მსოფლიო თასზე წარმატებით მობურთალ გუნდთან ექნებათ.
აქ დასაზუსტებელია ერთი ნიუანსი. გასულ წელს, ბრიტანულ ტურნეზე საქართველოს A ნაკრების გამგზავრებაც კი ვერ მოხერხდა და მწვრთნელებმა პრაქტიკულად მესამე შემადგენლობა წაიყვანეს, თუმცა, ბრიტანული პრესა გამუდმებით ირწმუნებოდა, რომ მათ საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშეს. სიტუაცია ახლაც არ შეცვლილა და უელსის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ქვეყნის პრემიერლიგის კლუბთა ნაკრები იმ გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს, რომელმაც ზელანდიაში რუმინეთი დაამარცხა და შოტლანდიას დიდი ბრძოლა გაუმართა.
“მოხარული ვარ, რომ თამაშის ჩატარებაზე ასეთი დონის ნაკრებს შევუთანხმდით. პრემიერლიგის კლუბები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი ეროვნული გუნდისთვის და მომავალი მატჩი ერთგვარი ზეიმი იქნება. დარწმუნებული ვარ, მწვრთნელები ნიჭიერ ახალგაზრდებს შეარჩევენ, ძლიერ გუნდს შეკრებენ და ბრწყინვალე გუნდის წინააღმდეგ მორაგბეები ძლიერად ითამაშებენ. ყველას სურს, რომ საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცოს. ვფიქრობ, საუკეთესო საღამო გვექნება. პრემიერლიგის კლუბის მორაგბეებს საუკეთესო შესაძლებლობა ეძლევათ” - ამბობს ლაიდონი.
უელსელები რას ფიქრობენ ერთია და მეორეა ის, თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსთვის A ნაკრებს და მის მიერ ჩატარებულ შეკრებებს და შეხვედრებს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ახალი ციკლი იწყება, თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს და საქართველოს ნაკრებსაც ახალი მწვრთნელები ჰყავს. მილტონ ჰეიგი და კრის გიბსი, გუნდს ბრიტანეტში გაჰყვებიან და საკუთარი თვალით იხილავენ იმ უახლოესი რეზერვის თამაშს, რომლებმაც სამომავლოდ ეროვნულ გუნდში წამყვანი პოზიციები უნდა დაიკავონ. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორი იქნება საქართველოს A ნაკრების შემადგენლობა. სრული სია, სავარაუდოდ, ევროპის ერთა თასის დასრულების შემდეგ (17 მარტი) გამოქვეყნდება და მწვრთნელებს გამგზავრებამდე სულ 3-4 დღე ექნებათ მოსამზადებლად.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია